"ვაჭარ კალანდაძის სახლი ჩოხატაურში საუკეთესო ტურისტული ადგილი იქნება" - კვირის პალიტრა

"ვაჭარ კალანდაძის სახლი ჩოხატაურში საუკეთესო ტურისტული ადგილი იქნება"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ერთი საინტერესო და თავისი კუთხის მოყვარული ქალი ცხოვრობს და ამას წინათ ისეთი კარგი საქმე გააკეთა, მთელმა ჩოხატაურმა უთხრა მადლობა - მისი დამსახურებით ამ ლამაზ კუთხეში ისეთი იდუმალი და საოცარი სახლი გაცოცხლდება, როგორზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება. ეს ამბავი კი ასე მოხდა: ქალბატონ ნაზი

ბერძენიშვილს მთელი ჩოხატაური აქვს მოვლილი და მათ შორის სოფელი ხიდისთავიც. ერთ დღეს ხიდისთავის უცნობ ბილიკზე გაიარა და გაოცებული გაჩერდა: მის თვალწინ სამოთხესავით მწვანე გორაკზე ისეთი სახლი იდგა, ზღაპრებში რომ აღწერენ: მიტოვებული და იდუმალი, თითქოს ხელს რომ გიქნევს და გეძახის, მოდიო. მასაც ბევრი არ უფიქრია, თითქმის ჩამოვარდნილი ჭიშკარი შეაღო და მიტოვებულ სახლში შევიდა.

- გაოცებული ვიყავი. მთელ ჩოხატაურს ვიცნობ და როგორ გამომრჩა ეს სახლი, ვერ გამიგია. თითქოს "სხვა სამყაროდან" ჩამოუშვეს. ვაღებდი მოყანყალებულ კარს და რამდენ ოთახშიც შევდიოდი, გაოცება მემატებოდა. ამ ფუფუნებითა და გემოვნებით გაკეთებულ სახლში ერთ დროს ცხოვრება დუღდა... იატაკი იმდენად გამძლე საღებავებით იყო მოხატული, კარგად რომ არ დავკვირვებოდი, მოზაიკა მეგონებოდა. იქვე, ბუხარზე, ამ სახლის ბინადარ ქალ-ვაჟთა ფოტო იდო.

- გარშემო სულ არავინ იყო?

- არავინ ისეთი, ამ სახლის პატრონის ვინაობა რომ მეკითხა. წამოვედი და სოციალურ ქსელში ავტვირთე ფოტოები, ვინ არის ამ სახლის პატრონი-მეთქი და ვინაობაც გავიგე - ვაჭარი ყოფილა, გვარად კალანდაძე, იმ თაობის კაცი, რომელიც რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდა და, სავარაუდოდ, მთელ ევროპაში ვაჭრობდა.

- შთამომავლობა არ დარჩენია? - როგორც გავიგე, ცხრა შვილი ჰყოლია. ალბათ, ვეღარ შეძლეს ამ სახლის მიხედვა, თორემ ხომ უპატრონებდნენ. ჩემს ფოტოებს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მუნიციპალიტეტი დაინტერესდა და სახლის აღდგენის სურვილი გამოთქვა - ვაჭარ კალანდაძის სახლი ამიერიდან ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილი იქნება ჩოხატაურში. როგორც მითხრეს, ამ სახლის შთამომავლებიც მოძებნეს და მათაც შეუთანხმდებიან. გულით გამიხარდება, როცა ამ მშვენიერ სახლს აღდგენილს დავინახავ და ასეთ სილამაზეს სხვებიც იხილავენ.