«The Daily Telegraph»: ბრიტანელებისთვის ტურისტულ მიმართულებათა შორის პირველ ადგილზე რეკომენდირებულია საქართველო - კვირის პალიტრა

«The Daily Telegraph»: ბრიტანელებისთვის ტურისტულ მიმართულებათა შორის პირველ ადგილზე რეკომენდირებულია საქართველო

"ყველაზე უსაფრთხო ადგილები ევროპაში პოსტპანდემიური მოგზაურობისათვის: საქართველო"

"ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრების გახსნა დაიწყეს ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მათ შორის ბრიტანელებისთვისაც, ხოლო ზოგიერთმა ავიაკომპანიამ რეგულარული ავიარეისები გაანახლა, რაც, როგორც ჩანს, პირველი ივლისიდან უფრო გაცხოველდება", - წერს გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" («The Daily Telegraph») 17 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "ყველაზე უსაფრთხო ადგილები ევროპაში პოსტპანდემიური მოგზაურობისათვის: საქართველო" (ავტორი - ემა ფედერსტონი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, "დიდი ალბათობით, ევროპაში საკარანტინო შეზღუდვების შესუსტების კვალობაზე ბევრი სასტუმრო და მსგავსი სხვა ობიექტებიც მუშაობას განაახლებს. ამის გათვალისწინებით, ბრიტანელ დამსვენებლებს კითხვა გაუჩნდებათ - რომელ ქვეყანას ეწვიონ მას შემდეგ, როცა ბრიტანეთის მიერ შემოღებული საკარანტინო ზომები მოიხსნება, საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების ჩათვლით".

ავტორის მიერ ჩამოთვლილია ევროპის თორმეტი ქვეყანა (ხორვატია, პორტუგალია, მონტენეგრო, მალტა, საბერძნეთი, ავსტრია და ა.შ.), რომლებიც მან კორონავირუსის გავრცელების მონაცემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შემუშავებული რეალიზებული კონკრეტული ჰიგიენური ღონისძიებების მიხედვით შეარჩია.

სამოგზაუროდ რეკომენდებული ქვეყნების ჩამონათვალში პირველი ადგილი დაკავებული აქვს საქართველოს, რომლის შესახებ ავტორი ასე წერს:

"საქართველოში კორონავირუსის 260-ჯერ ნაკლები ფაქტი დაფიქსირდა, ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით. ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემიის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირება მოახდინა და პრევენციული ზომები დაუყოვნებლივ მიიღო. საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან განახლდა, საზღვრების გახსნა კი პირველი ივლისიდანაა დაგეგმილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ქვეყნის მოგზაურებს მიიღებენ პირველ რიგში. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების რიგ ზომებს ახორციელებს ტურისტებისა და მოგზაურების ვირუსისაგან დასაცავად.

როცა ბრიტანელებს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა მიეცემათ და ისინი თბილისში წასვლას გადაწყვეტენ, უმჯობესია ქვეყნის დედაქალაქს სექტემბერ-ოქტომბერში ეწვიონ. როგორც გაზეთის ტურიზმის განყოფილების ჟურნალისტი ქეი ჰოლანდი ამბობს, თბილისის ძველი ქუჩა-ბანდები, თავისი კოხტა სახლებით და უძველესი ეკლესიებით, ბოჰემური კაფე-რესტორნებით, იდეალური ადგილია სახეტიალოდ.

საქართველოს კიდევ ერთი ლამაზი ქალაქია ბათუმი, რომელიც ტურისტებს პლაჟებს, საუკეთესო ცათამბჯენ სასტუმროებს და შავიზღვისპირეთის სუბტროპიკულ კლიმატს სთავაზობს. ბათუმში კორონავირუსი თითქმის არ გავრცელებულა", - აღნიშნულია სტატიაში.

"საქართველოში, სადაც 3,9 მილიონი მცხოვრებია, 16 ივნისის მონაცემებით, "კოვიდ-19"-ით დასნებოვნების მხოლოდ 879 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან მხოლოდ 14 პაციენტი გარდაიცვალა", - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ