გზა მარსისკენ მთავრეზე ტრანზიტით - რას ჰყვება ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელი? - კვირის პალიტრა

გზა მარსისკენ მთავრეზე ტრანზიტით - რას ჰყვება ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელი?

"კვირის პალიტრა" აგრძელებს ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC/Space Expo) ვიზიტორთა ცენტრის თანამშრომელ დალი უბილავა-დე გრააფთან. ამჯერად ჩვენი საუბრის თემაა კომპანია "სფეის იქსი" (SpaceX) და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაშვებული პილოტირებული ეკიპაჟი, ისტორიული ფრენის მნიშვნელობა და კოსმოსური პროგრამების სიახლეები.

რატომ არის ეს პილოტირებული მისია მნიშვნელოვანი ამერიკისთვის?!

კოსმოსის ისტორიაში პირველი პილოტირებული მისია შედგა, რომელიც კერძო კომპანია "სფეის იქსმა" განახორციელა. აქამდე ამას აკეთებდნენ მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციები, როგორიც არის "ნასა" და "როსკოსმოსი" და არ ყოფილა პრეცედენტი, რომელიმე კომერციულ კომპანიას ადამიანები კოსმოსში გაემგზავრებინა.

პირველად კოსმოსის ისტორიაში ილონ მასკის კომერციულ კომპანიას ხვდა წილად, განეხორციელებინა პილოტირებული მისია. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ცივი ომის პერიოდში, ამერიკასა და სსრკ-ს შორის კოსმოსის ათვისების პროგრამებში მუდმივი შეჯიბრება იყო. ამ სფეროში საბჭოთა კავშირს ბევრი მიღწევა ჰქონდა, მაგრამ არც ამერიკელები ჩამოუვარდებოდნენ, განსაკუთრებით - მთვარის პროგრამებით. "ნასას" ძალიან ცნობილი პროგრამა "სფეის შათლი" (მრავალჯერადი გამოყენების პილოტირებული სატრანსპორტო კოსმოსური ხომალდი), რომელიც 80-იან წლებში შეიქმნა, 2011 წელს დაიხურა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი - ძალიან ძვირი იყო; "სფეის შათლის" თითოეული გაშვება დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი ჯდებოდა და მეორე, უფრო მთავარი - "სფეის შათლი" სათანადოდ ვერ იცავდა ასტრონავტების უსაფრთხოებას, გარანტია დაახლოებით 30% იყო, რაც ძალიან დაბალია.

"სფეის შათლის" "კოლუმბიის" ტრაგედიის შემდეგ ეს პროგრამა დაიხურა და 2011 წლიდან ამერიკელები რუსეთის კოსმოსურ სააგენტოზე - "როსკოსმოსზე" გახდნენ დამოკიდებული. 2011 წლიდან დღემდე მსოფლიოს ყველა კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი, ჩინელი ტაიკონავტების (ასე უწოდებენ ჩინელები ასტრონავტებს) გარდა, კოსმოსში მიემგზავრება რუსეთის მეშვეობით და რუსული, 1966 წელს სერგეი კარალიოვის მიერ შექმნილი "სოიუზ-კაფსულით", რომელიც "სოიუზ" რაკეტაში თავსდება და უკანაც იმავე კაფსულით ბრუნდებიან.

გარდა ამისა, "სოიუზ" კაფსულით ერთი არარუსი ასტრონავტის გამგზავრების ღირებულება 2011 წლიდან დღემდე 30 მილიონიდან დაახლოებით 90 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამერიკის, ევროპის, იაპონიის, კანადის კოსმოსური სააგენტოები ამ თანხას უხდიდნენ "როსკოსმოსს" მათი ასტრონავტის კოსმოსურ სადგურზე გამგზავრებასა და უკან მშვიდობიანად დაბრუნებაში. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ეს უნიკალური "სოიუზ" კაფსულა დღემდე ითვლება კოსმოსის პილოტირებული მისიებისთვის ყველაზე უსაფრთხო საშუალებად. ცხადია, ამერიკის კოსმოსური სააგენტო "ნასა" ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, მიუხედავად რუსეთზე დამოკიდებულებისა, განაგრძობდა ინტენსიურ მუშაობას საკუთარი პილოტირებული მისიების აღსადგენად.

ამერიკიდან ამერიკული ხომალდით ასტრონავტების კოსმოსში გაშვება "ამერიკული ოცნება" იყო. დროის ახალი გამოწვევებისადმი ახლებური მიდგომით "ნასამ" ამ საქმეში კომერციული ორგანიზაციების ჩართვა გადაწყვიტა და ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობდა რამდენიმე კომერციული ორგანიზაცია, მათ შორის - "სფეის იქსი" ილონ მასკის ხელმძღვანელობით და სწორედ ის გახდა "ნასას" კონტრაქტორი, რაც ნიშნავს, რომ სწორედ "სფეის იქსმა" მიიღო "ნასას" ლიცენზია პილოტირებული მისიების განსახორციელებლად.

აღსანიშნავია, რომ "სფეის იქსი" არის მენეჯერულად უპრეცედენტოდ კარგად აწყობილი ახალგაზრდა კომპანია. მას არ გააჩნდა ათწლეულობით მიმდინარე კვლევებისა და კოსმოსურ პროგრამებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, თუმცა 2002 წლიდან მოყოლებული, დაარსების 18-წლიანი ისტორიის მანძილზე არნახული სიჩქარით შეძლო კოსმოსური პროექტებისთვის საჭირო პროფესიონალების შემოკრება, მუშაობის სტილის ახალი სტანდარტების დანერგვა, კოსმოსური პროგრამებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხის - ტექნოლოგიური სიახლეებით უძვირესი პროგრამების უალტერნატივოდ დაბალ ფასად შესრულება და შთამბეჭდავი შედეგების მიღება. 2008 წლიდან "სფეის იქსი", როგორც "ნასას" კონტრაქტორი, ემსახურება მის არაპილოტირებულ მისიებს და კოსმოსურ სადგურზე ტვირთი გადააქვს. მისი სატვირთო ხომალდი Dragon-ი ერთ-ერთი საუკეთესო არაპილოტირებული გადამზიდია დედამიწიდან კოსმოსურ სადგურამდე და მას ავტომატური რეჟიმით უერთდება.

ამ ცოტა ხნის წინ "სფეის იქსის" კიდევ ერთი, ფინანსურად და ტექნიკურად უფრო რთული პრემიერა გაიმართა - 30 მაისს კენედის კოსმოსური ცენტრის ლეგენდარული 39A პლატფორმიდან (სწორედ ამ პლატფორმიდან იღებდა გეზს ამერიკული მთვარის მისიები) ორი ამერიკელი ასტრონავტი - რობერტ ბენკენი და დუგლას ჰარლი "სფეის იქსის" რაკეტა "ფალკონ 9"-ით და მასში განთავსებული "ქრუ დრეგონ" კაფსულით დაიძრნენ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ და 31 მაისს მას წარმატებით მიუერთდნენ. "ქრუ დრეგონ" კაფსულა, ისევე, როგორც მისი გადამზიდი რაკეტა "ფალკონ-9" კონცეპტუალურად და დიზაინით წინამორბედებისგან სრულიად განსხვავებული პროექტებია და ისინი განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. "სფეის იქსის" რაკეტების 80% ხელახლა გამოიყენება, რაც ფინანსურ ენაზე კოსმოსური პროგრამების შედარებით გაიაფებას ნიშნავს. "ქრუ დრეგონიც" ასევე მრავალჯერადია. მისი შიდა სივრცე, სადაც ადამიანები არიან განთავსებული, თითქმის სამჯერ მეტია და, შესაბამისად, უფრო კომფორტულიც, ვიდრე ისტორიული "სოიუზ" კაფსულა. გარდა ამისა, "სფეის იქსის" პროექტები გამოირჩევა ახალი სტილის, მინიმალისტური, შთამბეჭდავი დიზაინით, რომელიც, ცხადია, აკმაყოფილებს აეროდინამიკის პრინციპებს. როგორც ცნობილია, პილოტირებული მისიებისთვის ყველაზე რთული და საშიში ფაზა უკან, დედამიწაზე დაბრუნების, კონკრეტულად კი - ატმოსფეროში შემოსვლის პროცესია. ეს ურთულესი გამოცდა "ქრუ დრეგონის" ასტრონავტებს ჯერ წინ აქვთ. ისინი რამდენიმე თვეში ამერიკული კოსმონავტიკისთვის ტრადიციულად, წყალზე, ატლანტის ოკეანეზე დაეშვებიან.

რა არის კოსმოსური სადგური?

საერთაშორისო კოსმოსური სადგური უდიდესი და უძვირესი პროექტია, რაც კი აქამდე შექმნილა. მისი ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიარდი დოლარია. ის დაახლოებით სტადიონისხელა კონსტრუქციაა და დაახლოებით 400 ტონას იწონის. დედამიწიდან დაახლოებით 400 კმ სიმაღლის ორბიტაზეა განთავსებული და 1998 წლიდან უწყვეტად, 28 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს დედამიწის გარშემო. კოსმოსური სადგური დღეში 16-ჯერ შემოუვლის დედამიწას. თითო შემოვლას 90 წუთს ანდომებს. აქედან ყოველი 45 წუთი დღე-ღამის მონაცვლეობაა, ამიტომ კოსმოსურ სადგურზე 24 საათის განმავლობაში 16-ჯერ თენდება და 16-ჯერ ღამდება, თუმცა მისი ბინადარი ასტრონავტები, ისევე, როგორც კოსმოსური სადგურის მართვის კონტროლის ცენტრები ჰიუსტონსა და კოროლიოვში, გრინვიჩის დროით მუშაობენ. კოსმოსურ სადგურზე მოქმედი მოდულებიდან ერთ-ერთი უმთავრესია რუსული "ზვეზდა". მასში განთავსებულია ადამიანის არსებობისთვის საჭირო მიკროინფრასტრუქტურა - სამზარეულო, საძინებლები, სპორტული ინვენტარი და ა.შ. და მთელი კოსმოსური სადგურის ორბიტის კორექციასთან დაკავშირებული სისტემები. კოსმოსური სადგური ვაკუუმში მუშაობს, თუმცა ეს აბსოლუტური ვაკუუმი მაინც არ არის. მასში არსებული ჰაერის მოლეკულებისა და, იმავდროულად, დედამიწის მიზიდულობის ძალის გამო სადგურის ორბიტა ქვემოთ იწევს და სწორედ ამისთვის არის საჭირო დროდადრო მისი ორბიტის კორექტირება, რაც დღემდე რუსული სეგმენტიდან ხდება. კოსმოსურ სადგურზე განლაგებული ყველა მოდული ავტონომიურია, რაც ნიშნავს, რომ ავარიული სიტუაციისას ასტრონავტებს შეუძლიათ მისი დანარჩენებისგან იზოლირება. დღევანდელი კოსმოსური სადგური არის არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის შედევრი, არამედ ადამიანის სახლი კოსმოსში. კოსმოსში საზღვრები არ არის. ასტრონავტები თავისუფლად გადაადგილდებიან ერთი მოდულიდან მეორეში. 400-ტონიანი სადგურის გამართული მუშაობისთვის საჭიროა დიდძალი ენერგია, რასაც ის მზის ბატარეების მეშვეობით იღებს. მისი მზის პანელები ყოველ 45 წუთში, ანუ დღის მონაკვეთის განმავლობაში იტენება და მომდევნო 45 წუთი, ანუ ღამის განმავლობაში გამოიყენება. კოსმოსური სადგურის მზის ბატარეების საერთო ფართობი დაახლოებით შვიდი კალათბურთის მოედნის ხელაა. დღის განმავლობაში ისინი მზის სხივების შესაბამისად ტრიალდება.

მსოფლიო პრემიერა შედგა

არ შემიძლია რამდენიმე სიტყვით არ შევეხო თავად ილონ მასკს, როგორც გამორჩეულად წარმატებულ, ნოვატორ და თანამედროვე გამოწვევების ადეკვატურად მოაზროვნე ხელმძღვანელს. ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, რა პრინციპით არჩევს ის თანამშრომლებს თავისი კომერციული კომპანიისთვის, მასკი პასუხობს, რომ უმთავრესი და უცვლელი კრიტერიუმი თანამშრომლების შერჩევისას ამ ადამიანების ინოვაციური ხედვაა. მომავალ თანამშრომლებთან გასაუბრებაზეც ერთადერთი და არასტანდარტული კითხვა დაისმის: "მიამბეთ თქვენი გამოცდილებიდან ერთ-ერთი ურთულესი პრობლემისა და ამ პრობლემის თქვენეული მოგვარების დეტალებზე". სირთულეების, ბარიერების, სხვადასხვა წინააღმდეგობის გადალახვა და შთამბეჭდავი შედეგები - აი, რა აინტერესებს მასკს და რა აერთიანებს მას, როგორც ხელმძღვანელს თავის თანამშრომლებთან. ხოლო კითხვაზე, რა არის მისი კომპანიების წარმატების საიდუმლო და როგორ ახერხებს ის თავის კომპანიებში დასაქმებული ადამიანების მოტივირებას ახალ-ახალი წარმატებული ნაბიჯებისთვის, მასკი პასუხობს, რომ ის ბოლოდან, ანუ მიზნიდან იწყებს. ის კონკრეტული პროექტის სასურველი შედეგისთვის საჭირო ამოცანებს სახავს და სთავაზობს თანამშრომლებს, თავ-თავიანთ სეგმენტზე წარმოადგინონ ამ კონკრეტული პრობლემის/ამოცანის გადაწყვეტის ახლებური, ოპტიმალური, ინოვაციური გზა. ყოველ ინოვაციას, ყოველ პირველ ნაბიჯს, ბუნებრივია, შეცდომებიც ახლავს, რაც მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული. შეცდომა გადამწყვეტი არ არის.

თუ მასკის კომპანიის თანამშრომელში შეცდომის დაშვების შიში ჭარბობს ინოვაციურ ხედვასა თუ მის თანმხლებ რისკს, მასკისვე სიტყვებით, ასეთი ადამიანები არა - ინოვაციის, არამედ დეგრადაციის გზას ადგანან და ისინი, თანამდებობის მიუხედავად, ტოვებენ მასკის კომპანიას, ახალი იდეების ავტორები კი განუწყვეტლივ იღებენ ბონუსებს და მიმდინარეობს მათი მოტივაციის, ენთუზიაზმის უფრო დაფასება და წახალისება. ეს არის მასკის - მეოცნებე, წარმატებული, ამბიციური და ნოვატორული ნიჭით გამორჩეული ხელმძღვანელის განსაკუთრებულობა.

მასკის ყველაზე დიდ ოცნებად რჩება ურთულესი და ამბიციური პროექტი - მარსზე ადამიანის გამგზავრება. ამ დიად მიზნამდე ის ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვადასხვა შუალედური"პროექტის განხორციელებით მიდის. კოსმოსური სადგურისთვის არაპილოტირებული და პილოტირებული მისიების პრემიერა შედგა და მისიები გაგრძელდება ამერიკელი თუ არაამერიკელი დამკვეთებისთვის. ამავე დროს, "სფეის იქსი" განაგრძობს მუშაობას სხვა პროექტებზე, როგორიც არის ახალი თაობის საკომუნიკაციო სატელიტების პროექტი "სტარლინგი", კოსმოსური ტურიზმი, ხელოვნური ინტელექტის განვითარება, მთვარის ათვისება და გვპირდება, რომ ორიოდე ათწლეულში ადამიანის კოსმოსში გამგზავრება ფინანსურად ხელმისაწვდომი, ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იქნება, როგორიც დღეს საერთაშორისო ავიარეისებია, ამ შუალედური პროექტებით შემოსული თანხის დიდი ნაწილი მარსის პროექტებს მოხმარდება.

მასკის "სფეის იქსის" გარდა, კოსმოსის კომერციულ პროექტებზე აქტიურად მუშაობენ სხვა მილიარდერები და მათი კომერციული კომპანიები: "ბლუ ორიჯინი", "ვირჯინ ორბითი", "ბოინგი", "სიერა ნევადა"... თუმცა მასკი და მისი "სფეის იქსი" აქაც გამოირჩევა ყველაზე ამბიციური მიზნებით, ამ მიზნებისთვის საჭირო ნოვატორული ხედვით, ტემპით და უმთავრესით - უკვე მიღწეული შთამბეჭდავი შედეგებით.

"ჩემო მთვარევ"

"ჩემო მთვარევ" - ასე ეწოდება ამერიკული კომერციული კომპანია "სფეის იქსის" ერთ-ერთ ამბიციურ კოსმოსურ პროექტს, თუმცა სანამ ადამიანი ხელახლა მთვარეს ესტუმრება, "სფეის იქსი" და მისი დამფუძნებელი, მილიარდერი და ნოვატორი ილონ მასკი სხვა შუალედური კოსმოსური პროექტებითა და შთამბეჭდავი შედეგებით აკვირვებენ მსოფლიოს.

ილონ მასკი არის მეოცნებე, რომელიც თავის ოცნებებს ყოველთვის რეალობად აქცევს. მისი ცხოვრებისეული ოცნებაა ადამიანების მარსზე გამგზავრება. ეს ტექნიკურად ურთულესი, ამავე დროს - ძალიან ძვირი პროექტია, რომელიც მრავალჯერ აღემატება ერთი სააგენტოს ან ერთი ორგანიზაციის ბიუჯეტს, ამიტომ ამ მიზნის მისაღწევად მასკი სხვა პროექტებს ახორციელებს, რომ შემოსული კაპიტალი მომავალში მთლიანად მარსის პროგრამებს მოახმაროს. სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მას სჭირდება ისეთი პროექტები, როგორიცაა მაგალითად, სატვირთო ხომალდი "დრეგონი", რომელსაც დედამიწიდან ტვირთი (საკვები, წყალი, საწვავი, ჟანგბადი, სხვადასხვა აპარატურა...) გადააქვს კოსმოსურ სადგურზე, ან თუნდაც მისი ყველაზე პოპულარული რაკეტა "ფალკონ 9","რომელმაც 2008 წლიდან უკვე 84 რეისი გააკეთა კოსმოსში. მოგეხსენებათ, კოსმოსურ სადგურზე გამგზავრება გაცილებით იოლია, ვიდრე - მარსზე. კოსმოსურ სადგურამდე მისვლა აფრენიდან დაახლოებით რამდენიმე საათში შეიძლება. რაც შეეხება მარსს, მისი ორმხრივი გზა თითქმის წელიწად-ნახევარს ითვალისწინებს. მთვარეს კი მარსის პროგრამებში ტრანზიტული სადგურის ფუნქცია ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწიდან მარსზე გამგზავრება მთვარის გავლით მოხდება. მასკის მორიგი ისტორიული კოსმოსური სიახლე იქნება მთვარის ათვისების პროექტი "ჩემო მთვარევ". იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეძავამ 1 მილიარდ დოლარად მთვარის მისიაზე ადგილები დაჯავშნა და რამდენიმე ხელოვანთან ერთად მთვარეზე პირველ ტურისტებად მოიაზრებიან...

იხილეთ ასევე: მარსზე დასამკვიდრებლად შესაძლოა, ადამიანის დნმ-ი შეცვალონ(?!)

ნინო წიფურია