მატრიცაში ვართ, ანუ სიზმრების ფაბრიკა - კვირის პალიტრა

მატრიცაში ვართ, ანუ სიზმრების ფაბრიკა

ჩვენ ნელ-ნელა ვიღვიძებთ, ეს ძალზე მტკივნეულია. რა ჯობია ძილს და ლამაზ სიზმრებს, მაგრამ...

ძმებ ვაჩოვსკების ფილმი მიტრიალებს თვალწინ - "მატრიცა". არცთუ შორეულ მომავალში მანქანებმა (მატრიცამ) დედამიწა დაიპყრეს.  ადამიანები ერთ დიდ ბატარეაში მოათავსეს, საღათას ძილით დააძინეს და ენერგიას სწოვენ. ადამიანები შეერთებული არიან მატრიცასთან და ვირტუალურ სიზმრებს ხედავენ.  მთელი დედამიწა მატრიცასთან მიერთებული ღრმა ძილში მყოფი ადამიანების უკიდეგანო ველია.

ვირტუალურ სიზმარში მყოფი ადამიანები ვერ ამჩნევენ რეალობას და მათ ენერგიაზე ნადირობს მონსტრი, რომელსაც არ გააჩნია ემოცია. მონსტრი ძალაუფლების მანქანაა. ჩვენ გვძინავს, თუმცა ძილში რაღაც ფუნქციას ვასრულებთ. დავდივართ, ვშრომობთ, ვწვალობთ, საღამოს კი ტელეეკრანს მივუსხდებით, რომ ვირტუალურ რეალობას ვუყუროთ. ჩვენ მატრიცასთან შეერთებული ენერგეტიკული მოდულები ვართ, სწორედ ჩვენი სითბოთი იკვებება მატრიცა. "რიმედისაზმაუ" მატრიცას ფსიქოლოგიური იარაღია, ჩვენ ვხედავდით სიზმრებს წარმატებული, ეკონომიკურად მძლავრი ქვეყნის შესახებ. ჩვენთან ყველაზე კარგი ხარისხის თოვლია მსოფლიოში, ჩვენი მარილი ჩემოდნებით გააქვთ უცხოეთში, ჩვენს მღვიმეში დინოზავრები დადიან, ოღონდ კეთილი დინოზავრები, ტურისტებს რომ მოიზიდავენ და გამოქვაბულში გამართულ მთავრობის სხდომასაც არ შეუშლიან ხელს.

ეს მირაჟები გვამშვიდებდა. ვირტუალური რეალობა ცვლიდა სინამდვილეს. მაგრამ მატრიცამ აურია. მისთვის  პირველი მძლავრი შოკი 2007 წელს ნოემბრის ამბები იყო. თუმცა მაშინ ყოველივე სიზმრების ფაბრიკის გაუმართაობას დაჰბრალდა და ამიტომაც განადგურდა "იმედი". მატრიცა გადაიტვირთა და წონასწორობაც აღდგა, მაგრამ დროებით. ომი გამანადგურებელი დარტყმა იყო მიშას მატრიცასთვის. მასში შემოიჭრა უხეში რეალობა, რომლის წინააღმდეგ პროპაგანდისტული იარაღები უძლური აღმოჩნდა.

ერთ დღესაც ადამიანებმა, რომლებსაც კარგად გაწვრთნილი არმიის მქონე სახელმწიფოში ეძინათ, გაიღვიძეს იმ ქვეყანაში, სადაც მთავარსარდალს თვითმფრინავის ხმის ეშინია, სადაც ყოვლისშემძლე შსს-ის ჩინოსანი ქალბატონი აკანკალებული ხმით გვამშვიდებდა, რომ მტერმა ორჭოსანთან გადაუხვია (თითქოს ორჭოსანი საქართველო არაა). მაშინ მატრიცა გადარჩა... თუმცა მის სიმტკიცეს საბედისწერო დარტყმა მიაყენეს.

და აი, ჩვენ ვხედავთ, რომ მანქანას პრობლემები აქვს. სიზმრების ფაბრიკაში წუნია: ტყუილები იშტამპება, მეორდება. ადამიანები ვიშმუშნებით, ძილში ვბორგავთ. მატრიცას გარეთ მთელი სამყაროა. ჩვენკენ მღელვარებისა და შფოთის ვირუსები მოფრინავენ. მატრიცა ვერ უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდ ძილს. მისი რესურსები მცირდება. სიზმრები უინტერესოა, საკვები მცირდება და ჩვენც ნელ-ნელა ვიღვიძებთ. ეს ძალზე მტკივნეულია. რა ჯობია ძილს და ლამაზ სიზმრებს, მაგრამ ჩვენ ერთ მშვენიერ დღეს გამოვიღვიძებთ და დავინახავთ,  რად იქცა ყველაზე "წარმატებული" ქვეყანა.

ამ ისტორიის ფინალი ყველამ იცის. მატრიცას წინააღმდეგ გმირი გაილაშქრებს, ოღონდ ის არ არის ერთი კონკრეტული პერსონა. ეს იდეაა, რომლის გარშემოც ბევრი ადამიანი ერთიანდება. იდეა იმდენად განსხვავებულია მატრიცას ზღაპრებისაგან, რომ ეს უკანასკნელი  უძლურია მასთან. ეს იდეა კი თავგანწირვა -  ღირებულებების სიცოცხლეზე მაღლა დაყენების იდეაა. და აი, დღეს ჩვენ მზად ვართ გამოღვიძებისთვის და  ვგრძნობთ ამ ქარებს. ძილი სრულდება და იწყება ყველაზე მტკივნეული.

შალვა რამიშვილი