ქალი, რომელმაც ყოფილ სტუდენტზე იქორწინა - რა ისტორიებს ინახავს მილიონერი დეპუტატის ცხოვრება? - კვირის პალიტრა

ქალი, რომელმაც ყოფილ სტუდენტზე იქორწინა - რა ისტორიებს ინახავს მილიონერი დეპუტატის ცხოვრება?

პარლამენტარი ნატო ჩხეიძე ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელთაც ოფიციალურად აქვთ მილიონერის სტატუსი. მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" კვლევის თანახმად, დეპუტატი ქალის დეკლარირებული ქონება 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

მწერალ ოთარ ჩხეიძის ქალიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხვდა პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან - "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია". ჩხეიძისთვის ეს პირველი დეპუტატობა არ ყოფილა, მანამდე, მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო (1999-2004 წლებში) "საქართველოს აღორძინების" პარტიული სიით.

2018 წელს ნატო ჩხეიძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა და დამოუკიდებელ დეპუტატად პოზიციონირებდა პარლამენტში. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ნიკა მაჭუტაძის პარტიის "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" თავჯდომარედ აირჩიეს.

ნატო ჩხეიძე პროფესიით ექიმია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. თითქმის ყველა ინტერვიუში, სადაც პირად ცხოვრებაზე ეკითხებიან, ყვება, რომ არა ზაზა ოქუაშვილი, ალბათ გასათხოვარი დარჩებოდა.

"ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გავიცანით, ზაზა სამი წლით ჩემზე უმცროსია, ჩემი სტუდენტი იყო. მის მიმართ საკმაოდ მომთხოვნი ვიყავი, მაღალ ნიშნებს არ ვუწერდი, მაშინ ძალიან ობიექტური ვიყავი. მერე კი გავხდი სუბიექტური, როცა ზაზა ჩემი სტუდენტი აღარ იყო - ცხოვრებაში, ძირითადად ხუთების დაწერა მიწევდა" - ამბობდა წლების წინ "თბილისელებთან" ინტერვიუში.

როდესაც ზაზა ოქუაშვილზე ოფიციალურად იქორწინა, ნატო ჩხეიძე პათანატომიის კათედრაზე ექიმად მუშაობდა. წყვილი ქალის მშობლების ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობდა.

90-იან წლებში საკუთარი ბიზნესი წამოიწყეს და საბურთალოზე ზაზა ოქუაშვილმა თონე გახსნა. 1991 წელს ოქუაშვილმა დააარსა "ომეგა ჯგუფი", რომელიც მოიცავს, როგორც ავტოკომპანიების წარმომადგენლობებს საქართველოში, ასევე სიგარეტების წარმოების ბიზნესს. წყვილმა 90-იანი წლების ბოლოს ერთობლივად დააფუძნა ტელეკომპანია "იბერია", რომელიც პირველად ეთერში 2000 წელს გავიდა.განაგრძეთ კითხვა