"ასე დავარქვი ამ პროცესს: "თამარის გათავისუფლება სპარსული წარბების უღლისგან"
"ასე დავარქვი ამ პროცესს: "თამარის გათავისუფლება სპარსული წარბების უღლისგან"
კობა ჭუმბურიძე არქიტექტორია, თუმცა ბევრ სფეროში საქმიანობს, თანაც - წარმატებით. წლების განმავლობაში 158 ენიდან 3100 ლექსი თარგმნა, თამარ მეფე გაათავისუფლა სპარსული წარბების უღლისგან... ჩვენ მისი მოგონებების, საქმიანობის, აღზრდის, მშობლიური ქალაქისა და კიდევ უამრავი საინტერესო თემის შესახებ ვისაუბრეთ.

- მეოთხე თაობის თბილისელი ვარო, ბრძანეთ. მიამბეთ თქვენს ოჯახზე, წინაპრებზე...
- ასი წლის წინ მამის მამის მამამ, მღვდელმა სამსონ ჭუმბურიძემ იყიდა დიდი აგურის სახლი ნაძალადევში. სამსონი ჭიათურის რაიონში იყო მღვდლად გამწესებული, თორემ ჩვენი
გვარი თერჯოლიდან მოდის, სიმონეთიდან. ოჯახის მთავარი ტრადიცია წიგნიერება გახლდათ. დედის დედის მამაც მღვდელი იყო, იოსებ კუტივაძე­ და მის ოჯახშიც წიგნის კულტი იყო, ჰოდა, მე სადღა დავემალებოდი ამ საქმეს. თაროებიდან იმდენი წიგნი იჭყიტებოდა მომნუსხველი სათაურებით...

კითხვა სკოლაში მისვლამდე დავიწყე. ერთხელ გაკვეთილზე, როცა ასო-ბგერებს ვსწავლობდით, მუხლებზე მედო
გაკვეთილის დაწყებამდე ნაყიდი "ლექსი ვეფხისა და მოყმისა" და ვკითხულობდი. მასწავლებელმა შემნიშნა, რომ არ ვუსმენდი, მოვიდა და ყური ამიწია, თუმცა კარგად გადარჩა - მაშინ ხომ ბავშვები მასწავლებელს არ უჩიოდნენ... არც მწყენია, რადგან ძალიან მიყვარდა. დედას ჩემზე ხუთი წლით უმც­როსი ტყუპი ბიჭი ჰყავდა და არ ეცალა, ჰოდა, ჩემი ლენა მასწავლებელი დამარბენინებდა გაკვეთილების შემდეგ ხან - ტელევიზიაში, ხან - მოსწავლეთა სასახლეში.

- როგორი იყო მაშინდელი თბილისი?
- დღევანდელზე პატარა... მამა იხსენებდა, სადაც ახლა სპორტის სასახლეა, მანდ მინდორი იყო, ვირების საძოვარი და უბნელი ბიჭები ხშირად მივდიოდით ვირების­ საჭენებლადო. მეც მახსოვს მოტიტვლებული­ საბურთალო. მოსახლეობა, ალბათ, დღევანდლის მეოთხედი იყო. ტელევიზია ახალი ამუშავებული იყო და ერთადერთი არხი საღამოს იწყებდა მაუწყებლობას რამდენიმე საათით. ამ გადაცემებს უყურებდა ყველა. ტელევიზორი თავიდან იშვიათობა იყო და ვისაც ჰქონდა, მის ოჯახში იმდენი ადამიანი იკრიბებოდა, რამდენიც დაეტეოდა, ამიტომ როდესაც პირველმა დიქტორმა ლია მიქაძემ ტელესტუდიაში მიმასპინძლა და ჩემი ლექსები მათქმევინა, მეორე დღეს ქუჩაში ყველა მცნობდა და თავს მოვალედ თვლიდა, ეკოცნა ან ეჩქმიტა მაინც. სოციალური დისტანცირება და კლასტერი მაშინ უცხო ცნებები იყო. ეს სამოციანი წლების დასაწყისი იყო და თბილისელები ერთმანეთს საქულასა და გრიქულას ანეკდოტებით აცინებდნენ, ესტრადაზე კი გიული ჩოხელი მეფობდა და მთელი თბილისი მის სიმღერებს ღიღინებდა. კაცებს ფართხუნა შარვლები ეცვათ და გაბარდინის ლაბადები. მერე ანეკდოტებიდან საქულა და გრიქულა ნელ-ნელა სეროჟამ გააძევა და ჩუმ-ჩუმად "ბითლზის" მოსმენაც დავიწყეთ...
ვერ ვიტყვი, რომ კარგი იყო თბილისი, სადაც შუა ეზოში იდგა საერთო ჩეჩმა და საბანაოდ აბანოში დავდიოდით, რადიოში­ გამუდმებთ ზიკინა გაჰკიოდა და ფილმი და წიგნი ცენზურას გადიოდა, მაგრამ ჩემი ბავშვობა ეგ იყო და ბალიშა კანფეტი, მამალო და ბატიბუტი რომ "სნიკერსს" მირჩევნია, რა გასაკვირია? რაც შეეხება მომავალს, რაკი პროფესიით არქიტექტორი ვარ, მომავალი ქალაქის წარმოდგენა არ მიჭირს. თბილისი დაიხუნძლა მაღალი შენობებით, მაგრამ თუ შვილების თაობა იყოჩაღებს და ძველ ქალაქს დაიცავს ისეთი ქაჯობებისგან, რასაც ხალხი "ოლვეისებს" არქმევს,­ კიდევ არა გვიშავს.

- ამ თბილისში რომ დადიოდა, იმ შეყვარებულ კობა ჭუმბურიძეზე მიამბეთ. სხვა შეყვარებულებივით სიგიჟეებს სჩადიოდა?
- მარქსის მოედანი ერქვა მაშინ, აწ - საარბრიუკენისა... ვდგავარ და ტროლეიბუსს ველოდები, ჩემს მომავალ "კნეინას"­ უნდა შევხვდე. ჯიბეში სტუდენტის მწირი­ დანაზოგი მიდევს, მაგრამ მაგას არ ვდარდობ. ჩვენ ხეტიალი გვიყვარდა, ეგ კი თბილ­ისში მაშინაც უფასო იყო და ახლაც. ამ დროს მოდის უბნელი, ჩემზე უფროსი სომეხი ბიჭი შურიკა და მეკითხება: "სვიდ­ანიაზე" მიდიხარ, ჯიგარო?" მის მახვილ თვალს არ გამოეპარა, რომ შედარებით მოწესრიგებულად გამოვიყურებოდი, თორემ­ ისე დღემდე დიდი აჯაჯა ვარ. პერანგის წინა ჯიბიდან ამოიღო ფული, მგონი, ხუთჯერ გაკეცილი ორი მანეთიანი და მე ჩამიდო ჯიბეში: "აჰა, გოგო კაფეში დაპატიჟე და ტორტი აჭამე". არ გაგეცინოთ - მაშინ ორ მანეთად ცხრა ნაჭერი ტორტი­ მოდიოდა. ჰოდა, კარგად წელმომაგრებული წავედი იმ პაემანზე...
დიდი ხნის შემდეგ, როცა თბილისზე ნოველების ციკლი დავწერე, ეს მართლაც ჯიგარი თბილისელი კაცი შურიკა მთავარი­ გმირის, რუბიკას ერთ-ერთი პროტოტიპი გახდა და მიხარია, რომ ჩემი რუბიკა მკითხველს ძალიან უყვარს.
სიყვარულისთვის ჩადენილი სიგიჟეები არ მახსენდება. მხოლოდ წვიმაში ხეტიალისას თუ გავლუმპულვართ...
სამწუხაროდ, ოჯახისთვის დიდი დრო არასდროს მრჩებოდა, თუმცა მეუღლემ იყოჩაღა და კარგად გამიზარდა სამი შვილი. ძალიან რთულ დროში მოგვიწია ცხოვრებამ - 90-იანებში ბავშვების გაზრდას სჭირდებოდა დიდი ომი...

- რაც ვერ ასწავლეთ შვილებს, აუცილებლად ასწავლით შვილიშვილებს?
- მე შვილებს მუდამ ვასწავლიდი იმას, რაც აინტერესებდათ, ვუზიარებდი საკუთარ­ გამოცდილებას და ვაძლევდი თავისუფლებას, რომ დასკვნები თავად ეკეთებინათ. როგორც ვხვდები, ამ მხრივ ცოტა გავუსწარი ჩვენი განათლების სისტემას. არც მამაჩემი ჩამჩიჩინებდა, რომ სამშობლო უნდა მყვარებოდა. მოახერხა, რომ ამის უთქმელადაც მიყვარს სამშობლო. შვილიშვილებთანაც ასე ვცდილობ და თან ვფრთხილობ, რადგან ჩვენი სტერეოტიპები, რომელთა გადაფასებაც ასე გვიჭირს, ხშირად გვიშლის ხელს წინსვლაში. შესაძლოა, ეს ბევრს ეწყინოს, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით ამომრჩევლის ძირითადი მასა ჩემი თაობაა, საბჭოთა კავშირიდან გადმოსული, მორჩილებას მიჩვეული, რომელსაც ცხვირწინ ისე გაუყიდეს ფლოტი და ქარხნები, რომ შვილებს ამ უზარმაზარი ქონების ნაცვლად მილიარდობით ვალს ვუტოვებთ...

- დღეს არაერთ სფეროში საქმიანობთ...
- ისეთ რთულ დროში ვიცხოვრეთ, რომ ზოგჯერ ჩემი სამი დიპლომიც კი არ მყოფნიდა, ამიტომ უამრავი სხვა საქმის კეთება მომიხდა - უროს ცემიდან წიგნების­ თარგმნამდე. ცხადია, საინტერესოც არის ასე ცხოვრება, მაგრამ პროფესიონალიზმი მაინც უფრო დასაფასებელია, ვიდრე ცოტ-ცოტა ყველაფრისმცოდნეობა. ანდაზა შემფერის ასეთი - ბერიკაცი რომ ფანდურის დაკვრას ისწავლის, საიქიოში გამოადგებაო.
თუმცა, ამჟამად საქმე მოითხოვს, რომ ჩემი ცოდნა და ენერგია, ძირითადად, ქართული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციას მოვახმარო. ათიათასობით ყმაწვილი ქუჩას ჰყავს ჩათრეული და დროზე უნდა ამ საქმეს მიხედვა.

- არაერთი ლექსი და თარგმანი ეკუთვნის­ თქვენს კალამს. რამდენი ენიდან გითარგმნიათ და როგორია ეს პროცესი?
- ლექსებს იშვიათად ვწერ. მიყვარს მივიწყებული სიტყვების ლექსით ამომზეურება. თარგმნაც ამიტომ წამოვიწყე. ჩვენი ენა ორასწლიანმა ტყვეობამ ძალიან გაახუნა­ და ახლა ზოგმა დაიჯერა კიდეც, რომ აზრის გადმოსაცემად ინგლისური უფრო სხარტია. თარგმანი აღვიძებს ენის მივიწყებულ რესურსს. ერთხელ ყური მოვკარი, როგორ ჩიოდა ერთი კარგი ლიტერატორი, როგორ უნდა იმუშაო, ან ბწკარედს ვინ გაგიკეთებს, ან წიგნს სადღა იშოვიო... მე კი არ მიყვარს ფარხმალდაყრილობა და ვცადე, საპირისპირო დამემტკიცებინა. გამოვიყენე კომპიუტერისა და ინტერნეტის რესურსები და 158 ენიდან 3100-მდე ლექსის თარგმნა მოვახერხე.

- ერთგან ბრძანეთ: "როდესაც კინო ხმოვანი გახდა, მის წინააღმდეგ პირველი ჩაპლინი­ ამხედრდა თურმე, - ხმა მოკლავს კინოსო. ჯერჯერობით მართლა ვერ შეედრება ქაღალდს ვერაფერი..." რომელი იდეა გაამყარეთ ამ არგუმენტით თუ პარალელით?
- ჩაპლინი არა მარტო ჩვეული მუნჯური კინოს დაისს განიცდიდა, არამედ მაშინდელი კინოს საძაგლად ხრიწინსაც. როგორც მახსოვს, საუბარი შეეხებოდა იმას, რომ წიგნი მუდამ იარსებებს და მას ელექტრონული ვერსია ვერასდროს ჩაანაცვლებს,­ თუმცა თიხის ფირფიტა ეტრატმა შეცვალა, ეტრატი - პაპირუსმა, პაპირუსი - ქაღალდმა, ქაღალდს კი უკვე წარმატებით ცვლის კომპიუტერი. მე თითქმის ყველაფერს ქსელში ვკითხულობ, მეტიც - ტელევიზიასაც მიცვლის.

- თამარის პორტრეტის შექმნასთან დაკავშირებით რას გაიხსენებთ? მიამბეთ მხატვრობასა და კობა ჭუმბურიძის ურთიერთობაზე.
- ამას წინათ მარო მაყაშვილის პორტრეტის დახატვა მინდოდა და ხელი თავისით გაიქცა კომპიუტერისკენ. ასე დავხატე თამარიც. უამრავი ესკიზი გავაკეთე კომპიუტერში და მერე დავიწყე ტილოზე გადატანა, მარო კი კომპიუტერშივე დავასრულე. Aარქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლისას ხატვასაც ვსწავლობდით. თამარის დახატვის მთავარი ბიძგი კუპიურაზე გამოსახულმა თამარმა მომცა. ასეც დავარქვი ამ პროცესს - "თამარის გათავისუფლება ­სპარსული წარბების უღლისგან". არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ასეთი წარბების, მაგრამ თამარის პორტრეტისთვის ეს ერთგვარ კლიშედ იქცა. დღეს ჩემი დახატული თამარი უამრავგან მხვდება და ძალიან მიხარია, თუმცა თავიდან კრიტიკოსიც ბევრი მყავდა. სიახლეს ყველგან ხიშტით ხვდებიან. მე რა სახსენებელი ვარ, როცა ბიზეს "კარმენის" პრემიერა ჩააშხამეს და იმპრესიონისტებს ლუვრში გამოფენა არ აღირსეს.

- ამდენი პროფესიიდან რომელია უფრო თქვენი?
- ვიყავი, ვარ და ვიქნები ინჟინერი. ეს პროფესიაც არის და ტვინის საგანგებო­ წყობაც.

- დამისახელეთ ხუთი ყველაზე კარგი და ცუდი თვისება ქართველებისა.
- 1. მემატიანე წერს, მონღოლები ჰკვ­ირობენ, ასე უპიროები როგორა ხართო.
2. ერთი პირიც არ გვაქვს და მაგან ჩამოგვარჩინა ძალიან.
3. რაც გვაწყობს, ის უფრო გვჯერა ხოლმე.
4. მეტისმეტად არხეინები ვართ.
5. მალემრწმენები ვართ.
ახლა, ჭკვიანი კაცი მისდგება ამ ჩემს ჩამოთვლილ ხუთ ცუდ თვისებას და კოხტად დაასაბუთებს, რომ სწორედ ამან გადაგვარჩინა და მაინცდამაინც მტყუანიც არ იქნება.

- კორონამ ცოტა ხნით დაგვავიწყა პოლიტიკა, ახლა კი ის თანდათან იბრუნებს პოზიციებს... ეს კარგია თუ არა?
- პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. ილიაც პოლიტიკოსი იყო და ექვთიმეც, მაგრამ თუ უვიცების ამარა მიაგდებ, შედეგი ცუდი იქნება პოლიტიკაშიც­ და აგრონომიაშიც... უნდა გვახსოვდეს გამონათქვამი: "არჩევნებში მიუსვლელი ამომრჩეველი ირჩევს იმ პოლიტიკოსს, რომელიც მისთვის ყველაზე მიუღებელია".
დასასრულ, პირფერობის გარეშე მოვეფერები "პალიტრას". მართლაც სამაგალითო მგონია თავის გვარში. წარმატებებს და მრავალ შემოქმედებით იდეას გისურვებთ.
გოგა
13 ივლისი 2020 16:38
ძალიან ტრაფარეტულია მთელი ინტერვიუ. არაფერი საინტერესო.
ნუგზარი
13 ივლისი 2020 07:53
საინტერესო პიროვნებაა
ძველი თბილისელი.
13 ივლისი 2020 06:38
იმ დროინდელი საბურთალო, დღევანდლის მეოთხედი? მარტო სპორტის სასახლის უკან ცხოვრობს, იმ დროინდელი, თუ მეტი არა, საბურთალოს მთელი მოსახლეობა. გაიარეთ, ოღონდ არ დაიკარგოთ და დარწმულდებით. მხოლოდ ვირები რომ დარბოდნენ და კვირაობით "ტალკუჩკები", რომ ეწყობოდა, იმ ადგილზეა საუბარი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები