კაცი, რომლის წასვლა მთელ თბილისს დაეტყო...
09-06-2020
კაცი, რომლის წასვლა მთელ თბილისს დაეტყო...
ფოტო:ქართლოს კასრაძე
მას ქართლოსი ერქვა, გვარად კასრაძე იყო: საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, მწერალი, ჟურნალისტი, მსახიობი, "იუმორის მეფე", ქართული ესტრადის მოღვაწე, პირველი კონფერანსიე, თანაც - პოლიგლოტი, რომელმაც 1800 კონცერტი ჩაატარა ევროპის ძალიან ბევრ ენაზე; სტოკჰოლმის დიდმა გაზეთმა მას "პატარა ჩარლი ჩაპლინიც" კი უწოდა; მან დააარსა და რედაქტორობდა საუნივერსიტეტო გაზეთ "ჭინჭარს"; იყო გამომცემლობა "ნიანგის ბიბლიოთეკის" მთავარი რედაქტორი; პოლიტექნიკური ინსტიტუტის მოყვარულთა თეატრის - "სმეთის" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი და ა.შ. კიდევ ბევრი
ასე შემდეგ შეგვიძლია მივაყოლოთ ამ ჩამონათვალს, მაგრამ ამჯერად მოკლედ გეტყვით - იგი უნიკალური ადამიანი იყო! როდესაც გარდაიცვალა, მწერალმა გიზო ნიშნიანიძემ ვერელების სახელით ნეკროლოგის ნაცვლად ეს სტრიქონები მიუძღვნა: "იყო და არა იყო რა - სულ ოქროს კვერცხი გვიგორა:/ ტირილი მოკლა სიცილით, სიცილი კვდება ტირილით".
ქართლოს კასრაძე
ქართლოს კასრაძეზე საუბარი
მის ქალიშვილებს - გურანდასა და ნაისს ვთხოვე და ძალიან გაიხარეს, რადგან კარგა ხანია, ეს უნიკალური ადამიანი სახალხოდ აღარავის უხსენებია...

მამა

ნაისი კასრაძე:
- თბილისში, ვერაზე, ბელინსკის ქუჩის 45 ნომერში, ძველი ორსართულიანი სახლის ფასადზე ორი მემორიალური დაფაა. ერთს აწერია: "ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე დავით კასრაძე", მეორეს - "ამ სახლში ცხოვრობდა საქართველოს სახალხო არტისტი ქართლოს კასრაძე". ეს ძველი, ერთ დროს ლამაზი სახლი ქართლოსის ახალდაქორწინებულ მშობლებს - დავით კასრაძესა და მის მეუღლე ქრისტინე ბიბილურს ქრისტინეს გამზრდელმა მამამ, იაკობ გოგებაშვილმა უყიდა. ქართლოსიც აქ გაიზარდა. ქართლოსს ორი უფროსი და ჰყავდა, ორივე უნიჭიერესი - დიელა და ნაისი. მე მისი სეხნია ვარ. ორივენი არაჩვეულებრივად ხატავდნენ, ქსოვდნენ, კერავდნენ, უკრავდნენ ფორტეპიანოზე. სწორედ მათი რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში მიიღო პირველი როლი ხუთი წლის ქართლოსმა. შემდეგი როლიში პატარა ქართლოსი მთვარის ამოსვლასა და ჩასვლას ასახიერებდა.
პატარა ქართლოსი მამასთან ერთად
ამ ძველ სახლში განვლო მთელმა მისმა ცხოვრებამ. ქართლოსის კაბინეტი ერთ ვიწრო ოთახს წარმოადგენდა, საწერ მაგიდაზე დახვავებული ნაწერებით, დაჭმუჭნული ფურცლებით, მიყრილ-მოყრილი რამდენიმე ათასი წიგნით. მაგიდაზე მხოლოდ მისთვის გასაგები წესრიგი სუფევდა. წიგნის თაროები ოთახის მთელ გაყოლებაზე ჭერს სწვდებოდა. ქართლოსის საცხოვრისის აღწერა, გარკვეულწილად მისი პორტრეტიცაა. იგი არავითარ წესს არ ემორჩილებოდა, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მძღოლადაც არ ვარგოდა. თავისი ნაცრისფერი ვოლგით, ხშირად, ტროტუარებზე ავარდებოდა-ხოლმე და ასე ხსნიდა, - "ვსტრეჩნების" მეშინიაო. ძალიან სასაცილო იყო მისი და ავტოინსპექტორების ურთიერთობა. უწესო ტარების გამო ხშირად აჩერებდნენ. რატომღაც ომახიანად შესძახებდა - "ინსპექტორ მამალაძე". დაბნეული ინსპექტორები "ჩესტს" უღებდნენ, ცნობადი სახე იყო და ვიდრე აზრზე მოვიდოდნენ, ვინ არის, ქართლოსი უკვე ძალიან შორს იყო ავტომობილით.მძღოლობა მალე გადაიფიქრა.
ქართლოს კასრაძე
ერთხელ "უწესო" ქართლოსმა, საბჭოთა პასპორტში ლენინის სურათი ჩააკრა და მილიციელებს უმტკიცებდა, "ონ მოი ატეცო", რის გამოც რუსეთში დააკავეს, მაგრამ იქ ყველა მიხვდა, რომ მისი დაკავება არ შეიძლებოდა. მეორეჯერ, საბჭოთა კავშირის საზღვარზე შემოსვლისას, გაჩხრიკეს ხელებაწეული ქართლოსი, "ს ჩევო ნაჩინაეტსა როდინას" მღეროდა. რუსებმა რომ მოიკითხეს, ქართულმა კე-გე-ბემ აუხსნა, - ეგ გიჟია, გაუშვით, მაგის დაკავება როგორ შეიძლებაო. ერთხელაც, ჟურნალისტებთან საპირველაპრილო ინტერვიუს შემდეგ, თავისი სურათის მოძებნა დაეზარა და ალენ დელონის სურათი გაატანა გამოსაქვეყნებლად. იფიქრა, ხალხი უფრო წაიკითხავს სტატიასო. ატყდა რეკვა - ბატონო ქართლოს თქვენი ინტერვიუ წავიკითხეთ, ძალიან მოგვეწონა, თან აღარ გვახსოვდა რა ლამაზი ყოფილხართო.

გურანდა კასრაძე:

- "ბატონი მამა", - ქართლოსს მოსწონდა, ასე რომ მივმართავდი, ცხადია - ნახევრად ხუმრობით, თუმცა ის არც არავის ბატონი ყოფილა და, საერთოდ, ჩვენ შორის ასაკობრივი დისტანციაც არ იგრძნობოდა. ყოველთვის ჩვენი ტოლი იყო. მამაჩვენი ბევრ ადამიანს ყოვლისშემძლე ჯადოქარი ეგონა, ჩვენ - შვილები კი დარწმუნებული ვიყავით ამაში. მთელი ცხოვრება დახმარების მთხოვნელთა ნაკადი არ წყდებოდა და მამაც მათთვის ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო და რაც მის ძალებს აღემატებოდა... მას ნებისმიერ ენაზე შეეძლო ელაპარაკა ადამიანებთან, მისი კომუნიკაბელობის უსაზღვრო ნიჭი მართლა საოცრებებს ახდენდა, ყველა კარს ხსნიდა, თუმცა, როგორც ზღაპარს შეეფერება, ამ ნიჭის გამოყენება თავისთვის და თავისიანებისთვის არ შეეძლო. ისევ შვილები ვზოგავდით, ვცდილობდით, მისთვის არაფერი გვეთხოვა...
ქართლოს კასრაძე პატარა გურანდასთან ერთად
მამას ბევრი უცნაური ნიჭი ჰქონდა: მარცხენა ხელით სარკისებურად წერდა და მისი წაკითხვა მხოლოდ სარკეში შეიძლებოდა; ზურგზე მოდებულ გიტარაზე ესპანურ მელოდიებს უკრავდა, თუმცა ჩვეულებრივად გიტარაზე დაკვრა კი არ იცოდა. ყველაზე რთულ მხარეს ირჩევდა ხელოვნების სხვადასხვა დარგში. მაგალითად, მღეროდა ჯაზურ კომპოზიციებს - სხვადასხვა ინსტრუმენტის პარტიებს. ყველანი ვმღერით, არცთუ ისე ცუდად, მაგრამ მის ჯაზურ გამოსვლებს, მთელი სიცოცხლე რომ ვუსმენდით, ვერაფრით ვიმეორებთ... მისი ნიჭის საოცარი გამოვლინება იყო, ბოლო ბწკარიდან თავამდე აკაკი წერეთლის პოემას - "თორნიკე ერისთავს" უკუღმა რომ ჩაარაკრაკებდა. ვეცადე, მაგრამ ამ პოემის ერთი სტროფიც ვერ ვისწავლე უკუღმა; აღარაფერს ვიტყვი, ერთი ხელის მოსმით გაფრენილ ცხენს რომ ხატავდა...

"გაზაფხულის ქარია, მზეა ცაზე ალმასი, მაგრამ მზეც ვერ იქნება თალიკოზე ლამაზი"...

გურანდა:
- დედა ოზურგეთიდან იყო და მამამ იგი თბილისში, თავის ეზოში გაიცნო, ბელინსკის 45 ნომერში. იქვე ცხოვრობდა დედაჩემის მამიდა და დედა თბილისში სასწავლებლად რომ ჩამოვიდა, მასთან ცხოვრობდა. მამას მაშინ ცოლ-შვილი ჰყავდა და დედას და მამას შორის არც არაფერი ხდებოდა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს. დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო და გაცნობის მომენტში მამა მისით ისე აღფრთოვანებულა, რომ კედელს მიჰყრდნობია, ჩასრიალებულა და ძირს დავარდნილა.
ქართლოს კასრაძე მეუღლესთან ერთად
მერე მამა ცოლს გაეყარა. იმ პერიოდში დედა უკვე ოზურგეთში იყო და იქიდან თბილისში გამოუშვიათ, ქართლოსთან მიდი, ის დაგაწერინებს სცენარსო, - დედას სჭირდებოდა ეს სცენარი. დედა მამასთან თხოვნით რომ მისულა, მამას უთქვამს, შენ სადილი გამიკეთეო. დედასაც იქვე, ვერის ბაზრიდან კერძის მასალა მოუტანია და ძალიან გემრიელი სადილი გაუკეთებია. მაშინ გახლართულა მათ შორის ამურის ისრები. მერე მამამ დედას ოზურგეთში ჩააკითხა და მის ძმასა და მშობლებს დედას ხელი სთხოვა. მამას დედასთვის უთქვამს, - თბილისში, "ზაქსში" გელოდებიო. დედას უკითხავს, - "ზაქსი" რა არისო? არ იცოდა, ეს სიტყვა მმაჩის ბიუროს რომ ნიშნავდა. ასე მოაწერეს ხელი და დედა ქორწილამდე ოზურგეთში წავიდა.
ქართლოს კასრაძე მეუღლესთან და ქალიშვილებთან - გურანდასა და ნაისთან ერთად
ქორწილი 1-ლ აპრილს იყო დანიშნული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მამა იმ დღეს ფილმ "უდიპლომო სასიძოს" გადაღებაზე უნდა ყოფილიყო, მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა, ამიტომ გურიაში დარეკა, მე ვერ ვიქნები ქორწილშიო. გადაირივნენ დედაჩემი და ოჯახის დანარჩენი წევრები. მერე კი აუხსნა მიზეზი და ქორწილი 5 აპრილისთვის გადაიდო. დედა მაგრად კერავდა და ქორწილშიც თავისი შეკერილი კაბა თუ კოსტიუმი სცმია. ძალიან ლამაზები და საყვარლები ყოფილან. მამამ თალიკოს მიუძღვნა უამრავი ლექსი და უნატიფესი სიმღერა - "ლურჯი აპრილი". სიმღერებად იქცა მამას სხვა ლექსებიც - "ლურჯი იები", "ქარი მღერის"... მისი ცხოვრების ქალი მისთვის მუზაც იყო, მეგობარიც, საყვარელიც, დედაც და, საერთოდ, სამყაროს ღერძიც. თალიკო იყო მამას "ნატა ვაჩნაძე", რომელიც ქართლოსს უმწეო ბავშვივით უვლიდა, აცმევდა, აჭმევდა, აძინებდა, და ასეირნებდა კიდეც.

დედა რომ ლოგინად ჩავარდა და ძალიან სწუხდა, მამა ლოცულობდა, მე მომკალი, ღმერთო და თალიკო გადამირჩინე, მის გარეშე ერთი წამით ვერ ვიცოცხლებო. დედა ის იყო, კარგად რომ გახდა, მამას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ძალიან განიცდიდა და შემომჩივლა, რატომ დამემართა ასეო? ავუხსენი, ხომ ლოცულობდი დედას გადასარჩენად და ღმერთმა გისმინა, ამიტომ რაღა საჭიროა შენს ავადმყოფობაზე ლაპარაკი-მეთქი? - უი, შენ გენაცვალოს მამაო, - მითხრა და იმის შემდეგ ბედნიერი კაცი იყო, რადგან თავისი ლოცვით და სიყვარულით დედაჩემი გადაარჩინა. ბოლომდე დედამ მოუარა მამას და მამაც ძალიან ბედნიერი იყო, რომ თალიკო ჰყავდა გვერდით...
ქართლოს კასრაძე
მამა 2005 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა, 78 წლის ასაკში, დედამ კი, ნაღდად სასწაული მოხდა და, ჯერ მამა გააცილა ამ ქვეყნიდან და მერე ეგრევე წაჰყვა - მამას გარდაცვალებიდან ნახევარ წელიწადში. თანაც, იცი, რა მოხდა? დედა წავიდა 24 აგვისტოს და დაასაფლავეს 27 აგვისტოს, მამას დაბადების დღეს. თითქოს საჩუქრად მიუვიდა დედაჩემი იქ.
ოთხი შვილი, ათი შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი დავრჩით მშობლებს და ყველა ერთად, მამას იუმორით, სიყვარულის ნიჭით, ზოგადი პოტენციალით, იქნებ, ერთ ქართლოსს ვუდრიდეთ. ასე გადანაწილდა სიცოცხლე...
დღემდე ვერ ვეგუები ქართლოსის არყოფნას, მისი წასვლა თითქოს მთელ თბილისს დაეტყო... თითქოს სიხარულმა მიგვატოვა...

არ დაიჯერო
12 ივნისი 2020 11:29
კარგად მახსოვს მისი პირველი ნაბიჯები ესტრადაზე,განსაკუთრებით სკეტტჩი:"ტომატი"
...
11 ივნისი 2020 13:12
კოლორიტული, პოზიტიური და ლეგედალური პიროვნება.... მარადიული ხსოვნა და ნათელი მას!!!
მიშა
10 ივნისი 2020 14:28
ყველაზე ნიჭიერი ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია.

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?