300-წლოვანი თუთის გადასარჩენად... - კვირის პალიტრა

300-წლოვანი თუთის გადასარჩენად...

პატრიარქ ხეებზე თუ გსმენიათ რაიმე? ეს საუკუნოვანი ხეები ყველგან დაცულია - ისინი ასწლეულების მოწმენი არიან, ამიტომაც ანიჭებენ სტატუსს და უფრთხილდებიან, მათ შორის ჩვენთანაც. ასეთია, მაგალითად, თელავის 900-წლოვანი ჭადარი ან ქვიშხეთის 500-წლოვანი წაბლი, რომლის ჩრდილში გიორგი სააკაძის ლაშქარმა იქეიფა ტაშისკარის ბრძოლის მოგების შემდეგ. აი, მოსკოვის პროსპექტის 300-წლოვან თუთას ნამდვილად არ გაუმართლა - ძალზე სავალალო მდგომარეობაშია და ლალი წილოსანი უვლის, მან კი ეს წერილი გამოგვიგზავნა:

"გამარჯობა "კვირის პალიტრა". იქნებ დამეხმაროთ - 10 წელიწადია ჩვენს ეზოში 300-წლოვან თუთას ვუვლი, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე, ვერ მოვერიე იმ პრობლემას, რომ თუთის გარშემო ტერიტორია ტუალეტად არ გადაქცეულიყო და ზედ ნაგავი არ დაეყარათ. მეშინია, რომ ამ ყველაფრით ამ იშვიათ ხეს გაახმობენ. ასე რომ, გვიშველეთ და აცნობეთ ამ ხის შესახებ შესაბამის სამსახურებს!"

წერილის წაკითხვის შემდეგ, ქალბატონი ლალიც ვნახეთ და 300-წლოვანი თუთაც.

- ამ უბანში საცხოვრებლად 20 წლის წინ გადმოვედი და მაშინვე შემაწუხა ნაგვით სავსე ეზოს დანახვამ. განსაკუთრებით იმ ფერდობზე დაგროვილმა ნაგავმა, რომელზეც სხვა მცენარეები და მათთან ერთად თუთაც დგას. განსაკუთრებით თუთა მეცოდებოდა: მთელი კორპუსი პაპანაქება სიცხეში მისგან იჩრდილება, ყველა ამვლელ-ჩამვლელი კი მას აყრიდა ნაგავს. თუთის გარშემო ტერიტორია (ორ ავტოფარეხს შორის მოფარებული ადგილია) ტუალეტად აქციეს. მოკლედ, ერთ დღეს ეზოს დასალაგებლად რომ ჩავედი, მას შემდეგ აღარც შემიწყვეტია ამ თუთისა და ფერდობის დასუფთავება. პანდემიისას მის გარშემო დაყრილ ტონობით ნაგავსაც მივადექი და ვზიდე, ნახევრამდე დავიყვანე.

- პროფესიით ვინ ხართ? - მთარგმნელი და გიდი. ზოგიერთს უკვირდა, ქალბატონო ლალი, ამ ნაგავს აქ 50 წელია ყრიან და რა გრჯითო. ძნელია ახსნა, რატომ უნდა გიყვარდეს მცენარეები. ისე, გენეტიკაც მიწყობს ხელს - ჩემი ბაბუა აგრონომი იყო, ის, ვინც აჭარაში ჩინელებთან ერთად ჩაი შემოიტანა.

მე ვეღარ ვერევი ამ საქმეს და იმიტომაც მოგწერეთ. მოსკოვის პროსპექტის ქვემო ნაწილში, სადაც ახლა თუთა დგას, მეფის ბაღები ყოფილა, მასთან ერთად კი წმინდა ბარბარეს ტაძარი (ახლაც არის), სადაც ერეკლე მეფე დადიოდა სალოცავად. ეს შავი თუთა, ალბათ, ერთადერთია, რაც მეფის ბაღებიდან გადარჩა, მაგრამ ახლა ვეღარ გადარჩება, თუ შესაბამისი სტატუსი არა მიენიჭა და ის ტერიტორია, სადაც თუთა დგას, წითელ ზოლად არ იქცა. მერიაში დახმარების სათხოვნელად მისულს გონება ისე ამირიეს, მეშინია, აქ მშეEნებლობა არ დაიწყონ და თუთა არ მოჭრან. თუთა უნდა შეისწავლონ და უხუცესი ხის სტატუსიც მიანიჭონ. როგორც გითხარით, გიდი ვარ და ჩემი ერთი ჰოლანდიელი სტუმარი გაოცდა, ამხელა სიმდიდრე გაქვთ და რატომ არ უვლით, მე მოვალ და დავასუფთავებო...

ჩვენ დავუკავშირდით თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, რომლის განცხადებით, "ამჟამად ასაკოვანი ხეებისთვის სტატუსის მინიჭება მერიის პრეროგატივას არ წარმოადგენს, თუმცა მერია არ დაუშვებს ხის მოჭრას, რადგან თუთა მოჭრის სანებართვო კატეგორიის ხეა. თუთის ხის მოჭრა კანონმდებლობით ისჯება, ხოლო იმ თუთის ხის მოჭრა, რომლის ღირებულება 1.000 ლარს აღემატება, სისხლის სამართლის კანონმდებლობით. რაც შეეხება აღნიშნული თუთის ხისა და მის გარშემო მცირე არეალის კეთილმოწყობას, მოსახლეობას შეუძლია მიმართოს მერიას, რომელიც განიხილავს საკითხს და შეეცდება მათი სურვილი დააკმაყოფილოს".