"გზის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ისევ გაუკეთებელია" - კვირის პალიტრა

"გზის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ისევ გაუკეთებელია"

ჟინვალი-ბარისახოს გზის გაყვანა წლებია მიმდინარეობს და უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო ტურისტებისათვის, არამედ სოფლებისთვისაც, რომლებიც წლების განმავლობაში უგზოობით იყვნენ გაწამებული, ახლა კი მოუთმენლად ელიან გზის დასრულებას. თუმცა, როგორც ირკვევა, ვერაფრით მოუარეს იმ პრობლემას, რომელიც იმას ჰგავს, გველეშაპი რომ წყალს დაეპატრონება და წყურვილის მოკვლის საშუალებას არავის აძლევს, რის შესახებაც გოგი ჭინჭარაულმა მოგვწერა ბარისახოდან.

"არასოდეს ვყოფილვარ უმადური და არც ახლა ვიქნები - ჟინვალ-შატილის გზის ზოგიერთი მონაკვეთი ისე გაკეთდა, ფშავ-ხევსურეთის მგზავრებმა ამოვისუნთქეთ. თუმცა სატანჯველი არ გამოგველია - ამ გზის ერთ-ერთი, ყველაზე საპასუხისმგებლო და დაზიანებული მონაკვეთი, სოფელ თვალივიდან კაწალხევამდე, თითქოს ჯადო დაადესო, ისევ გაუკეთებელია. არადა, სწორედ ეს მონაკვეთია ამ გზის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, სადაც ფშავ-ხევსურეთისკენ მიმავალმა ოცმა სოფელმა უნდა გაიაროს.

გზის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა კომპანია აკეთებს. იმ კომპანიამ, რომელიც გზის ამ ნაწილში მუშაობდა, სამუშაო მიატოვა, ახალი კი აღარ მოდის. შარშან მაღაროსკარელები გაიფიცნენ, მოვიდა დუშეთის წარმომადგენლობა, დაჰპირდა ხალხს, გავაკეთებთო, მაგრამ... იქნებ თქვენ რომ ჩაერიოთ, მაშინ მაინც დაგვადგეს საშველი".

ჩვენ დავუკავშირდით დუშეთის ინფრასტრუქტურის სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ჩვენ თვალს მივადევნებთ ამ საკითხს და თუ საჭირო შეიქნა, დავუბრუნდებით...