უჩინარი ოსტატი - კვირის პალიტრა

უჩინარი ოსტატი

"ავღანეთში ჩასულს, ჩვენს ეკლესიაში სხვა მოძღვარი დამხვდა. როცა ვკითხე, მამაო, თუ იცი, ეს სალოცავი ვინ ააშენა-მეთქი, მითხრა, ოქროს ხელებმაო! ვისი იყო ეს ხელები-მეთქი? როგორ თუ ვისი, ჯარისკაცისო. ის ჯარისკაცი მე ვარ-მეთქი, ვუთხარი და მან გულში ჩამიკრა! მინდა ეს სითბო იღვრებოდეს

იმ ჩვენი ბიჭების სულშიც, ვინც ამ ტაძარში სალოცავად შევა"

გმირები! - ეს არის ერთადერთი სახელი, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის ქართული კონტინგენტის შესახებ გვახსენდება და ასეც არის! მათ შორის სერჟანტი გია კურტანიძე ის გმირია, რომელმაც ამ შორეულ ქვეყანაში საქართველოს სიმბოლო შექმნა. სერჟანტმა ფარვანის პროვინცია ბაგრამის ბაზაში, პრაქტიკულად, მარტომ ააშენა ეკლესია ქართველი ჯარისკაცებისათვის. თუმცა ამ ეკლესიაში მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები როდი მიდიან - ნაგებობა, რომელსაც საუცხოო არქიტექტურული სტილი აქვს, ნებისმიერ მნახველს ხიბლავს. სერჟანტმა ეს ეკლესია უდაბნოს ქვებით ააგო იმ ქართველი ბიჭებისთვის, ვინც აქ განსაცდელისას უფლის დახმარებას ეძებს.

- ჯარისკაცი ვარ - სამშობლოს ვემსახურები. ამიტომაც მოვხვდი 2013 წელს ავღანეთში, იქ, სადაც ნებისმიერი ჯარისკაცი შეიძლება დიდ განსაცდელს გადაეყაროს. ერთხელაც მივიხედ-მოვიხედე და რა დავინახე! ირგვლივ ყველას თავისი სალოცავი ჰქონდა: კათოლიკეებს კათოლიკური ეკლესია, მუსლიმანებს - მეჩეთი. არ იყო მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია. მხოლოდ ჩვენი, ქართველი მღვდელი ვერ პოულობდა სანთლის დასანთებ ადგილს. ამის შემხედვარეს რა გასაკვირია, ჩვენი ბიჭებისთვის ეკლესიის აშენება რომ გადავწყვიტე!

- ასეთი ადვილია ეკლესიის აშენება და თანაც ავღანეთში?

- იმ წუთში სულაც არ მიფიქრია სიძნელეზე, ან რატომ უნდა მეფიქრა, რა არის ისეთი, რაც ადამიანს მთელი სულით და გულით უნდა და ვერ გააკეთოს! მოკლედ, მივედი მეთაურთან და ვუთხარი, ეკლესია მინდა ავაშენო-მეთქი. როგორო? ეგ მე ვიცი-მეთქი და, იმ დღიდან მე და რამდენიმე ქართველმა 7 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე ავღანური უდაბნოს ქვების შეგროვება დავიწყეთ. ამ საკმაოდ მძიმე სამუშაოს რამდენიმე კვირა მოვანდომეთ, მხოლოდ ბრტყელ და ლამაზ ქვებს ვაგროვებდით, მერე მანქანით ჩამოვივლიდით და მშენებლობის ადგილზე მიგვქონდა. ბოლოს ქვების დიდი მთები რომ დავდგით, ეკლესიის აშენება დავიწყე.

- მართლაც ორიგინალური ნაგებობაა - ქვები მავთულის ბადეებში ჩაგილაგებიათ და ამგვარად შეგიქმნიათ სამშენებლო ფილები.

- მაგ საქმეს უზარმაზარი ძალ-ღონე შევალიე. ამერიკელები მავთულის ბადეებით ავღანეთში მხოლოდ ტერიტორიებს ღობავენ. "ფილების" შესადგენად საჭირო იყო მავთულების დაჭრა და შიგ ასეულობით ქვის პროპორციულად ჩალაგება. როგორც კი შევამჩნევდი რომელიმე ქვა არასწორად იდო, ამოვყრიდი და თავიდან ვალაგებდი.

- წარმომიდგენია, ხელები რა დღეში გექნებოდათ.

- სულ დასერილი და დაჭრილი მქონდა წვეტიანი ქვებითა და მავთულით. სამაგიეროდ, ლამაზი ნაგებობა გამოვიდა. როცა ვაშენებდი, უამრავი ხალხი მოდიოდა სანახავად, რას აკეთებ, ვინ ხარო? სულ სხვადასხვა ეროვნების ბიჭები იღებდნენ სურათებს ჩემთან სამახსოვროდ. მეც ისე მახარებდა, რასაც ვაკეთებდი, სადილზეც კი არ მივდიოდი, ბიჭებს მოჰქონდათ. სამაგიეროდ, ღამით როცა ვიძინებდი, დილამდე, რომ იტყვიან, მიცვალებულივით გაუნძრევლად ვიყავი.

- რამდენ ხანში დაასრულეთ?

- იმ წელიწადს დასრულება ვერ მოვახერხე, ეს მხოლოდ მაშინ შევძელი, როდესაც 2018 წელს ავღანეთში მეორედ წავედი. ვერ წარმოიდგენთ, სანახავად ვინ და რა სარწმუნოების ადამიანი აღარ მოდიოდა. გამოვტყდები და, უამრავჯერ გავიფიქრე სიამაყით, ყოჩაღ შენ, ჭიათურელო ბიჭო, თავი მთელ მსოფლიოს გააცანი-მეთქი.

- როგორც ვიცი, ამ ნაგებობით ავღანეთში ჩასული ქართველი მაღალჩინოსნებიც ამაყობენ. იციან, რომ თქვენ ააშენეთ? - არა, არ იციან და მგონი, არც აინტერესებთ. ამაზე ხანდახან გული მწყდება, თუმცა რომ გამახსენდება, რატომ და ვისთვის ვიშრომე, წყენა გადამივლის ხოლმე. მთავარია, ქართველ ბიჭებს ავღანეთში სალოცავი ჰქონდეთ, მღვდელს კი სანთლის დასანთები ადგილი. როდესაც კიდევ ჩავედი ავღანეთში, ჩვენს ეკლესიაში სხვა მოძღვარი დამხვდა. როცა ვკითხე, მამაო, თუ იცი, ეს სალოცავი ვინ ააშენა-მეთქი, მითხრა, ოქროს ხელებმაო! ვისი იყო ეს ხელები-მეთქი? და მეღიმებოდა... როგორ თუ ვისი, ჯარისკაცისო. ის ჯარისკაცი მე ვარ-მეთქი, ვუთხარი და მან გულში ჩამიკრა! აი, ეს სითბოა ყველაფერი. მინდა ეს სითბო იღვრებოდეს იმ ჩვენი ბიჭების სულშიც, ვინც ამ ტაძარში სალოცავად შევა.