ბიბლია! კი თუ არა? - კვირის პალიტრა

ბიბლია! კი თუ არა?

გვირჩიეთ, გამოთქვით თქვენი აზრი!

მიუხედავად იმისა, რომ "50 წიგნის" პროექტში მეც ჩართული ვარ, როგორც ყოველი ტომის საპრეზენტაციო წერილების ავტორი, ცხადია, მეც ისეთივე მკითხველი ვარ, როგორიც თითოეული თქვენგანი და ამიტომ უპრიანი იქნება, პირველ რიგში, მკითხველის პოზიციიდან ვისაუბრო.

ჰოდა, თუკი მკითხველი ვარ, მიკერძოებაში არ ჩამომართვათ და პირდაპირ უნდა ვთქვა: პროექტმა ნამდვილად გაამართლა ჩვენი, მკითხველების იმედები!

უკვე 6 დიდი წიგნი გამოვიდა. დაახლოებით 30 წიგნის დასახელებაც ცნობილია, დანარჩენების გამოსავლენად კი გამოკითხვები გრძელდება. თითქმის 10000 ადამიანის გამოკითხვის შემდეგ დაწინაურებული 100 წიგნის ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში მისამართზე: 50books.ge

ასე რომ, იაქტიურეთ, მეგობრებო!

არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ჩვენს უცხოელ კოლეგებს - გამომცემლებსა და სტამბების მესვეურებს ძალიან უკვირთ ჩვენი ასეთი წარმატება, თუმცა, თუკი ლოგიკას მივყვებით, ვფიქრობ, არაფერია საოცარი - გარდა იმისა, რომ მხოლოდ ქართველი მყიდველი იღებს წიგნებს ფაქტობრივად თვითღირებულების ფასად ("კვირის პალიტრასთან" ერთად). ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ჩვენს მკითხველს კითხვა "არ დავიწყებია" და, რაც მთავარია, ბევრისთვის მოულოდნელად, ახალგაზრდობაც დიდი ინტერესით ჩაერთო პროექტში.

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ერთი კითხვა: უნდა შევიდეს თუ არა გამოსაცემი 50 წიგნის ნუსხაში ბიბლია?!

ცხადია, თუკი პროექტის სახელწოდებას ("50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ") პირდაპირ კრიტერიუმად ავიღებთ, 50 კი არა, ერთადერთი წიგნიც რომ წაიკითხო, ეს წიგნი ბიბლია უნდა იყოს (საკუთარ, სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ), მაგრამ რამდენად გამართლებულია ამ "წიგნთა წიგნის" ასეთ პროექტში ჩართვა?

მკითხველები ცალკე კამათობენ ამ საკითხზე (ცხადია, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ დისკუსიებს) და ჩვენც, უნდა ითქვას, რომ საგონებელში ვართ: ერთი მხრივ ფაქტად რჩება, რომ უცხოურ ანალოგიურ პროექტებში (რომელიც ჩვენზე ადრე განხორციელდა), მაგალითად ინგლისში ბიბლიამ თითქმის ყველაზე მეტი ხმა მიიღო და დაიბეჭდა კიდეც; მეორე მხრივ - წინ გვიდევს ზოგიერთი მკითხველის მოსაზრება (ზოგჯერ საკმაოდ კატეგორიულიც), რომ ბიბლია, იმის მიუხედავად, რომ გარკვეული თვალსაზრისით, ლიტერატურული ტექსტია, მაინც არ შეიძლება "გადანომრილ" წიგნებში "რომელიღაც" ნომრად იყოს (თუმცა, როგორც დაინტერესებულმა მკითხველმა იცის "50 წიგნში" ნუმერაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პირველად გამოსული წიგნი არაფრით არის აღმატებული დავუშვათ, მე-20-ზე. ეს 50-ვე წიგნი დიდია!) - ჩვენი "სახალხო დარბაზის" მონაწილე, თბილისის ერთ-ერთი სკოლის ისტორიის პედაგოგი გვთავაზობს, პროექტის დასრულების შემდეგ ცალკე გამოვცეთ ბიბლია და არამც და არამც "50 წიგნის" პროექტის ფარგლებში.

ინტერნეტფორუმებზეც გვთავაზობენ ასეთივე ვარიანტს, თუმცა ბევრი ახალგაზრდა (როგორც შეჰფერის კიდეც ახალგაზრდებს) გაცილებით კატეგორიულია:

"პირადად მე, მიმაჩნია, რომ ბიბლია არ უნდა შევიდეს 50-ეულში... ის, რომ ბიბლია რელიგიური წიგნია, სულაც არ ავალდებულებს მაჰმადიანს, იეზიდს, ბუდისტს, ათეისტს... რომ ის აუცილებლად უნდა წაიკითხოს, ხოლო თუ რელიგიური წიგნის შეტანა გვინდა, რატომ უნდა იყოს ეს მაინცდამაინც ბიბლია, ამ ადამიანებისთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი იქნება" - წერს ერთი ახალგაზრდა გოგონა თავის ბლოგზე და ცხარე კამათმაც არ დააყოვნა:

"...მაგალითად, "დიდოსტატის მარჯვენა" მე არ მომწონს და ვთვლი, რომ აუცილებლად წასაკითხ 50-ეულში არ უნდა იყოს, მაგრამ მე უმცირესობაში ვარ და თუ უმეტესობას სურს, უნდა გამოიცეს კიდეც. ასევეა ბიბლიის შემთხვევაშიც..."

"ბიბლია ძალიან ბევრი მიზეზის გამო არ იმსახურებს ამ ჩამონათვალში შესვლას. პირველ რიგში, ის სულაც არ არის მხატვრული ლიტერატურა და მისი ამ ნუსხაში შეტანა ქართველების მატრაკვეცობის ბრალია, მეტი არაფერი..."

"რაღაც არ მგონია ბუდისტები და იეზიდები მართლმადიდებლების უფლებებზე ისე ზრუნავდნენ, როგორც ამ პოსტით შენ ზრუნავ საქართველოში მათ უფლებებზე..."

"ჩემი აზრით, ბიბლია უნდა შევიდეს ამ 50-ში იმიტომ, რომ სწორედ ეს არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ! და რელიგია სრულიად არაფერ შუაშია."

ასეთი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება ძალიან ბევრია.

როგორც გითხარით, პროექტის ავტორებსაც არ აქვთ ჯერ ჩამოყალიბებული საერთო აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.

გაზეთში გთავაზობთ მცირე ბარათს და გთხოვთ აღნიშნოთ, თქვენი აზრით, უნდა შევიდეს თუ რა ბიბლია 50 აუცილებლად წასაკითხ წიგნში? აქვე შეგიძლიათ მოკლედ ჩამოაყალიბოთ თქვენი არგუმენტებიც.

აქ, ჩვენს საიტზე კი, გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები დაგვიტოვოთ ამავე სტატიის კომენტარებში.