"რაკი ერთხელ უკვე ვიყავი გათხოვილი და არ გამიმართლა, ახლა თითოეულ ნაბიჯზე ვფიქრობ..." - კვირის პალიტრა

"რაკი ერთხელ უკვე ვიყავი გათხოვილი და არ გამიმართლა, ახლა თითოეულ ნაბიჯზე ვფიქრობ..."

პანდემიამ ევროპის ორგზის ჩემპიონსა და სამბოში მსოფლიოს ჩემპიონ ნინო ოძელაშვილს ბევრი გეგმა ჩაუშალა. ახლა დაკარგული დროის ანაზღაურებას ცდილობს და აქტიურად ვარჯიშობს ნოემბერში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. სპორტსმენს წარმატებებს ვუსურვებთ, მანამდე კი გავიგოთ, რომელ ცნობილ გამონათქვამებს ეთანხმება ის და რომელს _ არა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"უნდა გახსოვდეს, ვინ ხარ და რა გზა გაიარე. მგონია, რომ ისეთივე უბრალო დავრჩები, როგორიც დღეს ვარ. ყოველთვის ვამბობ, რომ ჯერ კიდევ არ მიმიღწევია მაქსიმუმისთვის და წინ ბევრი ბრძოლა მელის. ჯერ კიდევ ვსწავლობ ჭკვიანი ადამიანებისგან და, მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, არასდროს მქონია საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, არასდროს მიგრძნობინებია ვინმესთვის, რომ მასზე რამით მეტი ვარ..."

"მხოლოდ მაშინ ხარ მშვიდად, როცა ფული შენი შრომით გაქვს მოპოვებული. სიხარბე კარგი არ არის, ზომიერება უნდა დაიცვა. მიყვარს ფულის ხარჯვა ტკბილეულში (იცინის), ტანსაცმლისა და პარფიუმერიის ყიდვა..."

"ბედნიერებაა, ვინც მოგწონს, იმ ადამიანს რომ უყვარხარ. შეიძლება ითქვას, გულცივი ვარ, ადვილად შეყვარება არ შემიძლია. ჩემს გულში მყარად რომ გაიდგას ვინმემ ფესვები, ბევრს უნდა ეცადოს. ძალიან უნდა ვუყვარდე, მაფასებდეს, უნდა გამომარჩიოს ყველასგან. მე ვისზეც არჩევანს შევაჩერებ, ის განსხვავებული იქნება, გამორჩეულად მეყვარება..."

"ადამიანებს ახლოს იოლად არ ვუშვებ, ძალიან ფრთხილი ვარ. რაკი ერთხელ უკვე ვიყავი გათხოვილი და არ გამიმართლა, ახლა უკვე თითოეულ ნაბიჯზე ვფიქრობ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 18 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი