"ჩაძირული ქვები" რაჭის "უფლის ყანაში" - კვირის პალიტრა

"ჩაძირული ქვები" რაჭის "უფლის ყანაში"

"სოფელ კვირიკეწმინდის მიტოვებულ სასაფლაოზე ორი მინიატიურული ეკლესია იმდენად დიდებულ იერს აძლევს ამ მივიწყებულ გარემოს, დიდხანს რჩები გარინდებული"

ალბათ, ყველა ადამიანი საკუთარი მისიით არის დაბადებული - ვიღაც თუ ანგრევს, ვიღაც აშენებს, დანგრეულს აღადგენს და ინახავს. ეს უკანასკნელნი რომ არა, ალბათ, ძალიან ცუდად იქნებოდა საქმე. რაჭაში ცხოვრობს კაცი - გია ბერიშვილი, რომელიც ათეული წლებია დაცარიელებულ სოფლებში მხოლოდ იმიტომ დადის, რომ ხავსმოკიდებულ ისტორიას ხავსი გადააცალოს. ამ კაცს "ჩაძირული" ქვები მიწიდან ამოაქვს, ასუფთავებს და ისევ სამზეოზე დებს. ზოგიერთი სოფელი იმდენად დაცარიელებულია, მხოლოდ მისი ფეხის ხმა ისმის, მაგრამ სწორედ ამიტომაც დადის - სადაც ფეხის ხმა აღარ ისმის, სწორედ იქ არის მეტად საჭირო ყველაფრის მოვლა. არადა, მისთვის ეს საქმე არავის დაუვალებია: პროფესიით ისტორიკოსი ონის მუზეუმში მუშაობს, სადაც მუდამ მყუდროდ იქნებოდა, რომ არა საკუთარი გულის ხმა, ამ გულს კი იმდენად უჩუმრად უყვარს საქმის კეთება, ლამის ყოველი სიტყვის ძალით "გამოგლეჯა" მომიხდა.

- როდის დაიწყეთ ხეტიალი რაჭის უძველეს ეკლესიებსა და სასაფლაოებზე?

- პირველად 18 წლის წინათ გავედი ჩემი მხარის "ცოცხალი ისტორიის" საგულშემატკივროდ. ვხედავდი, რომ ბევრი რამ იყო მოსასწრები და შესასწავლი.

ჩვენი წინაპრები იმ ფიქრამდე მივიდნენ, რომ თავიანთი ტკივილი და დარდი ქვაში გამოესახათ.

რაჭული საფლავების ქვების დიდი ნაწილი მიწითაა დაფარული. ამიტომაც უნდა მოძებნო, მიწიდან ამოიღო და ხელახლა შეახედო მზეს, რათა გამოჩნდეს, როგორ შეეძლო ჩვენს წინაპარს მწუხარების გადმოცემა. ზოგიერთი სამარის ქვა იმდენად ლამაზი და სევდიანია, ისე მოქმედებს ადამიანზე, როგორც ხელოვნების ქმნილება. ამ სამყაროს "უფლის ყანას" ვეძახი. ასე ეძახდნენ ძველი მამები სასაფლაოს ქვის ხუროთმოძღვრებას.

ახლა საბედნიეროდ, მარტო აღარ დავდივარ - მე და ჩემი მეგობარი დათო ჯაფარიძე დავეხეტებით და საოცრად ბედნიერი ვართ, როცა რაიმე ახალს მივაგნებთ. აი, ახლა თქვენც კარგ ხასიათზე გესაუბრებით, რადგან სოფელ სევაში ისეთ ქვას მივაკვლიეთ, რომელზეც ჩვენს წინაპრებს დიდი შრომა გაუწევიათ.

- რაჭის ქვის ხუროთმოძღვრება, უპირველესად კი ტაძრების, მართლაც გასაოცარია - ზოგიერთი ნაკეთობა ცოცხალივით საუბრობს და არა მხოლოდ ჩვენთვის, მაგალითად, სოფელ ჯოისკარის ტაძრის ბარელიეფს "განკითხვის დღე" იუნესკოს ვებგვერდებზე შეხვდები. - ჯოისუბნის "განკითხვის დღე" X საუკუნეშია ამოკვეთილი და მართლაც არაერთ უცხოურ საიტზე გამოჩნდა. სასწაულია, ქვაზე ასე სულის შემძვრელად გამოისახებოდეს ამქვეყნიურ შეცდომებზე წუხილი და იმქვეყნიური ცხოვრების ადამიანური შიში.

ენით აღუწერელი შვება ვიგრძენი, როდესაც იოანე ჩიქვილაძის საფლავის ქვას მივაგენი სოფელ სომიწოში. ის XIX საუკუნის დასაწყისის უდიდესი ხატმწერი იყო. ეს პერიოდი ხომ ჩვენი ისტორიის უმძიმესი პერიოდია, მაგრამ ეს კაცი მაინც ახერხებდა, რომ მოსწავლეები ჰყოლოდა და საქვეყნო საქმე ეკეთებინა. საფლავის ქვაზეც უწერია: "ვიყავ მქანდაკებელ და სხვათაცა ვასწავებდი სამოქანდაკეო საქმეთა".

იოანე ჩიქვილაძის საფლავის ქვაზე 1925 წელს ისტორიკოსი გიორგი ბოჭორიძე წერდა. როდესაც ეკლესიები დაანგრიეს, რაჭაში 25 წლის გიორგი ჩამოვიდა, გადარჩენილი სიმდიდრე აღწერა და ქუთაისის არქივში ჩაიტანა შესანახად... გამოხდა ხანი და იოანე ჩიქვილაძის საფლავის ქვა გაქრა. ჰოდა, ერთხელაც მე და დათომ ვთქვით, ასე უკვალოდ სად უნდა გამქრალიყო, რადაც უნდა დაგვიჯდეს, უნდა მოვძებნოთ-მეთქი და იმ ადგილის გადაბარვა დავიწყეთ, სადაც იოანე ჩიქვილაძე უნდა ყოფილიყო დაკრძალული. უეცრად ბარი ქვას მოხვდა. რომ ჩავიჩოქეთ და იქაურობა გავწმინდეთ, საფლავზე ერთი მტკაველი სისქის მიწის ფენა იდო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დათოს ვუთხარი, ბიჭო, ამ კაცს ცოლიც ეყოლებოდა და ბარემ მისი საფლავის ქვაც მოვძებნოთ, სადმე აქვე იქნება დასაფლავებული-მეთქი და ის ადგილიც გადავბარეთ. რაღაც მომენტში გადაბარულ მიწაში ხელი რომ ჩავყავი, თითებით ქვის წარწერები შევიგრძენი. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რა განცდა იქნებოდა. ასე აღმოჩნდა იოანეს ცოლის, თუთა ჯაფარიძის საფლავის ქვა. ჩანს, ახალგაზრდა დაიღუპა, რადგანაც მისი ქვა 1925 წელს გიორგი ბოჭორიძემაც ვეღარ ნახა, მაშინაც მიწით ყოფილა დაფარული. თუთას ქვაზე ასეთი წარწერაა: "ვაი, ქმარო და შვილო".

სოფელ ჯოისკარის ტაძრის ბარელიეფს 'განკითხვის დღე' იუნესკოს ვებგვერდებზე შეხვდებით. 'განკითხვის დღე' X საუკუნეშია ამოკვეთილი. სასწაულია, ქვაზე ასე სულის შემძვრელად გამოისახებოდეს ამქვეყნიურ შეცდომებზე წუხილი და იმქვეყნიური ცხოვრების ადამიანური შიში

- თუთა! რა ლამაზი სახელია. - ასეთ სახელებს არაერთს შეხვდებით რაჭის "უფლის ყანაში". ხანდახან ისეთ რამეს წავადგები, გული მეტკინება ხოლმე. მაგალითად, სოფელ ბარში ნაწნავებიანი გოგონას საფლავის ქვაა; მას პატარა, შიშველი ფეხები მოუჩანს; სოფელ კრიხში დედა-შვილის ქანდაკებაა - დედას ჩვილი მუცელზე ჰყავს მიკრული; სოფელ სორში ჯვარს ჩაკრული გოგონას იმდენად ნატიფი ქანდაკებაა, სიბრალულის გარეშე ვერ შეხედავ. ზოგიერთი ქვა იმდენად მშვენიერია, რომ რა დანიშნულების არის, გავიწყებს. სოფელ ბარში ქვებზე ვაზის ისეთი მტევნებია გამოსახული, თვალს ვერ მოსწყვეტ; სოფელ კვირიკეწმინდის მიტოვებულ სასაფლაოზე ორი მინიატიურული ეკლესია იმდენად დიდებულ იერს აძლევს ამ მივიწყებულ გარემოს, დიდხანს რჩები გარინდებული.

- ყველაზე მეტად რომელ საფლავზე დარდობთ?

- სოფელ ლაბეჭინაში გიორგი ინასარიძის საფლავის ქვაზე. უფრო სწორად, ამ კაცის ბედზე. როგორც ჩანს, შეძლებული და მამაცი ადამიანი იყო; ისეთი, რომელსაც ცხოვრება აიძულებს მრისხანედ იცხოვროს, მაგრამ ამის გამო იტანჯება. სავარაუდოდ, იმიტომაც არის მის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა: "ღმერთო, შემიწყალე მე ფრიად ცოდვილი ინასარიძე. ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე". ამ კაცმა საკუთარი ეკვდერი თვითონვე აიშენა, აკლდამაც თავადვე გამოაჭრევინა. სხვა არავინაა ასე დაკრძალული. როდესაც მისი ეპოქა წარსულს ჩაჰბარდა, ამ ქვეყნიდან მისი გულშემატკივრებიც წავიდნენ, მივიდა ვიღაც, გადასწია აკლდამის ქვა, წაიღო გიორგი ინასარიძის მუზარადი და, ალბათ, სხვა რამეც. ახლა ამ აკლდამაში ამ ძლიერი კაცის ნეშტის მხოლოდ ნაწილებიღა ჩანს - ძვლები, მათ მიღმა კი ჩვენი უნამუსობა. თუმცა არა უშავს, დრო თავად ალაგებს ყველაფერს და ყველას უპასუხებს, თუ უკვე არ უპასუხია.

რაჭის საფლავების ქვებზე ჩემთვის საამაყო ერთი ნიშანიც არის - რაჭველ ებრაელთა და გრიგორიანელთა საფლავებზე ზუსტად ისეთივე ქართული სიმბოლოებია გამოსახული, როგორიც რაჭველებისაზე. ეს ნიშნავს, რომ ეს ხალხი ქართული ღირებულებებით ცხოვრობდა და ქვეყანას ემსახურებოდა. გულითა და სულით მინდა ახლაც ასე ვცხოვრობდეთ.