"ხომ ვთქვი, ავფრინდები-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ხომ ვთქვი, ავფრინდები-მეთქი"

"ვერონიკა" ვერტმფრენისა და თვითმფრინავის ჰიბრიდია. თუ ძლიერ ძრავას დაუყენებ, შეიძლება ორ და სამადგილიანად გაკეთდეს. მე ერთადგილიანი გავაკეთე და 80-კილოიანი საფრენი აპარატი გამოვიდა. თუ ძლიერი ძრავა ექნება, ტვირთამწეობაც გაეზრდება. შეიძლება შესაწამლი აპარატურა დავუყენოთ და მისი დახმარებით მინდვრები ან პურის ყანები ქიმიკატებით დამუშავდეს"

კახელები დავით ჩახვაშვილს "ლიოტჩიკს" ეძახიან, ის საფრენ აპარატებს აწყობს და ალაზნის ველზე ცდის. გურჯაანში, მის ეზოში, ახლაც დგას ოთხი აპარატი. სულ ბოლოს "ვერონიკა" ააწყო...

- კახეთში ამ საქმეს 5-6 კაცი ვაკეთებთ. ჩანაფიქრის განსახორციელებლად კვანძები და ნაწილების დამზადება გვჭირდება, ასევე ფინანსები და ხეტიალი - მასალების შესაძენად.... ენთუზიასტები რაღაცას ვაკოწიწებთ ნერვების ხარჯზე. მერე ვიკრიბებით, ვმსჯელობთ. ერთმანეთს ვეხმარებით თეორიულად და პრაქტიკულად.

- უცხოელ თანამოაზრეებთან ხომ არ გაქვთ ურთიერთობა?

- შერეკილი ბევრია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში და ინტერნეტით ხშირად ვუყურებ მათ ვიდეორგოლებს. ურთიერთობა არ მაქვს, იმიტომ, რომ ინგლისური არ ვიცი, მაგრამ მათი ყურებისას ზოგ რაღაცას ვითვისებ, ზოგზე მეცინება, ზოგზე შენიშვნებს გამოვთქვამ, ოღონდ - ჩემთვის.

ბოლოს ერთადგილიანი საფრენი აპარატი ავაწყვე. ეს არის ვერტმფრენისა და თვითმფრინავის ჰიბრიდი. თუ ძლიერ ძრავას დაუყენებ, შეიძლება ორ და სამადგილიანად გაკეთდეს. მე ერთადგილიანი გავაკეთე და 80-კილოიანი საფრენი აპარატი გამოვიდა. თუ ძლიერი ძრავა ექნება, ტვირთამწეობაც გაეზრდება. შეიძლება შესაწამლი აპარატი დავუყენოთ და მისი დახმარებით მინდვრები ან პურის ყანები ქიმიკატებით დამუშავდეს. ამ აპარატის გამოყენება ხანძარსაწინააღმდეგოდაც შეიძლება, ბრაკონიერების აღმოსაჩენადაც, მწყემსებთან პროდუქტის, პრესის ჩასატანად ან ექიმის ჩასაყვანადაც. რა თქმა უნდა, ტურისტებთანაც შეიძლება გამოვიყენოთ....

37 წელია, ამ საქმეს ვეჭიდები. კარგი დროც გამოვიარე და ცუდიც - უმუშევრობა, უფულობა, უწყლობა... მაგრამ ვუძლებდი, იმიტომ, რომ მიყვარს ეს საქმე. პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ, ოღონდ არა - საავიაციო, არამედ სოფლის მეურნეობის. ბავშვობაში ავიამოდელების წრეზე დავდიოდი, აეროდინამიკის თეორიები იქიდან ავითვისე. რომ გავიზარდე, უფრო სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს. ვსწავლობდი ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების აგრეგატებს, დანიშნულებას, მუშაობის პრინციპს... აი, ასე მოვაგროვე ცოდნა-გამოცდილება... ახლა ისეთ ასაკში ვარ, "ბირჟაზე" არ დავდგები. კი, დავდივარ და მეგობრებსაც ვნახულობ, მაგრამ ჩემს ეზოში რაღაცას რომ ვაკაკუნებ, ვღუნავ, ვშლი თუ ვკეცავ, ამით ვისვენებ.

- ყველაზე უცნაური რა დეტალი გამოგიყენებიათ საფრენი აპარატების აწყობისას? - ველოსიპედით დაწყებული, მანქანა-ტრაქტორებით დამთავრებული, ყველაფრის ნაწილები გამომიყენებია, ოღონდ - სახეცვლილი. თუ არ ვთქვი, ვერც მიხვდები, რა რისგან არის შექმნილი. ზოგი ხუმრობით შერეკილებს გვიწოდებს, ზოგი დაგვცინის, მაგრამ ეს დიდი ხანია აღარ გვწყინს.

- თქვენს აპარატებს სახელებს არქმევთ? - მაშ, როგორ! ბოლოს გაკეთებულს "ვერონიკა" დავარქვი დედაჩემის პატივსაცემად... მე-4 თანრიგის ხარატი ვარ. 15 წელი მექანიკურ ქარხანაში ხარატად ვმუშაობდი. რაიონში ჩემზე ამბობენ, კარგი სპეციალისტიაო. უხარისხოდ კეთება არ მიყვარს. რკინის ნერვები მაქვს. შემიძლია მთელი დღე ნემსი ვჩარხო ისე, რომ არ ავნერვიულდე.

- თქვენ - არა, მაგრამ ოჯახის წევრებს ხომ არ ანერვიულებთ? - მეუღლესა და შვილებთან სრული ჰარმონია მაქვს. სახლის საქმესაც ვაკეთებ, ვენახსაც ვუვლი და ჩემს საქმესაც.

მფრინავი მინდოდა გამოვსულიყავი, მაგრამ ჩვენთან საავიაციო სასწავლებლები არ იყო. ჩემებს რომ განვუცხადე, მფრინავობა მინდა და რუსეთში, საფრენოსნო სკოლაში წავალ-მეთქი, არ გამიშვეს. მერე კი ვინანე, რატომ არ გავიპარე-მეთქი... ჯარიდან რომ ჩამოვედი, მალევე დავიწყე საფრენი აპარატების კეთება და ამაზეც ერთი ამბავი ამიტეხეს - თავ-პირს დაიმტვრევო. მამაჩემმა მითხრა, შვილო, იქ, მაღლა, რამე რომ დაგემართოს და "მიშველეთ" დაიძახო, მე კიბე სად მოვაყუდოო.

- ოდესმე თუ ჩამოვარდნილხართ? - არა, ყავარჯნებით და თაბაშირში არასდროს მივლია, თუმცა უმნიშვნელო ტრავმები მიმიღია...

- გამოცდას სად უტარებთ ამ აპარატებს? - ალაზნის ველი დიდია... კახეთში მინდვრებს ადვილად ვპოულობდით, ახლა ზოგი დაიკავეს, ზოგი უცხოელმა შეისყიდა...

- რას ეტყოდით იმას, ვინც ალმაცერად უყურებს თქვენს გატაცებას? - ერთხელ რომ ვთქვი, ავფრინდები-მეთქი, არ დამიჯერეს, ალმაცერად დამიწყეს ყურება, მაგრამ ხომ გავფრინდი...