"ნუ ავრცელებთ მავნებლურ პოსტებსა და მოწოდებებს, პირბადეებში ნუ დაგვახრჩვეთო" - კვირის პალიტრა

"ნუ ავრცელებთ მავნებლურ პოსტებსა და მოწოდებებს, პირბადეებში ნუ დაგვახრჩვეთო"

"მათ მინდა მივმართო, ვისაც ვითომ არ სჯერა ვირუსის არსებობის - ასეთი უპასუხისმგებლო მოსაზრებებით საფრთხეს უქმნით ადამიანების სიცოცხლეს"

ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის გავრცელების არასტაბილური ვითარების კვალდაკვალ მოსახლეობა თითქოს ერთბაშად მოდუნდა და ხელისუფლების ახალ რეკომენდაციებს უგულებელყოფს. დაუდევრობა იგრძნობა თითქმის ყველგან - ქუჩებში, საჯარო დაწესებულებებში, რიგებში. შესაბამისად, უკვე გამოვლინდა შემთხვევები, რომლის პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება. სპეციალისტების თქმით, თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ყველაფერი თავიდან დაიწყოს, რაც დამანგრეველ შედეგამდე მიგვიყვანს.

ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- პირბადის გარეშე დახურულ სივრცეებში ყოფნით, მისი არაჰიგიენურად შენახვითა და მრავალჯერადად გამოყენებით, დისტანციის დაუცველობით, ხელების დაუბანლობით საფრთხეს მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას კი არა, სხვებსაც ვუქმნით - როგორც ოჯახის წევრებს, უცნობ ადამიანებსაც, რომლებთანაც დაინფიცირებული შესაძლოა ერთ სივრცეში მოხვდეს.

არ არსებობს აბსოლუტური დაცვის იძულებითი მექანიზმი, რომლითაც ადამიანს ყველაფრის შესრულებას აიძულებ, თუ თავად არ გაიაზრა საფრთხის მასშტაბი. პირბადის ფუნქცია რა არისო, ირონიულად წერენ. მათთვის გასაგონად კიდევ ერთხელ ვიტყვი - თუ დაავადებული პირისგან გამოტყორცნილი წვეთი თქვენს ლორწოვან გარსზე მოხვდა, დაავადდებით, რადგან ვირუსის ბაცილა სიცოცხლისუნარიანია. დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და თუ ეს დისტანცია 2 მეტრი და მეტია, მაშინ პირი წვეთების მოხვედრისგან დაცულია. არავის მიზანი არ არის, ერთმანეთს არ შევხვდეთ, არ გავესაუბროთ და ასეთ დროს დისტანციის დაცვა რომ ზოგჯერ შეუძლებელია, ამიტომ გვიწევს პირბადის ტარება. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომელთათვისაც არ არის რეკომენდებული ნიღბის ტარება, რადგან ისინი ჩვენ უნდა დავიცვათ, უფროსებმა, ვირუსის გავრცელების პრევენციით, დისტანცირებით, ჰიგიენის წესების დაცვით, სპირტის შემცველი ხსნარებით, თუმცა გვახსოვდეს, ის წყალსა და საპონს სრულად მაინც ვერ შეცვლის.

თუ ადამიანს აქვს რესპირატორული სიმპტომები, ახველებს და აცემინებს, შინ უნდა დარჩეს და თან მიმართოს ექიმს.

მათ მინდა მივმართო, ვისაც ვითომ არ სჯერა ვირუსის არსებობის - ასეთი უპასუხისმგებლო მოსაზრებებით საფრთხეს უქმნით ადამიანების სიცოცხლეს. ნუ ავრცელებთ მავნებლურ პოსტებსა და მოწოდებებს, პირბადეებში ნუ დაგვახრჩვეთო. ქალაქის ქუჩებში, დახურულ სივრცეებსა და სხვა ადგილებში დადიან თქვენი შვილები და ოჯახის წევრები, რომელთაც თქვენი ანტიპროპაგანდით საფრთხეს უქმნით. ყველანაირი რესურსის ლიმიტი არსებობს, მათ შორის ჩვენი ექიმების ადამიანური და ფიზიკური რესურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ სომხეთს, ირანს ან რუსეთს, სადაც ჯოჯოხეთი ტრიალებს.

- აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების პირბადით დაშვებას. საზოგადოების ნაწილის თქმით, ორმეტრიანი დისტანცია სრულიად საკმარისია და ისედაც სტრესში მყოფი ახალგაზრდებისთვის პირბადეები ხელოვნური პრობლემა იქნება, რამაც შესაძლოა მათ ჯანმრთელობის საფრთხე შეუქმნას.

- არ არსებობს არავითარი მტკიცებულება და საფრთხე, რომ პირბადე მოზარდების ან მოზრდილების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. სამაგიეროდ, არსებობს დიდი ალბათობა, რომ პირბადის გარეშე გამოცდებზე დასწრების გამო გაგვიჩნდეს უამრავი კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები. პირბადის ტარება სახიფათო რომ იყოს, მის ტარებას არავინ გირჩევდათ. თუმცა სწორად უნდა გამოვიყენოთ. არასწორად გამოყენება ნამდვილად ქმნის საფრთხეს და მათ შორის ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უნდა გვეკეთოს ე.წ. საზოგადოებრივი ნიღბები და არა რესპირატორები. ისინი სპეციალური დანიშნულებით, პროფესიის შესაბამისად გამოიყენება. ნიღაბი არ უნდა ვატაროთ ხელით "საჭიროების შემთხვევაში" გასაკეთებლად, როცა უამრავი ბაცილით სავსე ქუჩები და სხვა სახიფათო ადგილები გვაქვს მოვლილი... როდესაც მოქალაქე დახურულ შენობაში აპირებს შესვლას, ასეთი პირბადის გაკეთება საფრთხის შემცველია... დაუსრულებლად ერთი და იმავე ნიღბის ტარება არ შეიძლება. თუ მრავალჯერადი გამოყენებისაა, უნდა ირეცხებოდეს. ბევრმა ნიღბის სწორად მოხსნის წესიც ვერ შეიმუშავა. ამასთან, სწორად უნდა განვსაზღვროთ, რომელია ნიღბის გარეთა და შიდა მხარე. კატეგორიულად მიუღებელია სხვისი ნიღბის ტარება. არადა, ვიცი, რომ ასეც ხდება - თურმე ამა თუ იმ სივრცეში შესასვლელად სხვის ნიღაბს იყენებენ, რათა არ დაჯარიმდნენ.

ნუ ვეთამაშებით ამ ვირუსს! თავდაჯერება - მორჩა, პიკი გადავლილია, ყველაფერი უკან მოვიტოვეთო, დიდი შეცდომაა, რომელიც შეიძლება იმაზე ძვირად დაგვიჯდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია. როდესაც რეკომენდაციებს არ ვასრულებთ, შიდა გავრცელების საფრთხე ძალიან მაღალია. საგანგაშოა, რომ უკვე რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, როდესაც გავრცელების პირველწყარო დაუდგენელია. მეტიც, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურებისთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, ვირუსი შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს. ამ საფრთხის გადალახვა მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებით შეიძლება.