"მართალია, ბელგიაში გავიზარდე, მაგრამ სადაც უნდა ვიყო, ქართველი ვარ" - კვირის პალიტრა

"მართალია, ბელგიაში გავიზარდე, მაგრამ სადაც უნდა ვიყო, ქართველი ვარ"

თემო მელიქიძე ქართველი ემიგრანტია ბელგიაში, რომელმაც მოახერხა და ჰოლივუდი მოხიბლა. ფილმში - "პატრიოტის დღე" - ნათამაშევი როლის გამო უკვე გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე იმ მსახიობების გვერდით, რომელთაც მსოფლიო იცნობს. მშვენიერი გარეგნობა, სამსახიობო ნიჭი და მიზანდასახულობა მას არაერთ წარმატებას ჰპირდება, თუმცა მას უნდა, რომ მის სამშობლოსაც ყველგან იცნობდნენ, მათ შორის - ჰოლივუდში, საიდანაც "წითელი ხალიჩა" არა მხოლოდ მსახიობებისთვის, ქვეყნებისთვისაც იშლება. ის 28 წლის არის. 6 წლის იყო, როცა მშობლებმა ბელგიაში წაიყვანეს და იქ გაიზარდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, დახვეწილი ქართულით ლაპარაკობს.

თემო მელიქიძე: - 6 წლის ვიყავი, ბელგიაში რომ წავედი. ამ ქვეყანაში ძალიან მძიმე პირობებიდან ჩავედი და გაოცებული შევყურებდი იმას, რაც საქართველოში უკვე დავიწყებული გვქონდა: გათბობას, ცხელ წყალს, ტელევიზორს... მერე აღმოჩნდა, რომ სკოლაში ჩემი არავის ესმოდა და ამ პერიოდის გადალახვაც მომიხდა. ადვილი არ იყო, მაგრამ არც ძალიან გამჭირვებია, რადგან მშობლები მედგნენ გვერდში და... მამა სპორტსმენია. მე და ჩემი ძმა გიორგი ტაიკვანდოზე მიგვიყვანა და მშვენიერი შედეგებიც გვქონდა, ისეთი, რომ სკოლის დამთავრებისას არჩევა მომიხდა - ან ტაიკვანდოში ბელგიის სახელით ოლიმპიადაზე უნდა მეასპარეზა, ან მსახიობი გავმხდარიყავი.

- და სასწორი მსახიობობისკენ გადაიხარა?

- დიახ. ერთხელ, სულ პატარებს, სკოლაში საკუთარი თავისთვის წერილის მიწერა დაგვავალეს და იქაც კი დავწერე, რომ 20 წლის შემდეგ ჰოლივუდის მსახიობი ვიქნებოდი, მაგრამ ნიუ-იორკის კინოაკადემიაში სწავლა ძალიან ძვირი ღირდა - 70.000 დოლარი და, ცხადია, ეს ფული არ გვქონდა, ამიტომ ავტოფარეხში კლიპები გადავიღე და სტუდენტთა შესარჩევ ტურზე გავგზავნე. მოკლედ, მოეწონათ და დამაფინანსეს, ერთი წლის შემდეგ კი ლოს-ანჯელესში გადავედი. რეჟისორმა პიტერ ბერგმა ამირჩია ფილმისთვის, არადა, ასეულობით კონკურენტი მყავდა...

ამ ამბავს ყოველთვის ვყვები... ჩხუბის სცენა უნდა მეთამაშა. ვითამაშე, რა თქმა უნდა, ინგლისურად. მერე მითხრა, ახლა იგივე რუსულად გააკეთეო. რუსული არ ვიცოდი, მაგრამ არც დანებებას ვაპირებდი... გავიფიქრე, რაც იქნება, იქნება-მეთქი და ქართულად დავიწყე ყვირილი და გინება. ერთი კვირის შემდეგ დამიბარეს...

- და სწორედ ამ ფილმით გაიარე "წითელ ხალიჩაზე". - დიახ. ფილმში ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ: ჯონ გუდმენი, ჯეი ქეი სიმონი, კევინ ბეიკონი... ვამაყობ იმით, რომ ოსკაროსანთა გვერდით ვიყავი. სხვათა შორის, მათ სულ საქართველოზე ვუყვებოდი. მართალია, ბელგიაში გავიზარდე, მაგრამ სადაც უნდა ვიყო, ქართველი ვარ. ვეუბნებოდი, როდესაც საქართველოს ნახავთ, გაოცდებით, ისეთი ლამაზია-მეთქი. ჰოლივუდში უამრავი ფული იხარჯება დეკორაციების შექმნაზე, ჩვენ კი ბუნებრივად გვაქვს ულამაზესი ქვეყანა. მინდა, როგორმე ჩემი წვლილიც შევიტანო, რომ საქართველო ჰოლივუდმა გაიცნოს.