სცენიდან მოლარეობამდე - კვირის პალიტრა

სცენიდან მოლარეობამდე

"იქნებ სიბერეში ავინაზღაურო დაკარგული წლები, იქნებ სცენის სიყვარული და მონატრება მოვიკლა..."

ბავშვობის სურვილი აისრულა და მსახიობი გახდა. ძალიან უყვარდა თეატრი, ჰყავდა მაყურებელი და ახარებდა მათი ოვაცია, თუმცა იძულებული გახდა სცენაზე უარი ეთქვა. იაგო ქავთარაძე პირველი შვეიცარი იყო, რომელიც ჩოხა-ახალუხით ეგებებოდა უცხოელ სტუმრებს. 1996 წლიდან ერთ-ერთ მაღალი დონის სასტუმროში დაიწყო მუშაობა და უცხოელ მენეჯერს შესთავაზა, კარისკაცებს ჩოხა-ახალუხი ჩაეცვათ... როგორია გზა სცენიდან მოლარეობამდე - იაგო ქავთარაძე ჩვენს ქვეყანაში ხელოვანის ბედზე გიამბობთ.

- ბავშვობაში მხატვრული კითხვის წრეზე დავდიოდი პიონერთა სასახლეში, სკოლაშიც ვმონაწილეობდი სხვადასხვა ღონისძიებაში. ზაფხულობით სოფელში რომ ჩავდიოდი, შემოვიკრებდი უბნის ბავშვებს და სპექტაკლებს ვდგამდი. იქაურებს მოსწონდათ და სულ მეუბნებოდნენ, ნამდვილად მსახიობი გამოხვალო. მერე სტუდიაშიც დავიწყე სიარული. სკოლის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად დედაჩემის წინააღმდეგობისა, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში მოვხვდი. დედა ხევსურია, მკაცრი ბუნების ქალი, და სულ მეუბნებოდა, თეატრი რა კაცის საქმეაო. საუკეთესო იყო სტუდენტობის წლები. ბუმბერაზ მსახიობებთან - გივი ბერიკაშვილთან, კახი კავსაძესთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან, გიზო სიხარულიძესთან, გიგა ლორთქიფანიძესთან ურთიერთობით დიდი სკოლა გავიარე. არ დამავიწყდება ვერიკო ანჯაფარიძესთან შეხვედრა, მაშინ მესამე კურსზე ვიყავი. როდესაც ვუსმენდი, ვფიქრობდი, მეც იგივე გზა უნდა გავიარო-მეთქი? - მსახიობის რთული გზა...

თეატრალურის დამთავრების შემდეგ მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამანაწილეს. გიგა ლორთქიფანიძე მაშინ თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე გახლდათ. დამიბარა და მკითხა, მესხეთის თეატრს ვაჟი მსახიობები სჭირდება და წახვალო? დაუფიქრებლად დავთანხმდი. ეს იყო 1991 წელი, რთული პერიოდი ქვეყნისთვის. ალბათ, ამიტომაც შემაქო ბატონმა გიგამ, კარგი ქართველი ხარ, ასეთ რთულ დროს თეატრს გვერდით რომ დაუდექიო. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, სპექტაკლები მაინც ტარდებოდა და მაყურებელიც გვყავდა. მახსოვს, სცენაზე წვიმა ჩამოდიოდა და მსახიობები არ ვიმჩნევდით, ერთიანად სველები რომ ვიყავით. ჩემი ჩასვლიდან მალევე შალუტაშვილმა დაიწყო მუშაობა ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის ისტორიულ დრამაზე "ღალატი", რომელშიც ერეკლე მეფის როლი შევასრულე... 5 წელი გავატარე სამცხე-ჯავახეთში, ამ საოცარ მხარეში...

- იქაურობას უკავშირდება თქვენი სიყვარულისა და დაოჯახების ამბავიც...

- რას წარმოვიდგენდი, რომ იქაური გოგო მომეწონებოდა. ბედნიერი ვარ, რომ მას შევხვდი. ჩემი მეუღლე, ინგა ბერიძე, არაჩვეულებრივი ადამიანია. მუსიკალური განათლება აქვს. თუ დროს გამოვნახავთ, წავიმღერებთ ხოლმე. ხანდახან ჩემი საბაც შემოგვეშველება გიტარით. ორი შვილი გვყავს - თამთა სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსს ამთავრებს, სტიპენდიანტია, საბა კი ბარმენად მუშაობს, ამ ბოლო დროს გაგვიმჟღავნა, თეატრალურში ჩაბარება მინდაო.

- რამ გადაგაწყვეტინათ თქვენს პროფესიაზე უარის თქმა? - მსახიობებს იმ დროს მიზერული ხელფასი გვქონდა, შეუძლებელი იყო ცოლ-შვილის შენახვა. ამიტომაც გადავინაცვლე სხვა სფეროში და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს როლიც მოვირგე. ამაში სწორედ ჩემი პირვანდელი პროფესია დამეხმარა. სასტუმროში კარისკაცად დავიწყე მუშაობა.მერე მიმტანი ვიყავი, სერვისმენეჯერი, გენერალური მენეჯერი, დირექტორი. დღეს რესტორატორთა ასოციაციის წევრიც ვარ.

კარანტინის პერიოდში კი, უმუშევრად დავრჩი. ოჯახი რომ მერჩინა, სუპერმარკეტში მოლარის ვაკანსიაზე სტაჟირება გავიარე და მუშაობა დავიწყე. აქაც მსახიობური ნიჭი დამეხმარა და სიტუაციას მოვერგე. ასე რომ, მომსახურების ეს სფეროც შევისწავლე, თუმცა მანამდე ვერ წარმოვიდგენდი, მოლარის სკამზე თუ აღმოვჩნდებოდი. რაკი სარესტორნო ბიზნესი უკვე ამუშავდა, კვლავ ჩემს საქმეს დავუბრუნდები...

იყო დრო, როცა სცენაზე ვიდექი, მაყურებელი ტაშს მიკრავდა. ჩემთვის სხვა სფეროში გადანაცვლება, ასე ვთქვათ, ჩამოქვეითება იყო და, ბუნებრივია, გული მწყდებოდა.

სცენა დავთმე, თუმცა დღესაც ჩემს როლებს სიზმრებში ვხედავ, დიალოგებიც კი მახსოვს. არ ვტოვებ არც ერთ პრემიერას, კულტურულ ღონისძიებას, რისთვისაც ჩემი მსახიობი თუ მომღერალი მეგობრების მადლიერი ვარ. მათ დიდი წვლილი მიუძღვით, რომ თეატრს, ხელოვნებას არ ჩამოვცილდი.

კასტინგის ბაზაში ვარ და რამდენიმე ფილმში ეპიზოდური როლები შევასრულე - ოთარ შამათავას "ფსიქოპატთა თამაშებში" ინსტრუქტორის როლი ვითამაშე, მებრძოლის - ფილმში "ურსუსი", რომელიც ჯერ არ გამოსულა და რომელსაც ოთარი უკრაინელებთან ერთად იღებდა. ფილმში თამაშობენ დათო ქაცარავა, ნიკა თავაძე, მაკა შალიკაშვილი... სულ მალე კი "იდეალურ დედაშიც" გამოვჩნდები - პატრულის როლზე დამამტკიცეს.

თუ მსახიობი ხარ, დიდსა და პატარა როლს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, როგორ შეასრულებ. იქნებ სიბერეში ავინაზღაურო დაკარგული წლები, იქნებ სცენის სიყვარული და მონატრება მოვიკლა... ახლა პირველად უნდა გავამხილო, რომ ფილმების გახმოვანების დიდი ინტერესი მაქვს. ვნახოთ, იქნებ ვინმე დაინტერესდეს ჩემით. პანდემიამდე ევროპა მოვიარე, ვიყავი იტალიაში, ვნახე ლა სკალა, ვერონა... საფრანგეთშიც ვიყავი, პარიზმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე... სამწუხაროდ, უცხოეთში უფრო ფასდება შემოქმედის შრომა, თუმცა სამშობლოს მიტოვება არასდროს მიფიქრია. ხომ შეიძლება, გვერდით დაუდგნენ ხელოვან ხალხს? ნიჭიერი ადამიანი ხელოვნების ტაძრის გარეშე არ უნდა რჩებოდეს.

ნინო ჯავახიშვილი