"საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ვერც კი წარმოუდგენია, რა შეიძლება დაემართოს ადამიანს თუ კადიროვს გადაურბინა წინ" - კვირის პალიტრა

"საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ვერც კი წარმოუდგენია, რა შეიძლება დაემართოს ადამიანს თუ კადიროვს გადაურბინა წინ"

"ლელოს საქართველოსთვის ერთ-ერთი წევრი, გიორგი კანაშვილი სოციალურ ქსელში ე.წ. გიორგი გაბუნიას საქმესა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. "გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას", - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ ტელეგრამში. (იხილეთ სრულად)

"რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი ჩეჩნეთში და მე არასოდეს მინახავს ადგილი, სადაც შიში ასე ბატონობს; ჰაერშიც კი შიშის სუნი დგას. სამწუხაროდ (ალბათ უფრო საბედნიეროდ), საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ვერც კი წარმოუდგენია, რა შეიძლება დაემართოს ადამიანს თუ კადიროვს გადაურბინა (თუნდაც შემთხვევით) წინ.

კადიროვის გუშინდელი განცხადების ფონზე, მგონი ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ გიორგი გაბუნიას სიცოცხლის ხელყოფის რისკი, არსად გამქრალა. მიუხედავად იმ "პერფორმანსის" სრული უადგილობისა (ჩემი აზრით), დღეს გიორგის დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია! არანაირი ენის მოჩლექა და ბუტბუტი, სამწუხაროდ საქმე გვაქვს ტიპაჟთან, რომელსაც მხოლოდ ძალის ესმის!

ამასთანავე - თუ ვინმე, ხელისუფლებასთან ახლო მყოფი კითხულობთ, გირჩევთ - მის გუშინდელ განცხადებაზე, პერსონალურად მას განცხადებით არ უპასუხოთ (მიუხედავად მისი შეურაცმყოფელი გამონათქვამებისა). ნებისმიერი პასუხი, მის "წონას" და ავტორიტეტს ზრდის; აინუნში არჩაგდება, სრული იგნორი არის ის, რაც კადიროვს ეხლა ყველაზე მეტად დაწყვეტს გულს!", - წერს გიორგი კანაშვილი "ფეისბუქში". (წყარო)

იხილეთ ასევე: შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის