"ჩვენ მზე ძლიერი ამოფრქვევის დროს "გამოვიჭირეთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ მზე ძლიერი ამოფრქვევის დროს "გამოვიჭირეთ"

"პროცესს კანარის კუნძულზე, მსოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი მზის ტელესკოპით ვაკვირდებოდით. როდესაც ის ლაქა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით, მზის კიდეს მიუახლოვდა, სწორედ მაშინ მოხდა უძლიერესი ამოფრქვევა. დაკვირვებაში ხელი შეგვიწყო მზის მაგნიტური მარყუჟების იდეალურმა განლაგებამაც..."

დიდი ბრიტანეთის აბერსტუითის უნივერსიტეტის (უელსი) დოქტორი, ქართველი ასტროფიზიკოსი დავით ქურიძე მზისა და ვარსკვლავების კვლევებზე მუშაობს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ასტროფიზიკოსების ჯგუფმა, რომ მზის გარემაგნიტური ველი ათჯერ ძლიერია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს ასტროფიზიკოსთა შორის ერთ-ერთ ძლიერ მკვლევრად ითვლება, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

- როდესაც საქმე მზეს ეხება, თითქოს მას მხოლოდ კოსმოსურ ობიექტად ვერც აღვიქვამთ, იმდენად განუყოფლად არის მასთან კაცობრიობა დაკავშირებული, მათ შორის უძველეს ქართველებს მზის ტაძრებიც გვქონდა.

- დიახ, ასეა. ჩვენამდე მოვიდა, მაგალითად, ნეკრესის მზის ტაძრის ნაშთი, რომლის არქიტექტურულ სტრუქტურაში ერთ-ერთი უძველესი ასტრონომიული კალენდარია მოცემული (მზის ბუნიობები, დაბნელებების თარიღები). ჩვენი ისტორიის ყველაზე დრამატული და მასშტაბური მოვლენაც, რომელიც თითქმის ქვეყნის მეორედ დაბადებას გაუტოლდა, ვგულისხმობ გაქრისტიანებას, სწორედ მზის დაბნელებასთან არის დაკავშირებული. დღეს უკვე ზუსტად ვიცით, რომ მირიან მეფის დროს, 319 წელს, მართლაც იყო მზის სრული დაბნელება საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც "ქართლის ცხოვრების" მიხედვით დაბნელება მოხდა. როგორც მემატიანეები აღწერენ, ეს ნაშუადღევს მოხდა, რაც ნასას კატალოგებშიც ასე ფიქსირდება: 15:35 სთ.

საზოგადოდ, ადამიანის არსებობა და დროის აღქმა მზეს უკავშირდება. როდესაც ვიბადებით, მზის გარშემო მოძრაობას ვიწყებთ. საკუთარ თუ სხვის ასაკსაც მზის გარშემო მოძრაობის მიხედვით ვითვლით - მაგალითად, როცა ვამბობ, რომ ვარ 40 წლის, ვგულისხმობ, რომ მზის გარშემო 40-ჯერ მაქვს შემოვლილი.

- და ამასობაში მზის მაგნიტური ველი, რომელიც მზის ამოფრქვევებსა და ქარიშხლებს მართავს, 10-ჯერ უფრო ძლიერი ყოფილა, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. - მზის სისტემის ყველა პლანეტა იმ ჰელიოსფეროს ბინადარია, რომელიც მზის მაგნიტური ველით არის სავსე. მზის მაგნიტური ველი წარმოქმნის დამაგნიტებულ ქარებსა და ამოფრქვევებს, რომლებიც მიემართებიან მზის სისტემის პლანეტებისკენ და ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ მათზე. მართალია, დედამიწას ამ ქარებისგან საკუთარი მაგნიტური ველი იცავს, მაინც არის შემთხვევები, როდესაც მზის მაგნიტური ქარიშხლები არღვევენ დედამიწის ფარს. ეს დიდ საფრთხეს უქმნის საკომუნიკაციო და ელექტრონულ სისტემებს. ამჟამინდელი მაგნიტური ველის გაზომვა დაგვეხმარება, რათა ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ კოსმოსური ამინდის პროგნოზირებისთვის. მზის მაგნიტური ველის გაზომვა ურთულესი ასტროფიზიკური ამოცანაა... ჩვენ ვცდილობთ ეს ველი დისტანციურად, 150 მილიონი კილომეტრით დაშორებული ტელესკოპებით გავზომოთ. გაზომვები, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ, მართლაც უნიკალური იყო: ჩვენ მზე ძლიერი ამოფრქვევის დროს "გამოვიჭირეთ". პროცესს კანარის კუნძულზე, მსოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი მზის ტელესკოპით ვაკვირდებოდით. როდესაც ის ლაქა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით, მზის კიდეს მიუახლოვდა. სწორედ მაშინ მოხდა უძლიერესი ამოფრქვევა. დაკვირვებაში ხელი შეგვიწყო მზის მაგნიტური მარყუჟების იდეალურმა განლაგებამაც.

- ამ ამოფრქვევამ დედამიწაზე პრობლემები შექმნა?

- დაფიქსირდა ძალზე ძლიერი გეომაგნიტური შტორმი და სატელიტურ კომუნიკაციებს შეფერხებები ჰქონდათ. განსაზღვრულ სიმაღლეებზე თვითმფრინავების ფრენებიც შეიზღუდა. თუმცა ამ სირთულეების მიუხედავად, ჩვენ შამპანური მაინც გავხსენით და ვიზეიმეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვან კვლევებს დავუდეთ სათავე.

- მსგავსმა აღმოჩენებმა კაცობრიობას ბევრი სიკეთისკენ გაუხსნა გზა. - კოსმოსურმა აღმოჩენებმა არაერთი პრაქტიკული მნიშვნელობის საქმე გააკეთა ჩვენს ცხოვრებაში. მაგალითად, ასტროფიზიკური სურათების დამუშავების მეთოდებს ხშირად იყენებენ მედიცინაში, მაგალითად, სიმსივნური უჯრედების დამზერისთვის. დიდი ხანია მიდის მუშაობა, თუ როგორ მივიღოთ ენერგია თერმობირთვული რეაქციით, ზუსტად ისე, როგორც მზეზე ხდება, რთული ამოცანაა რამდენიმე მილიონ გრადუსზე გახურებული მატერიის ლაბორატორიაში შექმნა, კონტროლი და მართვა. თუ ეს შევძელით, მხოლოდ წყალიც კი მოგვცემს იმ რაოდენობის ეკოენერგიას, რომელიც დედამიწაზე ყველაფერს მოამარაგებს. ამას ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მზე საუკეთესო ლაბორატორიაა, სადაც ვსწავლობთ, როგორ გავაკეთოთ ეს.

- როგორც ცნობილია, ტელესკოპი "პარკერი" მზეს ყველაზე ახლო მანძილზე 2021 წელს მიუახლოვდება. რას ელით მისგან?

- "პარკერი" მართლაც უნიკალური კოსმოსური ტელესკოპია და ის მზეს 6 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდება, თან ისე, რომ მითური იკაროსივით ფრთები არ "დაეწვება". ამასთანავე, ის ადამიანის შექმნილი ყველაზე სწრაფი ობიექტია. მისი სიჩქარე 690 000 კმ/სთ-ს მიაღწევს. ასეთი სიჩქარით მთვარეზე ნახევარ საათში შეიძლება მიფრენა. როგორც ვიცი, ამერიკელები გეგმავენ მთვარეზე მაღაროების გათხრას...

- მასკის თანამგზავრებზე რას იტყვით, რომელიც მთელ დედამიწას ინტერნეტით უზრუნველყოფას ჰპირდება. - ეს შესანიშნავი პროექტია. თუმცა ასტრონომები აპროტესტებენ. მეცნიერებს სუფთა ცა სჭირდებათ კოსმოსზე დასაკვირვებლად, ამდენი მანათობელი ხელოვნური ობიექტი კი დაკვირვებას ხელს შეუშლის... თუმცა, მასკის ამ პროექტით კერძო კომპანიის ხომალდით ასტრონავტები პირველად გაიყვანეს კოსმოსურ სადგურზე - ეს ნიშნავს, რომ კოსმოსის ისტორიაში ახალი ფაზა დაიწყო. სადგური დედამიწიდან 408 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი მიზანია კაცობრიობამ კოსმოსში რეგულარულად ყოფნის გამოცდილება შეიძინოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კოსმოსის მომავალი ათვისებისთვის. ნასას და ილონ მასკის დამსახურებით უკვე გვყავს ახალი თაობის მობილური, შედარებით იაფი და სწრაფი ხომალდები ამ სადგურზე ასტრონომებისა და ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.

- ხომ არ დადგება დრო, როდესაც მზე დედამიწას ავნებს? - ბოლო რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში მზე დედამიწის მიმართ მშვიდია - იქ არ ხდება იმ სიძლიერის ამოფრქვევები, რომ დედამიწა დაზიანდეს. თუმცა მზეს ჰქონია "გადახვევებიც"... შედარებით ახლო წარსულიდან ყველაზე ძლიერად ითვლება 1859 წელს მომხდარი ამოფრქვევა. მან იმ პერიოდის სატელეფონო კომუნიკაციები (ტელეგრაფი) გააჩერა. ამ დროს ამოფრქვევების თანმხლები ჩრდილოეთის ციალი "ავრორა" აფრიკაშიც კი გამოჩნდა. მზე საპირისპიროდაც "მოქცეულა" მაგალითად, XVII საუკუნეში მოულოდნელად შეწყვიტა 11-წლიანი მაგნიტური აქტიურობა. ამან ძალიან იმოქმედა კლიმატზე, დედამიწაზე იმ პერიოდში ჩვეულებრივზე უფრო ცივი წლები იყო. მაგალითად, ზამთარში ტემზა იყინებოდა, რომელიც არასდროს იყინება.

მზე, ალბათ, მომავალშიც შემოგვთავაზებს სიურპრიზებს. თუმცაღა ის ყოველთვის იმ მაცოცხლებელი ენერგიის წყაროდ დარჩება, რომელიც სიცოცხლეს და შემეცნებას მოემსახურება.