საქართველო, როგორც სამოთხე ფოტომემატიანის ობიექტივში - კვირის პალიტრა

საქართველო, როგორც სამოთხე ფოტომემატიანის ობიექტივში

"ჩემს მრავალფეროვან არჩევანს შორის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ფოტოგრაფიის ასე უკიდეგანოდ შეყვარება იყო"

16 საავტორო ალბომი და 12 ფოტოალბომი ციკლიდან "ჩემი საქართველო", ასევე არაერთი ღია ბარათი და რაც მთავარია, მისი დაუვიწყარი, სულ სხვა რაკურსით დანახული ფოტოკადრები გულგრილს არავის ტოვებს. ცნობილ ფოტოგრაფს ბადრი ვადაჭკორიას ასზე მეტი ქვეყანა აქვს მოვლილი, მაგრამ როგორც ამბობს, სულით ხორცამდე ქართველია და მისთვის საქართველო სამოთხეა, რომლის ბუნების ფოტოკადრებსაც მსოფლიოს თავისი შემოქმედებით აცნობს. "კვირის პალიტრა" ქართული ფოტოგრაფიის მემატიანეს ესაუბრა.

- მე-5 ან მე-6 კლასში ვიქნებოდი, როდესაც პირველად გავაჩხაკუნე ფოტოაპარატი "ზორკი ესი", რომელიც მამაჩემმა მიყიდა. მას შემდეგ აგერ რამდენიმე ათეული წელია, ხელიდან არ გამიგდია და ვხვდები, რომ ჩემს მრავალფეროვან არჩევანს შორის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ფოტოგრაფიის ასე უკიდეგანოდ შეყვარება იყო. წლების განმავლობაში საქართველოში თითქმის ყველა ბეჭდური გამოცემის შტატგარეშე კორესპონდენტი ვიყავი. ვწერდი კიდეც, თუმცა რატომღაც ყველამ ფოტოებით გამიცნო.

ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ფოტოგრაფმა და ალპინისტმა გურამ თიკანაძემ, რომელიც შხარადან დაშვებისას ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა. მან გადამაწყვეტინა ფოტოგრაფობა და თანდათან გადავეშვი ამ საქმეში.

90-იანი წლების მიწურულიდან მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა მოვიარე. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ სულით ხორცამდე ქართველი ვარ და, ალბათ, ამიტომ არ გადავრეულვარ სხვა ქვეყანაზე. თუ შემეკითხებიან, რომელია ჩემი საოცნებო ქვეყანა, ვუპასუხებ, რომ საქართველო, ისეთი, როგორიც ეროვნული მოძრაობის დროს იყო, ერთიანი და შეკრული... მაშინდელი ფოტოები ძალიან ძვირფასია ჩემთვის, მით უფრო, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან პირდაპირი ურთიერთობა და როგორც აღმოჩნდა, მათი ფოტოც ყველაზე მეტი მე მქონდა. ერთ დღესაც მერაბი მესტუმრა და ფოტოები ვაჩუქე. ერთ-ერთ მათგანზე სამახსოვროდ ასეთი წარწერა დამიტოვა: "ძმაო, ბადრი, გისურვებ მალე ერთად და ლაღად გვეცხოვროს თავისუფალ საქართველოში... 1988 წლის 27 ოქტომბერი". ამ ფოტოს დღემდე სასოებით ვინახავ... მალე დაიღუპა კიდეც. ჩემი გადაღებული ფოტოებით გააცილეს, მისი დაკარგვა დიდი ტრაგედია იყო.

- შემდეგაც არაერთ ლიდერთან მოგიწიათ მუშაობამ, ასევე, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრამ.

- დიახ, ჯერ ედუარდ შევარდნაძესთან, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან 2 წელს და 6 თვეს ვიმუშავე... ის ძალზე იმპულსური იყო, როდის რას მოიმოქმედებდა, ვერ მიხვდებოდი. სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ და არასდროს მიჭირს იმ სიკეთეებზე საუბარი, რაც რომელიმე ლიდერს გაუკეთებია და ამაში სათაკილოს ვერაფერს ვხედავ...

ასეთი თვისება მაქვს - დაყენებულ, ანუ წინასწარ მომზადებულ კადრებს არ ვიღებ, რადგან ყველაზე ნამდვილი და ბუნებრივი მაშინ არის ადამიანი, როდესაც ფოტოს მოულოდნელად უღებ, თუ ის პროფესიონალი მსახიობი არ არის და საკუთარი პერსონის საუკეთესო მხრით წარმოჩენას ცდილობს.

ემოციების გაკონტროლებაში გამორჩეული იყო ნურსულთან ნაზარბაევი და არის ვლადიმირ პუტინი. შესაძლოა კა-გე-ბეს სკოლა თავისას შვრება.

სხვათა შორის, უცხოეთში პირველად 1988 წელს გავემგზავრე, იუგოსლავიაში, ყველა საბჭოელისთვის საოცნებო ქვეყანაში, რომელიც მაშინ ნახევრად კაპიტალისტური, ძლიერი სახელმწიფო იყო თავისი შემადგენელი ულამაზესი რესპუბლიკებით.

მას შემდეგ უამრავი საინტერესო ადამიანი ვნახე, უკიდურესად გაჭირვებულიც და მილიარდერიც.

1993 წელს ამერიკის ქუჩებში უამრავი უპოვარი ვნახე და გავოგნდი. იმ დროს საქართველოს უმძიმესი წლები ჰქონდა გამოვლილი და არეულობა კიდევ გრძელდებოდა, მაგრამ მათხოვრები არ გვყავდა. მოგვიანებით ერთბაშად გამოვიდნენ და ბევრმა პროფესიადაც კი გაიხადა, ზოგმა თავმოყვარეობა დაკარგა, რაც ძალიან მტკენს გულს.

სიმდიდრის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, მაგრამ ყველგან ცდილობენ კარგად ცხოვრობდნენ. არიან ისეთებიც, რომლებიც ამისკენ დიდად არ მიილტვიან, მაგალითად, ინდოეთში არიან ტომები, რომლებიც იმითაც კმაყოფილდებიან, რაც აქვთ. ორი უკიდურესობაა - არიან ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები...

აღტაცებული ვარ თურქი ხალხის შრომისმოყვარეობით, იქ ოთხ წელიწად-ნახევარი ვიცხოვრე და ვიმუშავე. ანკარაში დიპლომატიური მისიის ეგიდით ვიყავი. იმ დროის განმავლობაში ქვეყანა სრულიად შეიცვალა და განვითარდა... 1996 წელს რამდენიმესართულიან კორპუსში იყო ჩვენი საელჩო განთავსებული, ქალაქის განაპირას, იმის იქით მინდვრები იწყებოდა. იქ მწყემსები ცხვრის ფარას აძოვებდნენ, მოშორებით სოფლის მოსახლეობაა მიმოფანტული. 3 წლის შემდეგ რომ ჩავედი, იმ ადგილას მეგაპოლისი დამხვდა.

ქართველ ერზე უკეთესი არსად მეგულება, საოცარი თვისებების ხალხი ვართ, მაგრამ ამ ბოლო დროს შინ შრომა გვეზარება, სხვაგან კი თავდაუზოგავად ვირჯებით.

ასევე ძალიან პატივსაცემი ხალხია ჩინელები, ზოგჯერ ერთი მუჭა ბრინჯისთვის მთელი დღე მუხლებამდე წყალში დგანან. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ამერიკის შემდეგ იქ ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. საქართველოში ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს, ქვეყნის საქმეც უკეთესად იქნება.

უფალმა ულამაზესი და უმდიდრესი ქვეყნით დაგვაჯილდოვა, სადაც მხოლოდ ხელი უნდა გაანძრიო და მშიერი არ იქნები. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მყავს მეგობარი, რომლებიც ხშირად ჩამოდიან და ყველა მათგანს აღმოუჩენია "თავისი წილი" საქართველო.

- თავად რომელ ქვეყანაზე შეგიძლიათ ასე თქვათ? - საქართველოს გარდა ვერსად ვიცხოვრებ, მაგრამ ძალიან მომწონს ნეპალი, თავისი მუდამ მხიარული ხალხით და განსხვავებული არქიტექტურით.

ამდენს დავდივარ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ საქართველოს ბუნების საგანძური სრულად არა მაქვს დათვალიერებული, თან სადმე შორს კი არა, ხშირად აქვე, ჩვენს ყურისძირში. მაგალითად, არც ვიცოდი და სხვებმაც არ იციან ლეღვთახევის ჩანჩქერის შესახებ, რომელიც აბანოთუბანშია. იქიდან ხეობამდე და იქვე არსებულ პარკამდე ველოსიპედის ბილიკიც არის და საფეხმავლოც. წინა ხელისუფლების დროს გაიხსნა და ახლა მისი რეკონსტრუქცია დასრულდა.

მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, ყველას მადლიერი ვარ, ვინც ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის თუნდაც ერთი აგური დადო. ამ მიწაზე დავაბიჯებ და როგორ არ ვთქვა, როგორ არ ვამცნო ყველას ჩემი ფოტოებით, რაც კეთდება?! რა შუაშია პოლიტიკა? ახლაც პირველად თქვენთან ვიტყვი, რომ აწყურის ციხისა და ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს. 29 მაისს მაქვს დაბადების დღე და მეგობრებმა ორი დღით ადრე სწორედ იქ გადამიხადეს იუბილე. ბედნიერი ვიყავი, როდესაც იქაურობას ვათვალიერებდი. რაც მეტი სილამაზე შეიქმნება, აშენდება, ყველასთვის კარგია, რადგან რაც მეტი მშვენიერების აღქმის შესაძლებლობა აქვს ადამიანს, მეტად მდიდარი და ბედნიერია.

- ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია თქვენმა ფოტოებმა, რომლებიც დენდროლოგიურ პარკში გადაიღეთ.

- სიამოვნებით ვიტყვი, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ვერ ნახავთ ასე მოვლილ, ფლორა-ფაუნით მდიდარ და მრავალფეროვან პარკს, როგორიც შეკვეთილშია. გამორჩეულია დიდი ტბითაც, სადაც 45-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს, მათ შორის წეროები, ვარხვები... ყველასთვის იდენტური გარემოა შექმნილი, თუ არ ჩავთვლით ფლამინგოებს, რომელთათვისაც გამჭვირვალე ბადეა გაკეთებული, რომ არ გაფრინდნენ. ვნახე იშვიათი ხალებიანი ირმებიც, მხიარული ლემურები. პარკში ძალზე საინტერესო საუკუნოვანი ხეებია. სეკვოიას სანახავად სან-ფრანცისკოში გადავფრინდი, ახლა ამ პარკშიც გვაქვს და მისი ნახვა ყველას შეუძლია.

- რა გასწავლათ და რა მოგცათ ფოტოგრაფიამ?

- მასწავლა ადამიანების, ბუნების სიყვარული და კეთილი ძალის ძებნა. მან ყველაფერი მომცა. იუბილე ვახსენე და, 99 997-მა კაცმა მომილოცა, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით განსხვავებული პირებიც იყვნენ, მეც მაქვს ჩემი სიმპათია-ანტიპათია, მაგრამ სილამაზემ, რომელსაც ჩემს ფოტოებში ნახულობენ, ყველა გააერთიანა, ეს კი ყველაფერია ჩემთვის. ლაღად და თავისუფლად ვცხოვრობ, რადგან სიცოცხლე, სილამაზე და სიკეთე მიყვარს და ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ ადამიანს, რომელსაც მშვენიერების დანახვის უნარი აქვს, ესე იგი, მას სიყვარულიც შეუძლია. ასე რომ, ადამიანებო, გიყვარდეთ, გიყვარდეთ, გიყვარდეთ სიცოცხლე, სილამაზე და ერთმანეთი!