"წუთით არ შემპარვია ეჭვი, რომ რაღაც დამემართებოდა" - კვირის პალიტრა

"წუთით არ შემპარვია ეჭვი, რომ რაღაც დამემართებოდა"

"ქართველები გადავრჩით. ჩვენს თავზე რომ ღვთის წყალობა და მადლი გადმოვიდა, ამასაც ვერავინ უარყოფს"

ჩვენს თაობას ალბათ არასოდეს დაავიწყდება 2020 წლის გაზაფხული, რომელიც კორონავირუსის საშიშროებამ წაგვართვა: ხალხისგან დაცლილი ქუჩები, გაჩერებული ქალაქები, შინ ჩაკეტილი ადამიანები და ბუნდოვანი, გაურკვეველი მომავალი... ცხადია, ეს ყველაფერი შემოქმედი ადამიანებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. მსახიობი ნანა შონია გამოგვიტყდა, რომ ერთხანს პანიკა მასაც დაეუფლა, მერე კი, თანდათან დამშვიდდა და გაურკვეველ რეალობას შეეგუა.

- რასაკვირველია, ეს თვეები ჩემთვისაც ძალიან მძიმე და მტკივნეული იყო - ვნერვიულობდი და სულ აფორიაქებული ვიყავი. ეს იყო სტრესი, შოკური მდგომარეობა, რომელიც ძლივს გადავლახე, მაგრამ მდგომარეობიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ. ახლაც, პირბადიან ხალხს რომ ვხედავ, თავი რომელიღაც ფილმის გმირი მგონია. თითქოს, ყველაფრის დღემდე არ მჯერა, თანაც, მსახიობებს გვაქვს იმის უნარი, რომ რაღაცები არ დავიჯეროთ. მე ბუნებით აქტიური ადამიანი ვარ, ძალიან მიყვარს საყიდლებზე წასვლა, მაღაზიებში, ბაზრობებზე სიარული, ელიავას ბაზრობაზეც კი მივდივარ, როცა ჩემს ოჯახს სჭირდება და სამიოდე თვის წინ, ეს ყველაფერი გაჩერდა - ყველანი ჩვენ-სახლებში ჩავიკეტეთ. რა არ გამოიარა ჩვენმა ხალხმა, რამდენი მთავრობა შევიცვალეთ, რამდენი ომი და უბედურება გადაგვხდა, მაგრამ ეს სულ სხვა განსაცდელი იყო!

- როგორ მოერიეთ შიშსა და გაურკვევლობას, რომელიც თავიდან ყველას დაგვეუფლა?

- მიუხედავად ყველაფრისა, თავს შემოვუძახე და სიტუაციას მოვერგე. ძალიან გამიტაცა კულინარიამ. მართალი, ძნელია, როცა აკეთებ და არ ჭამ, მაგრამ როცა შენი ხელით მომზადებული "კულინარიული შედევრი" სხვებს მოსწონთ, ეს დიდი სიხარული ყოფილა. პირველად აღმოვაჩინე, რომ ჩემმა გამომცხვარმა ნამცხვარმა შეიძლება ირგვლივ მყოფები აღაფრთოვანოს და ამ როლში ყოფნა მომეწონა.

- ქალბატონო ნანა, კარანტინის დროს ყველამ წონაში მოვიმატეთ, თქვენც ხომ არ შეგექმნათ ეს პრობლემა? - არა, მე თავს ყოველთვის ვაკონტროლებ და ფორმის დაკარგვას არანაირი პანდემიის გამო არ დავუშვებ, თუმცა, 1-2 კილოგრამი მეც ავკრიბე. სხვათა შორის, ზუსტად მესმის იმ ქალებისა, რომლებმაც შოკურ მდგომარეობაში გარეგნობაზე ფიქრი ვერ შეძლეს, თუმცა, არა უშავს, წონასაც მივხედავთ, როცა მოვახერხებთ და როცა ყველაფერი დალაგდება. მით უმეტეს, ზაფხული მოდის, კიტრი, პომიდორი, მარწყვი შემოვა - ეს წონის შესანარჩუნებლად საუკეთესო პროდუქტებია. ვისაც რძის პროდუქტებიც გიყვართ, დაბალკალორიული ხაჭო და მაწონი ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე კარგი "წამალია".

- დღეს ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გამო შექმნილი პანიკა გადაჭარბებული იყო - თქვენი აზრით, ეს სიმართლეა? - მეტისმეტი პანიკა მართლაც იგრძნობოდა, მაგრამ ეს შეიძლება საჭიროც იყო, რომ უფრო ფრთხილად ვყოფილიყავით. ამ საკითხის ირგვლივ ათასი ვერსია გაჩნდა და მეც ბევრი კითხვა დამიგროვდა, მაგრამ ხალხი ოდესმე სიმართლეს გაიგებს? - არა მგონია. ამ სამყაროში ყველაფერს ფული ატრიალებს. არსებობს ვერსია, რომ ვირუსის წყალობით დიდი ფული გაკეთდა და ეს ყველაზე ცუდი ვერსიაა... უკვე აღარ ვიცი, ვის დავუჯერო, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მარტო მე კი არა, მთელი მსოფლიო დაიბნა. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ვირუსს უმეტესობა ამარცხებს. ვწუხვარ, რომ საქართველოში რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, რომლებსაც მძიმე დაავადებები ჰქონდათ, მაგრამ მთლიანობაში, ქართველები გადავრჩით. ჩვენს თავზე რომ ღვთის წყალობა და მადლი გადმოვიდა, ამასაც ვერავინ უარყოფს.

- ბევრს კამათობენ იმაზე, თუ რატომ არ გაჩნდა ე.წ. ეკლესიის კლასტერი, რომლის შიშიც ჰქონდათ... - მართლაც, როგორ ელოდა ამას ბევრი, ჯერ "ბზობის კლასტერს" ელოდნენ, მერე - "აღდგომის კლასტერზე" დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ ცუდი არაფერი მომხდარა. რატომ? - ადამიანები ამაზე ხომ უნდა დაფიქრდნენ? როცა გჯერა, რომ არ შეიძლება ეკლესიაში მისვლით და ზიარებით დაავადდე, ვერანაირი სენი ვერ მოგერევა. მიუხედავად ურთულესი, დაძაბული სიტუაციისა, აღდგომას ტაძარში მაინც მივედი და ვეზიარე. წუთით არ შემპარვია ეჭვი, რომ რაღაც დამემართებოდა, მით უმეტეს, რომ ჩვენმა საოცარმა პატრიარქმა რწმენისა და გამბედაობის იშვიათი მაგალითი მოგვცა. ამიტომაც გახდა საქართველო მსოფლიოში თითით საჩვენებელი ქვეყანა, რადგან აქ ტაძრები არ დახურულა. საბედნიეროდ, საქართველოში აღდგომა მაინც ვიზეიმეთ. ძალიან დაძაბული ვიყავი, მეშინოდა, ვინმეს რაიმე არ მოეგონებინა, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ექიმებიც ღვთისნიერი ხალხია - ამანაც გადაგვარჩინა: ისინი ქრისტიანები არიან და შეუძლებელი შეძლეს. ყველაზე დაძაბულ დღეებშიც კი, მარინა ეზუგბაია რომ გამოდიოდა, ისეთი პოზიტივი მოჰქონდა, რომ უნებლიეთ ვმშვიდდებოდი.

- ალბათ ბევრი გეგმა და ჩანაფიქრი გქონდათ. როგორ აპირებთ დანაკლისის ანაზღაურებას? - ამჟამად დაბნეული ვარ და ვცდილობ, არ ვიფიქრო იმაზე, რომ ამ 3 თვის განმავლობაში, ჩემს პროფესიას ჩამოვშორდი. მსახიობის არსებობა მაყურებლის გარეშე წარმოუდგენელია, თანაც, ჩვენი პროფესია ისედაც არასტაბილურია: ხან არის სამუშაო, ხან - არა. მსგავსი პაუზები ადრეც მქონია და ალბათ ამან მიშველა. არაერთი ჩანაფიქრი ჩამეშალა; ჩამეშალა რეპეტიციები, გადაღებები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გეგმების წინასწარ დაწყობა არ ღირს. ეს ჰოლივუდის ვარსკვლავები გეგმავენ ყველაფერს ორი-სამი დღით ადრე, თორემ საქართველოში რაღაცის წინასწარ დაგეგმვა უმადური საქმეა. გადავწყვიტე დინებას მივენდო და ვიფიქრო, რომ რაც იქნება, იქნება. ჯერ კიდევ ყველანი ძალიან დასტრესილები ვართ და ერთი კარგი სანატორიუმი მოგვიხდებოდა, მაგრამ როცა წარმოვიდგენ, რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, როცა მათ სულიერ მდგომარეობაზე ვფიქრობ, წუწუნის უფლება არ მაქვს. ადამიანის ფსიქიკამ შეიძლება ამას ვერ გაუძლოს: უცებ ყველაფერი გაჩერდა და მიხვდნენ, რომ არაფრის საშუალება აღარ აქვთ. მსახიობებს მიზერული ანაზღაურება გვაქვს, მაგრამ ამისთვისაც მადლობა ღმერთს! მადლობა უნდა ვთქვათ და იმ ხალხზე ვიფიქროთ, ვისაც ჩვენზე მეტად უჭირს და ვინ იცის, ასეთი რამდენია! ეს მაშინ ვიგრძენი, როცა ქუჩაში გამოვედი და მოწყალების მთხოვნელებიც კი არ დამხვდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეგრძნება ჩემს ცხოვრებაში: ვიფიქრე, რომ მათ ის თეთრებიც აღარ ჰქონდათ, რომლისთვისაც სიცხესა თუ სიცივეში, ქუჩებში იდგნენ... საბედნიეროდ, ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება და ხალხს მომავლის იმედი გაუჩნდა - ეს კი, ყველაზე მთავარია!

ხათუნა ჩიგოგიძე ჟურნალი "გზა"