"ძალიან ხშირად მესიზმრება ოტია. სიზმარშიც ვკამათობთ, აბა, მაგი ისე როგორ გაჩერდება!" - კვირის პალიტრა

"ძალიან ხშირად მესიზმრება ოტია. სიზმარშიც ვკამათობთ, აბა, მაგი ისე როგორ გაჩერდება!"

"ფეხებთან სიკვდილი მომდგომია,/ კარს მინგრევს უნდო აღსასრული,/ სულ ეს ყოფილა ჩემი ცხოვრება,/ რა უცებ გამოჩნდა დასასრული..."

დღეს, 16 ივნისს მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, ოტია იოსელიანს 90 წელიწადი შეუსრულდებოდა. ზაფხულში დაიბადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში და ზაფხულშივე გარდაიცვალა იმავე სოფელში... მისივე ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. ბატონი ოტია ბევრს უყვარდა, მათ, ვისაც მართალი სიტყვის არ ეშინოდა და გულს უფხანდა, მალამოდ ერგებოდა, ნაწილი კი მტრად ექცა, რადგან მისი წყალობით ხშირად უწევდათ სარკეში ჩახედვა, მისი მკვახე სიტყვა-შეძახილი კი გულზე ხვდებოდათ და ეკალივით ერჭობოდა.

ყველამ ვიცოდით, უცნაური და თავისებური კაცი რომ იყო. იტყოდა ხოლმე: როცა ვწერ, ოთახში ბევრი კვამლი უნდა იყოს, რადგან ამ კვამლში სილუეტები ამოდის და ეს მაწერინებსო. ამიტომაც აუცილებლად ხურავდა ფანჯარას. დაკანონებული დღის რეჟიმი ჰქონდა და არასდროს არღვევდა. მართალია, ბევრს ეწეოდა, მაგრამ უზმოზე არაფრით მოწევდა. "უზმო" დილის 11 საათზე მთავრდებოდა. დილით აუცილებლად გავიდოდა ვენახში, ან დაბარავდა, ან გათოხნიდა, - თუ არ დეიმსახურე და ოფლი არ იდინე, ისე რა იქნებაო. შევიდოდა შინ, ცოტას დაისვენებდა, მოწესრიგდებოდა, ისაუზმებდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოწევდა პირველ ღერს. თუ ბევრს დაწერდა, კმაყოფილი ამბობდა, - დღეს ცოტა დოვუკელი, სამი კოლოფი მოვწიეო. ბოლო სიგარეტს ღამის 11-12-ის ნახევარზე ეწეოდა და არასდროს იღვიძებდა მოსაწევად. ყავას აუცილებლად დღის 3 საათზე სვამდა და სადაც უნდა ყოფილიყო ან რა ვითარებაშიც, ყველგან მოითხოვდა. 6 საათზე კი სადილობდა...

"მიწა თუ კოჭებამდე მაინც არ შემოიყარე ფეხებზე, ისე ვერ გაიგებ, მამული რა არის!"

კარგად მახსოვს ჩვენი ბოლო სატელეფონო ინტერვიუ, მის გარდაცვალებამდე თვეებით ადრე. რომ დავურეკე, ჯერ "პალიტრელებს" მოგვესიყვარულა - ჩვენი "კვირის პალიტრა" და მთელი მედიასახლი ძალიან უყვარდა - და მერე მისეული საყვედურებით განაგრძო: "ვჩხუბობთ, ახალგაზრდობა არ გვივარგა-თქო! რას ჰქვია, არ გვივარგა? როგორც გაზარდე, იმნაირია, რას ერჩი ახალგაზრდობას?! კეთილი გენება და დაგეყენებინა გზაზე. უწინ გლეხს პაპანაქება სიცხეში, მზე რომ ზენიტში იყო, თოხი ეჭირა ხელში. ისე, ტყუილად რომ დადგე და ხელიც გაანძრიო, დაგარტყამს მზე და წაგაქცევს, ის კი, თან თოხნიდა. ამაში იყო მიწის სიყვარული! სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას, ყველაფერზე ძლიერია. ეს მოიშალა. ვინ დადგება ახლა თოხით ხელში მზეზე?! შენ ახლა ყანაში უნდა იღებდე ჩემგან ინტერვიუს. გალაკტიონმა ხომ თქვა: "ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამულიო?" მე კიდევ გეუბნებით: მიწა თუ კოჭებამდე მაინც არ შემოიყარე ფეხებზე, ისე ვერ გაიგებ, მამული რა არის!"

სადაბადებისდღეოდ ბატონი ოტიას მამულში დავრეკე, სოფელ გვიშტიბში, ჩემი და კიდევ ბევრი ადამიანის ბავშვობის ზღაპრების გმირს - დაჩის მინდოდა, გავსაუბრებოდი. დაჩი და მისი და-ძმა ხომ გახსოვთ "დაჩის ზღაპრებიდან"?

"...იყო ბაჩო და მანო, მაგრამ ცა და მიწა რომ მოგევლოთ, არსად იყო დაჩი... და ერთ მშვენიერ დღეს ამქვეყნად დაჩიც მოვიდა"... დაჩიმ ზღაპრებით გაგვაცნო და-ძმა, დედიკო და მამიკო, ბიძაშვილები და - მეზობლებიც კი. ამასობაში დრო გავიდა. ჩვენ გავიზარდეთ, ზღაპრების დაჩი კი ისევ პატარა ბიჭია და ახლა სხვა ბავშვებს უამბობს თავის ამბებს. ჩვენ - დიდებს კი გულში გვეღიმება, რადგან ვიცით, რომ ნამდვილი დაჩიც არსებობს, ნამდვილი ბაჩოთი და მანოთი, ოღონდ ისინიც დიდები არიან... მოკლედ, ნამდვილ დაჩის, რომელიც ხმის ტემბრით, ქვემოიმერული კილოთი, "წკეპლიანი" ლაპარაკითა და გარეგნობით ძალიან ჰგავს ბატონ ოტიას, მამის დაბადების დღის მისალოცად, მოსაკითხად და იმის სათქმელადაც დავურეკე, რომ პალიტრელებს არასდროს გვავიწყდება ოტია იოსელიანი... და, ალბათ, როგორი სიამაყით ჩაიღიმებდა ბატონი ოტია, თავის აყვავებულ-დათოხნილ-დაბარულ კარ-მიდამოს რომ გადახედავდა, იქ მოფუსფუსე სეხნია შვილიშვილს - უმცროს ოტიას რომ დაინახავდა და ჩემს მოკითხვაზე მისი უმცროსი ვაჟის - დაჩის პასუხს რომ მოისმენდა, - სული მაქვს გამძვრალი, იმდენი ეკალი მაქვს შერჭობილი ხელებში და ჯერ ნახევარი საქმეც არ დამისრულებია. ბევრი სამუშაო არის სოფელში. ოტია სულ დარდობდა, ამას ვინ მიხედავსო, იმდენი ნაწვალები ჰქონდა... ვერ წარმოედგინა, ამ საქმეებს მე თუ დავადგამდი თავს. აქაურობას ნამდვილად ვერ მივატოვებდი, თანაც მარტო მე კი არ ჩამოვედი თბილისიდან, ჩემი ცოლ-შვილიც ჩამოვიდა, ჩემმა შვილმა - ოტიამ აქ იმდენი რამ გააკეთა, გაგიჟდებით. ოტიას სახლ-მუზეუმიც გვაქვს, დამთვალიერებლებიც მოდიანო... აღორძინებულ ოტიას კერაზე სხვა სტატიაში გიამბობთ, ამჯერად თავად ბატონ ოტიაზე მოგიყვებით, დაჩი იოსელიანის დახმარებით. როგორი მამა იყო იგი, რა აბრაზებდა ან ახარებდა და ა.შ.

მამა - ოტია იოსელიანი

დაჩი იოსელიანი

- ვერ გეტყვით, რომ მეც ზღაპრის დაჩივით ზღაპრულ გარემოში ვიზრდებოდი ან ჩემი ცხოვრება ოდნავ მაინც წააგავდა მისას. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ჩვეულებრივად ვსწავლობდი, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუკვირდები, მართლა არაჩვეულებრივად მისწავლია, აბა, ჩვენს ოჯახში და, საერთოდ, ჩვენს დროში ცუდი სწავლა უხერხულიც იყო და სირცხვილიც. ინტერესიანიც ვიყავი და ხანდახან რაღაცებსაც ვაფუჭებდი, როგორც ყველა ბიჭი. კარგი სათამაშოები მქონდა და ნებისმიერ მათგანს ვშლიდი, ვათვალიერებდი შიგთავსს და კვლავ ვაწყობდი. მაგის გამოისობით ახლაც კარგად ვერკვევი ტექნიკაში, მანქანა იქნება თუ კომპიუტერი.

როგორი მამა იყო ოტია? თავისებური მოფერება იცოდა. თავზე ხელს არასდროს გადამისვამდა და "შენი ჭირიმეთი" არ დამელაპარაკებოდა, მაგრამ ერთი რაღაც კარგად მახსოვს: მაშინ უმეტესად თბილისში უწევდა ყოფნა, თუმცა საახალწლოდ საჩუქრებით დატვირთული აუცილებლად ჩამოდიოდა სოფელში. ამიტომაც ახალი წლის ღამეს სულ ჭიშკრისკენ მეჭირა თვალი. მე კი არა, ყველას გვეჭირა. და ჭიშკრისკენ რომ თვალი გვეჭირა და გზას მივჩერებოდით, ეს მოფერებაზე მეტი არ არის? შეიძლება ჩამომყვინთოდა კიდეც, მაგრამ წამში ვფხიზლდებოდი - ვის ჰქონდა უფლება, ფეხზე არ დახვედროდა! აუცილებლად განსხვავებულ სათამაშოებს ჩამოიტანდა ხოლმე ნაძვის ხისთვის. ძვირფასს კი არა, განსხვავებულს. განსხვავებულობა უყვარდა...

- განსხვავებულად გექცეოდათ? თქვენ ხომ ნაბოლარა იყავით. ფაქტია, მანამდე არავისთვის დაუწერია, თქვენს დაბადებას კი "დაჩის ზღაპრები" მიუძღვნა.

- შეიძლება ასეც იყო... გამიჭირდება თქმა... (აშკარად იუხერხულა - ი.ხ.) თუმცა პირველი მოთხრობების კრებული, 1957 წელს გამოცემული "კარის მეზობლებიც" საბავშვოა. მაგას მოჰყვა "დაჩის ზღაპრები" და მესამე იყო ძალიან კარგი ნაწარმოები "უთაური ბიჭის თავგადასავალი", რომელიც ოდესღაც პატარა ტირაჟით გამოიცა და, სამწუხაროდ, არავინ იცის. ოტიასაც ვუთხარი, უსამართლოდ დაიჩაგრა და დაიკარგა ეს წიგნი-მეთქი... შეკამათება არ უყვარდა. დაჩი, ოთარ და ოტია იოსელიანები

შვილები ხანდახან კი ვეკამათებოდით, მაგრამ რაც უფროსს არ ეკადრებოდა, იმას ვერასდროს ვაკადრებდით. ისედაც, ვიცოდით, თუ გაბრაზდებოდა, ერთ სიტყვას გვეტყოდა, ერთსაც გადმოგვხედავდა და დამთავრებული იყო ყველაფერი. და-ძმა გაცილებით უფროსია ჩემზე: ძმა - 13 წლით, და - 11-ით. მათზე არ ვიტყვი, მაგრამ არც მე ვიყავი მაინცდამაინც მოსიყვარულე ბავშვი. ოტიას თვითონ არ უყვარდა მოსიყვარულება და იმას, რაც არ უყვარდა, ვერ გავაკეთებდით. კი ვცდილობდით, რაღაც სითბო გამოგვემჟღავნებინა, მაგრამ მაინც უმეტესწილად უკმაყოფილო იყო.

შეიძლება ჩვენი რაღაც თვისება ან საქციელი მოსწონდა კიდეც, მაგრამ სხვასთან უფრო იტყოდა, ჩვენ კი არასდროს გვაგრძნობინებდა. მხოლოდ შვილებს კი არა, თავისიანს, ყველას აკრიტიკებდა და, ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო, რომ ყველას გვეფხიზლა და უკეთესად ცხოვრება გვეცადა... არა მგონია, ოტიას ვგავდე. ბავშვობაში შეიძლება ვცდილობდი კიდეც, რადგან ყველა ბიჭის იდეალი მამა არის, მაგრამ მერე და მერე ვცდილობდი, არ დავმსგავსებოდი, რადგან ვფიქრობ, ის ერთადერთი იყო და არ უნდა განმეორებულიყო.

თუნდაც სახარბიელო არ ყოფილიყო, მე მაინც ჩემი გზა მქონდა - ისტორიკოსი ვიყავი და ხატვა მიყვარდა. ვერ გეტყვით, ოტიას მოსწონდა თუ არა ჩემი ნახატები. ამას არასდროს მეტყოდა. ისე კი, რასაც ვხატავდი, მაგისთვის ვხატავდი და ვგრძნობდი, ძალიან სიამოვნებდა. წერაც კი მიცდია. სხვათა შორის, ოტიას აინტერესებდა ხოლმე ჩვენი აზრი. მახსოვს, ბოლო, ოთხწიგნიანი რომანი "შავი და ცისფერი მდინარე" რომ დაწერა და ძალიან დამაინტერესა, მაგრამ ვიფიქრე, კიდევ სჭირდება დამუშავება-მეთქი. ვუთხარი კიდეც. ვითომ არც მოუსმენია, არადა, დაუხსომებია. საერთოდ შესაშური მეხსიერება ჰქონდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

ერთხელაც, სხვათა შორის, ჩემ გასაგონად თქვა, - ის რომანი სულ გადავწერეო... ყოველთვის ფურცელზე წერდა, მერე სასწრაფოდ უნდა ამოებეჭდა, კიდევ ჩაასწორებდა, ამოაბეჭდვინებდა და ასე. ბოლოს რომელიღაც ვერსიას ტოვებდა. სათაურისთვის გასაოცარ ასოებს ხატავდა. საერთოდაც, ძალიან კარგად ხატავდა. სამხატვრო აკადემიაში აბარებდა და ქართულში ჩაიჭრა. მერე ამბობდა ხოლმე იუმორით: ჩემი მწერლობით მუდამ იმას ვამტკიცებდი, რომ, ასე თუ ისე, წერა შემეძლოო... სენტიმენტალობამდე დაყვანილი მონატრება არ მიყვარს, მაგრამ... ძალიან ხშირად მესიზმრება ოტია. სიზმარშიც ვკამათებთ, აბა, მაგი ისე როგორ გაჩერდება! ხანდახან საერთო ენასაც ვპოულობთ ხოლმე... როგორ იყო ჩვენს ცხოვრებაში, ისეა სიზმარშიც.

(სპეციალურად საიტისთვის)