"ყოველთვის ვეუბნები ახალგაზრდებს, არ დაინდონ არც მამები, არც პაპები, რადგან ჩვენ ვერ ავაშენეთ ეს ქვეყანა"
"ყოველთვის ვეუბნები ახალგაზრდებს, არ დაინდონ არც მამები, არც პაპები, რადგან ჩვენ ვერ ავაშენეთ ეს ქვეყანა"
"ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლაც იშენებს ტაჯმაჰალს და საიდან?! რას ქმნის ისეთს, რომ თავს ამის უფლებას აძლევს?!"

მსახიობი კახა გოგიძე ცნობილ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" პრეზიდენტ სულიკო დარდიანიძის როლს ასრულებს. მასთან საუბრისას შევეხეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს - მსახიობის პროფესიას, ქვეყნის პრობლემებს, მოახლოებულ არჩევნებს...

- საქართველოში ჩვენს პროფესიას სერიოზულად არ აღიქვამენ. შექსპირის ფრაზა მინდა მოვიყვანო. ჰამლეტი ამბობს: ,,საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოს მსახიობის ყბაში ჩავარდნას". არ შეიძლება შემოქმედი ხალხის ასეთი უგულებელყოფა.

- "კოვიდ-19"-ის
ფონზე, ალბათ, უფრო მეტი სათქმელი და პრობლემა გაჩნდა...
- ამ შემთხვევაში კატეგორიულად ვერ­აფერს მოვითხოვ, რადგან ვხედავ, ქვეყანა­ რა დღეშიც არის. მადლობა ღმერთს, ჩვენს ექიმებს და ყველას, ვინც მათ დაუჯერა, რომ შედარებით კარგად გავართვით თავი.

- რამდენი ხნით გადაიდო მსახიობების საქმიანობა?
- ვარაუდობენ, რომ ვირუსის მეორე ტალღა აგორდება.
ვნახოთ... ეს თუ მოხდა, კიდევ დიდი ხნით შეფერხდება კულტურული ცხოვრება.

- თქვენ პანდემიის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენეთ...
- ქარელის რაიონში სოფელი მაქვს - ძლევისჯვარი, და 1 ჰექტარი მიწა... ჰოდა, წამოვიწყე საქმიანობა. ვაზი გვაქვს, დირბულა. მინდა ნუშის ბაღიც გავაშენო, მაგრამ ეს იმაზე ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. გვეუბნებოდნენ, სესხი გაიცემაო, მაგრამ იმდენი საბუთი მომთხოვეს, ვერ მოვახერხე. სახელმწიფო სოფლის მეურნეობის აღორძინებაში უფრო მეტად უნდა დაგვეხმაროს, მით უფრო ახლა, როცა აღმოჩნდა, რომ საქართველო არაფერს აწარმოებს და მხოლოდ ტურისტების იმედად არის.

- სერიალში რა ხდება?
- ახლახან დამირეკეს, გადაღებები განახლდებაო, თუმცა როდის, არ ვიცი.

- მოგწონთ პრეზიდენტობა?
- ჩემს გმირს მოსწონს - კაის ჭამს, კაის სვამს... სინამდვილეში, დიდი პასუხ­ისმგებლობა და რისკია. არ მომწონს, ერთმანეთს თანამდებობას რომ ულოცავენ - გილოცავ, მინისტრი გახდიო... რას ულოცავ? პირიქით, ამ დროს შეიძლება მიუსამძიმრო, ეს რა შარში გაყავი თავიო. კომუნისტებისგან მოდის, რომ კარგი თანამდებობა ფულის კეთებას ნიშნავდა, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლაც იშენებს ტაჯმაჰალს და საიდან?! რას ქმნის ისეთს, რომ თავს ამის უფლებას აძლევს?!

- მართლაც რომ იყოთ პრეზიდენტი, რას გააკეთებდით?
- დავიწყებდი დეოკუპაციაზე ზრუნვას. ამის შემდეგ იწყება ეკონომიკური პრობლემები და სხვა... შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და შენ აქ უმცირესობებს დასდევ?­ თან ერთმანეთს ჭამთ?!
არის კატეგორია, რომელსაც ციხიდან არ გამოვუშვებდი - ესენი არიან ქვეყნის მტრები, პედოფილები... მათ კი, ვინც მთვრალი ან ნარკოტიკით გაბრუებული ჯდება საჭესთან, სამუდამოდ ავუკრძალავდი მანქანის ტარებას.

- პოლიტიკური თვალსაზრისით ცხელი ზაფხული გველოდება. თქვენ რას ელით?
- კარგს არაფერს. მალე 50 წლის გავხდები და ვნახე აქაური ბატალიები...
არჩევნების წინ ყოველთვის ხელჩართული ბრძოლა იწყება, იმიტომ, რომ ძალაუფლების სიყვარული ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი. როცა ადამიანი თანამდებობაზე ინიშნება, ისე იბღინძება, თითქოს ეს პოსტი მემკვიდრეობით ერგო. დარწმუნებული ვარ, კატასტროფულად დაიძაბება ვითარება...
როგორ შეიძლება, ადამიანი მხოლოდ იმის გამო მძულდეს, რომ ჩემსავით არ ფიქრობს?! პოლიტიკოსები თავიანთ პროგრამას, ქვეყნის განვითარების გეგმას კი არ მაცნობენ, გამოდიან და ერთმანეთს ლანძღავენ, თან მარწმუნებენ, სხვაგან უარესი ხდებაო... შეიძლება, მაგრამ მე ჩემი ქვეყანა მადარდებს...

- რომ შემოგთავაზონ, პოლიტიკაში მოსინჯავდით ძალას? რამდენი მსახიობი გახდა პოლიტიკოსი...
- რეიგანი მსახიობი გახლდათ და იცით, როგორი პრეზიდენტიც იყო, მაგრამ ყველა რეიგანი ვერ ვიქნებით... მსახიობები ემოციურები ვართ, ემოცია და პოლიტიკა ერთად იგივეა, რაც წყალი და ზეთი. დიპლომატია გვჭირდება. ადამიანს, რომელიც ემოციებს ვერ აკონტროლებს, პოლიტიკაში რა უნდა?

- კარგ პოლიტიკოსს რა თვისებები უნდა ჰქონდეს?
- უნდა იყოს გაწონასწორებული, პატიოსანი... მხოლოდ ტრადიციებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან ადამიანი, რომელიც წარსულით ცხოვრობს, მომავალს ვერ შექმნის... დიდსულოვანი უნდა იყოს, უნდა შეეძლოს ბევრის მოთმენა და პატიება. სითამამე და თავხედობა, იუმორი და სარკაზმი, ამპარტავნება და ღირსება ერთმანეთში არ უნდა ერეოდეს. ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო... ბინძური მაშინ არის, როცა ბინძურ ადამიანს აბარია. ეს სტერეოტიპიც უნდა მოიშალოს!
ჩემი თაობა მოესწრო იმ დროს, როცა თავისუფალი არ იყო ჩვენი ქვეყანა. ჩვენი შვილები კი მაშინ დაიბადნენ, როცა თავისუფლების მოპოვებას ვიწყებდით. ყოველთვის ვეუბნები ახალგაზრდებს, მკაცრები იყვნენ ჩვენ მიმართ. არ დაინდონ არც მამები, არც პაპები, რადგან ჩვენ ვერ ავაშენეთ ეს ქვეყანა. ჩვენ დავამსხვრიეთ ბორკილები, მათ კი უნდა ააშენონ ახალი საქართველო!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები