"მხოლოდ აფრიკის სავანა იქნება­ დღევანდელი საბურთალოს ზოოპარკის ტოლი" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ აფრიკის სავანა იქნება­ დღევანდელი საბურთალოს ზოოპარკის ტოლი"

"ვოცნებობდი, როცა გავიზრდებოდი, გავმხდარიყავი ზოოპარკის დირექტორი, რომ სპილოსთან თამაში შემძლებოდა"

მინახავს ნაყინის ქარხნის დირექტორობაზე მეოცნებე ბავშვები (რაღა დაგიმალოთ და, თავის დროზე მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი)... სათამაშოების ქარხნის დირექტორობაზე მეოცნებეც ბევრი შემხვედრია... ჩემი დღევანდელი რესპონდენტის სამსახურზეც, ალბათ, ბევრ ბავშვს უოცნებია, ზურაბ გურიელიძემ აიხდინა ოცნება და თბილისის ზოოპარკის დირექტორია. მასთან საუბარი ზოოპარკთან დაკავშირებული სიახლეებით დავიწყეთ.

- დიდი ხანია ამბობენ, რომ ზოოპარკი იცვლის მდებარეობას, მაგრამ, როგორც ყველაფერს, პანდემიამ ამასაც შეუშალა ხელი.

- სამუშაოები განახლდა. პირველ ეტაპზე გავხსნით კავკასიის ნაწილს. პანდემიამ ბევრი გეგმის განხორციელება შეაფერხა.

- ცხოველებმა პანდემიის პერიოდი როგორ გაიარეს? - ცხოველებისთვის თითქმის არაფერი შეცვლილა. თავს კარგად გრძნობენ. ახლა გამრავლების პერიოდი აქვთ და ბევრი ნაშიერი შეგვემატა. სამწუხაროდ, ვერ ჩამოვიყვანეთ ახალი სახეობები და ჯერჯერობით ეს თემა აღარც განიხილება. პანდემიის პერიოდში ბევრი თანამშრომელი სახლში დარჩა და 30-მდე ადამიანი 150 კაცის საქმეს აკეთებდა. მათი მადლობელი ვართ.

- ზოოპარკი თბილისის ზღვაზეც იმავე ფართობის იქნება? - საბურთალოს ზოოპარკს 9 ჰექტარი უჭირავს, თბილისის ზღვაზე კი 48 ჰექტარი იქნება! ახლა უნდა დავიწყოთ აფრიკის სავანის მშენებლობა - პროექტი მზად არის და მარტო ეს ვოლიერი იქნება დღევანდელი საბურთალოს ზოოპარკის ტოლი! აფრიკის სავანაში იცხოვრებენ ბეჰემოთები, ანტილოპები, ზებრები, მარტორქები და ა.შ. განზრახული გვაქვს ჟირაფების ჩამოყვანაც.

- როგორ იქნება შესაძლებელი ახალი ზოოპარკის დათვალიერება? ცხადია, ამხელა ტერიტორიას ფეხით ვერ მოივლი... - თავიდან რა მონაკვეთსაც გავხსნით, იქ ფეხით სიარული შესაძლებელი იქნება, მერე კი ზოოპარკის ტერიტორიაზე სპეციალური ტრანსპორტი ივლის.

- ახალ ტერიტორიაზე ჯერჯერობით მხოლოდ მგლები გყავთ? - მგლები, დათვები, ნიამორები, ირმები, დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები, ფოცხვერი, დომბა, აფრიკული ველური ძაღლები და ერთკუზიანი აქლემები. ახლა ვაშენებთ ავიარიუმს ფრინველებისათვის. ეს არის ძალიან დიდი ნაგებობა - 2000 კვმ, 15 მ სიმაღლის, სადაც დიდ ფრინველებსაც შეეძლებათ ფრენა. გეგმით ავიარიუმის მშენებლობა მაისის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ პანდემიამ ეს დრო, ალბათ, აგვისტოს ბოლომდე გადასწია. დავიწყეთ მუშაობა ხოხბის აღსადგენადაც. ეს სახეობა დიდი საფრთხის წინაშე დგას.

- არადა, თბილისელი ხოხობიო... - ხოხობი არა მარტო თბილისელი, ქართველია. მისი ლათინური სახელია ფაზიანუს კოლხიკუს (Pჰასიანუს ჩოლცჰიცუს), ანუ ფაზისიდან და კოლხეთიდან არის. ქართველია, უფრო კონკრეტულად კი - მეგრელი.

- ქერა და ცისფერთვალებაა? - ქერა ჩინელი ხოხობია. ჩვენ გვყავს ოქროს ხოხობი.

- არ შემიძლია, კოსტავას ქუჩაზე ადამიანებზე ყვავების თავდასხმას არ შევეხო... - ასეთი რამ ყოველ წელს ხდება და რატომღაც ყოველ წელს ავიწყდებათ. ყვავები სოციალური ფრინველები არიან. ისინი ერთმანეთს იცავენ. როცა ყვავი თავს გვესხმის, ამ დროს ის თავის ნაშიერს იცავს, რომელიც ბუდიდან გადმოვარდა - სულ ეს იყო. რუსთაველზეც ყოფილა მსგავსი შემთხვევა... რამდენიმე წლის წინ სკოლიდან დაგვირეკეს, რომ ბახალა იყო ბუდიდან ჩამოვარდნილი. მე და ჩემი თანამშრომელი წავედით და ბახალა სახურავზე, ბუდეში დავაბრუნეთ. ამ ხნის განმავლობაში ყვავები ყურადღებით გვათვალიერებდნენ და გვეჩხუბებოდნენ.

- მართლა 300 წელს ცოცხლობს? - დიდხანს ცოცხლობენ, მაგრამ არა - 300, არამედ 60-70 წელი.

- ყველაზე ჭკვიანი ფრინველი რომელია? - ყორნისნაირები. ისე, ყორნებიც, ყვავებიც, კაჭკაჭიც ბეღურებს განეკუთვნებიან... ესენი არიან, ასე ვთქვათ, ინტელექტუალი ფრინველები. მაგალითად, ყვავები ადამიანს სახითაც იმახსოვრებენ. ჭკვიან ფრინველებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს თუთიყუში და ბატი. კონრად ლორენცმა (ზოოპტოლოგი) შეადგინა ყველაზე ჭკვიანი ფრინველებისა და ცხოველების ათეული, რომელშიც ყორნისნაირები საპატიო ადგილს იჭერენ.

ძალიან ჭკვიანები არიან დელფინები, თუმცა პირველ ადგილზე არიან ადამიანის მსგავსი მაიმუნები - შიმპანზე, გორილა, ორანგუტანგი. უამრავმა ადამიანის მსგავსმა მაიმუნმა ისწავლა ჟესტების ენა და ისინი ჩვეულებრივად ლაპარაკობდნენ. მათ შორის იყო გორილა ,,კოკო~, რომელიც 50 წლისა მოკვდა.

- თქვენი გამოცდილებით, რომელს მიაკუთვნებდით მთავარ ადგილს? - გამოცდილებიდან გამომდინარე, პირველ-მეორე ადგილს გავუყოფდი პრიმატებსა და დელფინებს, შემდეგ - სპილოს, რომელიც ასევე ძალიან ჭკვიანია. არსებობს სარკის ტესტი - ცნობს თუ არა სპილო თავის თავს სარკეში. მგელსაც შევიყვანდი ამ ჩამონათვალში, თავის ძაღლიანად, დათვსაც... ჩვენ ჯერ კიდევ ცოტა ვიცით ცხოველების შესახებ. რაც უფრო ვითარდება კვლევის ტექნიკა, უფრო მეტ და საინტერესო ინფორმაციას ვიღებთ.

- მსმენია, რომ ძაღლები დაახლოებთ 3-4 წლის ბავშვის დონეზე ვითარდებიან... - ვფიქრობ, ჩვენ უფრო ნაკლებად ვიცნობთ ძაღლებს. მგონი, ისინი გაცილებით უკეთ ვითარდებიან. მაგალითად, ჩემმა ძაღლმა იცის რამდენიმე მოკლე, სხვადასხვა ინტონაციის ყმუილი, რომლებითაც გამოხატავს გაკვირვებას, სიხარულს, მწუხარებას... ჩემს ძაღლს ჰქვია კუმა, რაც იაპონურად დათვს ნიშნავს და მართლაც ჰგავს დათვის ბელს. ძაღლებზე ვილაპარაკე და კატები არ გამინაწყენდნენ... ისინიც შესანიშნავად ახერხებენ ადამიანთან ურთიერთობას. ჩემი აიშა სპარსი კატა გახლავთ და მისი ორი შვილი - ფუმფლი და ატიკუსი ჭკვიანი ფისოები არიან.

- ოდესმე გიფიქრიათ, რომ სხვა პროფესია უნდა აგერჩიათ? - არასოდეს! სკოლიდან ხშირად ვიპარებოდი ზოოპარკში და სპილოსთან შეპარვას ვცდილობდი. ხან ორცხობილა მიმქონდა, ხან - რა და ხან - რა, რასაც, ცხადია, მიკრძალავდნენ და მაგდებდნენ. ამიტომ ვოცნებობდი, როცა გავიზრდებოდი, გავმხდარიყავი ზოოპარკის დირექტორი, რომ სპილოსთან თამაში შემძლებოდა. როგორც ხედავთ, ეს ოცნება ავისრულე.