"კორონავირუსის არავითარი მუტაცია არ არის დაფიქსირებული" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსის არავითარი მუტაცია არ არის დაფიქსირებული"

ბევრი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ეს ვირუსი სხვადასხვაგვარ მუტაციას განიცდის, ამიტომ ავადმყოფობა სხვადასხვა სირთულით მიმდინარეობდა. ჩვენთან ისე რთულად გადასატანი არ იყო, როგორც, მაგალითად, იტალიაში, მაგრამ მოახლოებული არჩევნების ფონზე ამ პანდემიას პოლიტიკური ქულების დასაწერად კარგად იყენებენ...  - ამ საკითხზე "კვირის პალიტრასთან" ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- არ არსებობს მტკიცებულება, რომ "კოვიდ-19" სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მიმდინარეობდა. ჯერ არც ერთ სოლიდურ ინსტიტუტს ან ექსპერტს არ მიუღია ამის მტკიცებულება. არავითარი მუტაცია ვირუსის არ არის დაფიქსირებული. ყველგან იყო ერთი და იგივე ვირუსი და დაავადება ყველგან მიმდინარეობდა ერთნაირად.

შესაძლოა, ოდნავი განსხვავება იყო რასების მიხედვით, მაგალითად, იყო ვარაუდი, რომ ლათინურამერიკელებსა და აფროამერიკელებთან მიმდინარეობდა უფრო მძიმედ, ვიდრე, ვთქვათ, თეთრკანიან ამერიკელებთან, მაგრამ ეს სხვაა... ზოგადად, ვირუსის მიმდინარეობა დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ მომზადებული დახვდა ესა თუ ის ქვეყანა ვირუსს და როგორ იმუშავეს ექიმებმა, პოლიციამ, მთავრობამ... რაც შეეხება იმას, იყენებდნენ თუ არა ამას პოლიტიკური ქულების დასაწერად... ყოველთვის მინდოდა, ჩვენი შეფასებები და მოსაზრებები არ დაეკავშირებინათ პოლიტიკასთან. როცა მთავრობა წარმატებით ატარებს ხალხისთვის საჭირო ღონისძიებებს, იწერს დადებით ქულებს; როცა წარუმატებელ ღონისძიებებს ახორციელებს და ხალხისთვის სიდუხჭირე მოაქვს, იმ ქულებს კარგავს. ამ პრინციპით თუ შევხედავთ, "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას ქვეყანა იყო ძალიან წარმატებული. ამას მთელი მსოფლიო აღიარებს და ვინც არ აღიარებს, იმანაც იცის, რომ ასეა.

იმაზე დიდი წარმატება რა უნდა იყოს, როცა საქართველოსნაირ სუსტ ქვეყანას ევროპის 49 ქვეყანას შორის მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვალების შემთხვევა აქვს?! თუ ქვეყანამ წარმატებული ღონისძიებები გაატარა, ამ საკითხში რატომ არ უნდა დაიწეროს ქულები? დაიწეროს, რატომ ვამადლით?! იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "მათ მინდა მივმართო, ვისაც ვითომ არ სჯერა ვირუსის არსებობის - ასეთი უპასუხისმგებლო მოსაზრებებით საფრთხეს უქმნით ადამიანების სიცოცხლეს"