"როგორც ყველას, ისე ჩვენს ოჯახსაც გაუჭირდა, მაშინ ავიღე პასუხისმგებლობა და პატარა გოგომ მცირე საქმე წამოვიწყე" - კვირის პალიტრა

"როგორც ყველას, ისე ჩვენს ოჯახსაც გაუჭირდა, მაშინ ავიღე პასუხისმგებლობა და პატარა გოგომ მცირე საქმე წამოვიწყე"

46 წლის თეა ადუაშვილი ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ქალია, რომელიც საზოგადოებამ უნდა გაიცნოს. დედობის, ბებიობისა და კომპანიის მართველობის გარდა, თეა სხვა მცირე თუ საშუალო ქალ მეწარმეებს წარმატების მიღწევაში ეხმარება:

- პროფესიით ეკონომისტი გახლავართ და საქართველოს აუდიტორული კომპანიის GAC-ის ხელმძღვანელი ვარ. მყავს მეუღლე და 4 შვილი, 3 ვაჟი და 1 გოგონა. მიყვარს ჩემი საქმე და ადამიანების მხარდაჭერა, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ქალებს. სამსახურის პარალელურად, სხვადასხვა ქალთა ორგანიზაციის და მეწარმე ქალთა საბჭოს ბორდის წევრი ვარ.

4 შვილის გარდა, 4 შვილიშვილის ბებიობასაც ვითავსებ და აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ სიძისა და რძლის სახით ჩვენს ოჯახს კიდევ 2 შვილი შეემატა. ჩემთვის, როგორც დედისთვის ყოველთივს მთავარი იყო აღმეზარდა კარგი ადამიანები.

მრავალშვილიანი დედობა რთულია, მაგრამ საამაყო, ჩემი შვილების ქება არ მიყვარს, თუმცა როგორც მეუბნებიან, გამიმართლა -  კარგი შვილები მყავს. როდესაც რთული დღის შემდგომ სამსახურიდან შინ ვბრუნდები და ბავშვებს დავინახავ, ყველაფერი მავიწყდება, დაღლა უკვე მეორეხარისხოვანი ხდება.

დედისერთა ვარ.  დედაჩემს ბავშვობიდან თითქმის ყველა წრეზე დავყავდი, ამიტომაც აქტიურ და დატვირთულ ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული. დღესდღეობით შედარებით მეტი თავისუფალი დრო მაქვს და ვცდილობ, ეს დრო ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობისათვის გამოვიყენო, თუმცა მქონდა პერიოდი, როდესაც თითქმის 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი.

- წარმატებული ქალი ხართ, ეს კი ბევრი ქალისთვის სამაგალითოა, გვიამბეთ თქვენს კარიერაზე, რა გზა გაიარეთ? - მეამაყება, რომ თავდაუზოგავი შრომითა და პრინციპულობით მივაღწიე ამ ყველაფერს. ჩემი წარმატების ფორმულა ალბათ, საქმისადმი უდიდესი პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც აკეთებ. ჩემი პროფესიული გამოცდილება 16 წლიდან იწყება და უკვე ოცდაათ წლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს. 2006 წლიდან ვხელმძღვანელობდი არაერთ აუდიტორულ კომპანიას, ხოლო 2010 წელს შევქმენი და გადავედი საკუთარ ბიზნესში.

- ბიზნეს წარმატებასთან ერთად შესაძლოა წარუმატებლობაც მოჰყვეს, ამაზე რას გვეტყვით?

- წარმატების გზა რთული გასავლელია, ცხოვრებშიც ბევრი სირთულე და წინააღმდეგობა გადამილახია, თუმცა ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე ყოველი ახალი გამოწვევა უფრო მეტ ენერგიას მაძლევდა იმისთვის, რომ გადამელახა წინააღმდეგობები და მიმეღწია მიზნისთვის.

პირველი სამსახური 16 წლის ასაკში დავიწყე ფინანსთა სამინისტროში. მალე ოჯახიც შევქმენი, პარარელურად ვსწავლობდი, მაშინ მძიმე პერიოდი დაემთხვა, 90-იანი წლები, როგორ ყველას, ისე ჩვენს ოჯახსაც გაუჭირდა მატერიალურად, მაშინ ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და პატარა გოგომ მცირე საქმე წამოვიწყე - ვაცხობდი საფირმო ბლინებს და ვაბარებდი ერთ-ერთ კაფეში, რაც ოჯახისთვის დამატებითი შემოსავალის წყარო იყო.

2009 წლამდე ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიას ვხელმძღვანელობდი, თუმცა ღირებულებების შეუსაბამობის გამო წამოვედი და საკუთარ კომპანიაზე ფიქრიც დავიწყე.

- ქალის წარმატებული კარიერა საზოგადოების ნაწილისთვის ჯერ კვლავ უცხოა...

- ჩვენს ქვეყანაში ქალების შესაძლებლობები სათანადოდ არ ფასდება, ამას ადასტურებს მრავალი კვლევაც, სადაც ნახსენებია რომ ერთი და იმავე პოზიციაზე და ერთი და იგივე განათლების მამაკაცს და ქალბატონს აქვს განსხვავებული ანაზღაურება, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს დამოკიდებულება ამ საკითხოს მიმართ მკვეთრად უმჯობესდება.

- გაგვიმხილეთ თქვენი სამომავლო გეგმები - დიდი გეგმები მაქვს, ვაპირებთ ქალთა ხელშეწყობას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის განხორციელებას. ბოლო დროინდელი მოვლენების გამო, "COVID-19"-ის პანდემიამ რთული გამოწვევის წინაშე დააყენა ბიზნესი და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ სხვადასხვა მომსახურების სფეროში მოღვაწე 20-მდე ქალმა კავშირი "ქალები ბიზნესისათვის", რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ხელშეწყობას.

ამჟამად მოვამზადეთ პროექტი , რომელიც უფასო კონსულტაციას და 50%-იან ფასდაკლებით მომსახურებას გაუწევს 100-მდე მეწარმეს. ჩვენი მომსახურების სფეროებში შედის: ფინანსურ საკითხთა კონსულტაცია, იურიდიული მომსახურება და სხვა.

(სპეციალურად საიტისთვის)