კადიროვის მიერ "სიკვდილმისჯილი"?! - რას წერს უცხოური პრესა ე.წ. გაბუნიას საქმეზე? - კვირის პალიტრა

კადიროვის მიერ "სიკვდილმისჯილი"?! - რას წერს უცხოური პრესა ე.წ. გაბუნიას საქმეზე?

ე.წ. გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებზე წერს უცხოური მედია. შეგახსენებთ, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სი"-ს რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით "საქართველოში ამბობენ, რომ ჟურნალისტ გაბუნიას მოკვლა სურდათ. რა არის ამის შესახებ ცნობილი?", რომელშიც განხილულია ყოფილი "რუსთავი-2"-ის, ამჟამად კი "მთავარი არხის" ხელმძღვანელის ნიკოლოზ გვარამიას განცხადება და მისი თანამშრომლის, ჟურნალის გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებული ფაქტები, განცხადებები, კომენტარები და ა.შ. სტატიის ავტორია BBC Russian-ის კორესპონდენტი საქართველოში ნინა ახმეტელი.

სტატიაში აღნიშნულია გიორგი გაბუნიას მიერ 2019 წლის ივლისში, "რუსთავი-2"-ის პირდაპირ ტელეეთერში გამოსვლის დროს, გაკეთებული განცხადება, რომლის დროსაც მან რუსეთის პრეზიდენტს ვალდიმირ პუტინს უწმაწურად შეაგინა. მოგვიანებით ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნიას ასეთი სიტყვებით გამოსვლა ქართველი ხალხის სირცხვილი იყო.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, საქართველოს უშიშროების სამსახურის მიერ რუსეთის მოქალაქის ბასამბეკ ბოკოვის დაკავებამ (რომელიც, თითქოსდა ჩეჩნეთის მეთაურის დავალებით მოქმედებდა და ეჭვმიტანილია გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობაში), საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია: კომენტარი გააკეთა როგორც რამზან კადიროვმა (მან უარყო ბრალდება "გაბუნიას მოკვლის დავალების" თაობაზე და განაცხადა, რომ იგი ვინმეს რამეს დაავალებს, დავალება აუცილებლად შესრულდება), ასევე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელმაც ბრალდება აბსურდულად მიიჩნია.

სტატიაში დეტალურადაა გადმოცემული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბასამბეკ ბოკოვის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები, კომპეტენეტური ორგანოებისა და პოლიტიკოსების ოფიციალური განცხადებები - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პრემიერ გიორგი გახარიას ჩათვლით. მასში ასევე მოხსენიებულია საქართველოსა და უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლობის ფაქტიც ეჭვმიტანილის დაკავებაში. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურის განცხადების თანახმად, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

"სხვათა შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე გამოხატეს სკეპტიციზმი უშიშროების სამსახურის მიერ გამოძიების ობიექტურად წარმართვის თაობაზე და მოუწოდებენ ხელისუფლებას მასში პარტნიორი ქვეყნებიც ჩართონ. როგორც ოპოზიცია, ასევე სამოქალაქო აქტივისტები საგამოძიებო ორგანოებისაგან კონკრეტული ფაქტებისა და ინფორმაციების გამოქვეყნებას ითხოვენ. იგივეს აცხადებენ გიორგი გაბუნიას კოლეგებიც. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, რომელშიც 300-მდე ჟურნალისტია გაერთიანებული, ასევე მოითხოვა გამოძიების დეტალების გამოქვეყნება და ჟურნალისტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

თვითონ გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია "მთავარი არხის" პროგრამაში გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი ვალდიმირ პუტინის მიმართ იგივე პოზიციაზე დგას და ამიტომ ბოდიშს არ მოიხდის. "მე მაშინ უფრო მეტი მინდოდა მეთქვა ვალდიმირ პუტინის მიმართ, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლი. მე საქართველოს მოქალაქე ვარ, სახელმწიფომ კი თავისი მოქალაქის უსაფრთხოება უნდა დაიცვას", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ". (წყარო)

გიორგი გაბუნიას "მკვლელობის მცდელობის" ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს რუსული და სომხური მასმედიაც გამოეხმაურა.

რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცის" ("Московский комсомолец") 18 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით "ჩუმი" სასჯელი: კადიროვი არაფერში დამნაშავე არ არის", რომელშიც გატარებულია აზრი - დიახ, ჩეჩნეთის ლიდერის წინააღმდეგ განწყობილი ბევრი პიროვნება შეიძლება მოკლან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი სიკვდილი რამზან კადიროვის დავალებით განხორციელდა. სტატიაში ლაპარაკია იმ მკვლელობებზე, რომელიც უკავშირდებოდა რამზან კადიროვს, თუმცა ის ამას ყოველთვის უარყოფდა. (წყარო)

სომხურმა პოპულარულმა გამოცემა "ლრაგირმა" ("Լրագիր") გამოაქვეყნა სტატია სათაურით "კადიროვი "სიკვდილმისჯილი" გახდა? რა გამოაშკარავა საქართველომ", რომელშიც ჩეჩენეთის მეთაურის მონაწილეობა გიორგი გაბუნიას "მკვლელობის მცდელობაში" ეჭვქვეშაა დაყენებული. კი, რამზან კადიროვი შეიძლება ბევრი მკვლელობის დამკვეთია, მაგრამ ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, გამორიცხული არაა, რომ დაგეგმვა კრემლმა და კე-გე-ბე - ეფ-ეს-ბემ განახორციელა იმ იმედით, რომ საბოლოოდ ყველაფერი რამზან კადიროვს დაბრალდებოდა: რუსეთის სპეცსამსახურებისათვის მისი ფიგურა მიუღებელია, ამიტომ ცდილობენ ამგვარი ფორმით მის "გაშავებას". (წყარო)

იხილეთ ასევე: "ვეჭვობ, ზელიმხანზე თავდამსხმელებს პანკისელი ქისტი ეხმარებოდა. გაბუნიას შემთხვევაშიც შემსრულებელს ადგილზეც ეყოლებოდა თანამზრახველი"

მოამზადა სიმონ კილაძემ