შიდა დაპირისპირება ხელისუფლებაში თუ ტერორი სადაზღვევო ბიზნესში?! - კვირის პალიტრა

შიდა დაპირისპირება ხელისუფლებაში თუ ტერორი სადაზღვევო ბიზნესში?!

"სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 800 ათასი მოქალაქეა და მხოლოდ 171 ათასს დაუფინანსდა სამედიცინო მომსახურება"

თავის დროზე ხელისუფლებამ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის სადაზღვევო კომპანიებისთვის გადაცემა წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია. ახლა  მოულოდნელად "გაირკვა", რომ ამით თურმე მხოლოდ კერძო სექტორს უხეირია, ხელისუფლებას კი კარგად არ ჰქონია "მოფიქრებული" გასაკონტროლებელი მექანიზმი, რაც სახელმწიფო ფულის მიზნობრივ და ეფექტიან ხარჯვას გამოიწვევდა.

ამ დასკვნის საფუძველს იძლევა კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც, კერძო კომპანიების მოგების მარჟა უპრეცედენტოდ მაღალია, ხოლო იმ უმწეოთა რიცხვი ძალიან დაბალი, რომელთაც სამედიცინო მომსახურება მიიღეს. ამ არცთუ სახარბიელო შედეგზე პასუხისმგებლობას კონტროლის პალატა ჯანდაცვის სამინისტროსაც აკისრებს. ფაქტი კი ფაქტად რჩება - ღარიბებისათვის სამედიცინო მომსახურების მიღება პრობლემური იყო და დღესაც ასეა. ჩვენ იმ კულუარულ გარემოებებზეც მოგითხრობთ, რომელთა შესახებაც სადაზღვევო კომპანიები დუმან და ზოგიერთ სახელმწიფო ჩინოვნიკსაც პირში წყალი აქვს ჩაგუბებული.

"ყველაფერი იწყება თავიდან"

ჯერ იყო და, ხელისუფლებამ ქვეყანაში "სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი" მიიჩნია არაერთი პრობლემის სათავედ და ჯანმრთელობის პროგრამებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოებად დაშალა, ხოლო გაუქმებული უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, ზაზა სოფრომაძეს ციხეში ამოაყოფინა თავი. შემდეგ ჯანმრთელობის პროგრამების სააგენტოს თანდათან წაართვა ფუნქციები, უმწეოთა ჯანმრთელობის დაზღვევა - კერძო კომპანიებს, ხოლო სხვა სახელმწიფო პროგრამები სოციალური მომსახურების სააგენტოს მიანდო, რომელსაც ანდრია ურუშაძე ჯერ კიდევ  გამინისტრებამდე ხელმძღვანელობდა. ბოლოს, "რეფორმისტები" ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდნენ და ჯანდაცვის პროგრამების სააგენტო კვლავ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეუერთეს. ამგვარად, არსებობს  საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ზემოთ დასახელებული სტრუქტურული ცვლილებები ხელისუფლებაში არსებულმა შიდა დაპირისპირებებმა უფრო განაპირობა, ვიდრე რეფორმით გამოწვეულმა აუცილებლობამ.

იმხანად ჯანდაცვის პროგრამების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ სურგულაძე ურუშაძე-წამალაშვილის (სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და მოადგილე) დუეტს ებრძოდა და მისი სამსახურისთვის ჯანდაცვის პროგრამების წართმევას აპროტესტებდა. Aსაქმე ხელჩართულ  ბრძოლამდეც კი მისულა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ვახტანგ სურგულაძე კინაღამ ციხეში ჩასვეს, ანდრია ურუშაძე ჯანდაცვის მინისტრი გახდა, მორის წამალაშვილი კი - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, მაგრამ, ცხადია, ჯანდაცვის სისტემაში ურთიერთდაპირისპირებულ ფიგურებს ხელისუფლებაში თავიანთი ლობისტებიც ჰყავდათ.

ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სისტემაში თანამდებობის პირებზე შეტევა კონტროლის პალატის წინასწარი დასკვნების შემდეგ იწყება.

"დადასტურებული გონივრული ეჭვი"

კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ალასანია: "ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ევალება ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლის მეშვეობითაც გაარკვევს, უხდის თუ არა ზედმეტ თანხებს სადაზღვევო კომპანიებს. თანხების ხარჯვის მიზნობრიობის კონტროლის ნაწილში სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებლობაც იკვეთება. მძიIმე დარღვევაა სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში მკვდარი სულების არსებობაც. ამ მონაცემებს სადაზღვევო კომპანიებს სოციალური მომსახურების სააგენტო აწვდის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა, რომელთაც სახელმწიფო პროგრამის შესრულება იკისრეს, თავადაც გააფორმეს მკვდარ სულებთან ხელშეკრულებები. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. არ ვგულისხმობ იმ შემთხვევებს, როცა ადამიანი ერთი წლით დააზღვიეს და ეს უკანასკნელი ამ პერიოდში გარდაიცვალა. ასეთ დროს სახელმწიფო მაინც ვალდებულია (კანონით დადგენილი წესით) მთელი წლის განმავლობაში მისცეს ყოველთვიური თანხა (პრემია) კომპანიას სადაზღვევო რისკის გაწევისთვის. მაგრამ თუ  დადგა იანვარი, ე.ი. ხელშეკრულების გაგრძელება-განახლების დრო და მიცვალებული ბაზიდან ისევ არავინ ამოიღო, იკვეთება კომპანიის ბრალეულობა, რომელმაც მკვდარ სულთან განაახლა ხელშეკრულება.

- ასეთი რამდენი შემთხვევა აღმოაჩინეთ?

- ამ თემაზე ვერ ვილაპარაკებ, ჯერ მხოლოდ წინასწარი დასკვნა გამოვაქვეყნეთ.

- გამოდის, "გონივრული ეჭვი" გაქვთ  დანაშაულებრივ ფაქტებზე?

- შეგიძლიათ, პირდაპირ თქვათ, რომ საკმაოდ დადასტურებულიც არის "გონივრული ეჭვი". გამოვავლინეთ სახელმწიფოს გადახდილი თანხის რა ოდენობა დაიხარჯა არამიზნობრივად. ახლა ვადგენთ, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული.

"კვირის პალიტრამ" სცადა, გასაუბრებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს მორის წამალაშვილს, რომელსაც გამორთული აქვს  მობილური ტელეფონი, უწყების პრესსამსახურმა კი სტანდარტულად გვიპასუხა: "კონტროლის პალატის აუდიტის საბოლოო დასკვნამდე კომენტარს ვერ გავაკეთებთ".

სადაზღვევო კომპანიების მოგება

კონტროლის პალატის აუდიტის მონაცემებით, კერძო კომპანიების მოგების მარჟა ასე გამოიყურება: ლიდერობს "აი სი ჯგუფი" 77,32 %-ით, მას მოჰყვება "ალდაგი ბისიაი" 65,48 %-ით, "სახალხო დაზღვევა" - 64,21%-ით, "ვესტი" - 60,71 %-ით, "არქიმედე გლობალ ჯორჯია" - 58,98%-ით, "ჯი პი აი ჰოლდინგი"  - 57,38%-ით, "იმედი ელ"-ი - 55,79%-ით, "ალფა" -  51,21%-ით, "ირაო" - 51,07%-ით. "ქართუს" 27-პროცენტიანი მოგება კი სახსენებელიც არ არის, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი  უკვე წლებია საჩხერელების სამედიცინო მომსახურებას ისედაც  აფინანსებს. "ქართუ" მხოლოდ ბოლო დროს ჩაერთო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში და ის ვალდებულებებიც კი იკისრა, რომელთაც სახელმწიფო კერძო კომპანიებს არ ავალებს.

"ხელისუფლებამ ბიზნესსექტორს ჩამოუარა"

სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უკანასკნელი ხელმძღვანელი, "აი სი ჯგუფის" ყოფილი წარმომადგენელი ზაზა სოფრომაძე: "სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო პროგრამის განხორციელებით მოგების მაღალი მარჟა რომ დარჩათ, კანონდარღვევა არ არის. სადაზღვევო კომპანიები სწორედ მოგებაზე  არიან ორიენტირებული და მოგება დიდი ექნებათ თუ პატარა, ეს არავის საქმე არ არის. კონტროლის პალატამ მოიშველია სტატისტიკა, კერძოდ ის, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 800 ათასი მოქალაქეა და მხოლოდ 171 ათასს დაუფინანსდა სამედიცინო მომსახურება. კომპანიებს 171 ათასზე მეტმა კაცმა თუ არ მიმართა, მეტი შემთხვევა ვერც დაფინანსდებოდა. ვფიქრობ, მოგების მაჩვენებელი ციფრები ხელოვნურად არის გაბერილი. კონტროლის პალატამ სახელმწიფოსგან გაცემულ თანხას გამოაკლო დაზღვეულთა მომსახურებაზე გაწეული ხარჯი და ნაშთი მოგებად მიიჩნია. არადა, სადაზღვევო კომპანიებს აქვთ სხვა ხარჯებიც, გარდა ამისა, სახელმწიფომ უშუალოდ დაავალა სადაზღვევო კომპანიებს ასი ახალი საავადმყოფოს აშენება, რაც ჩაფლავებული პროექტი იყო. კომპანიებს ამ დავალების შესრულებაზეც დიდი ხარჯი  აქვთ.

რასაკვირველია, ხელისუფლებამ იცოდა, რამდენი მოგება ჰქონდათ სადაზღვევო კომპანიებს მანამდეც, ისინი  ხომ შესაბამის ორგანოებს ანგარიშს ყოველთვიურად აბარებდნენ. უბრალოდ, ახლა დადგა დრო, როდესაც ხელისუფლებამ ამ სექტორშიც გაინავარდა.

ყველა კომპანიაში საფინანსო-საგამოძიებო სამსახურია შესული. სადაზღვევოები ფინანსურ სანქციებს ელოდებიან. ჩემი აზრით, თუ სამართალდარღვევას აქვს ადგილი, პირველ რიგში, ეს ხელისუფლების მაპროვოცირებელი ქმედებით და ბრალეულობით არის გამოწვეული. კონტროლის პალატის წინასწარ დასკვნაში ნათქვამია, რომ ხელოვნურად შეზღუდულია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, არ არსებობს სამართლებრივი რეგულირების უფრო გამართული მექანიზმი. უმწეოები არასაკმარისად არიან ინფორმირებული, თუ რა სახის მომსახურება ეკუთვნით, დიდი ცდომილებაა პროგრამით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზაშიც.

ყველა ეს საკითხი სახელმწიფოს გადასაწყვეტია. როცა მთავრობა ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, ათასჯერ უნდა დაფიქრდეს, აქვს თუ არა უმწეოთა დაცვის შესაბამისი  მექანიზმები, არის თუ არა კერძო სადაზღვევო ბაზარი იმდენად განვითარებული, რომ მას მიანდოს ამხელა პროგრამის განხორციელება. როგორ გგონიათ, მთავრობის გადაწყვეტილება და დადგენილება, რომლის ხარვეზებზე ახლა კონტროლის პალატა მიუთითებს, მომზადდებოდა  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების  გარეშე? რეკომენდაციებს კი იძლეოდნენ ის პირები, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვა, არ ჰყოფნიდათ კომპეტენტურობა. მიუხედავად ამისა, მათ დღესაც მნიშვნელოვანი თანამდებობები უკავიათ".

P.S. კულუარული ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში 35 ათასი მკვდარი სულია. რაც შეეხება, სადაზღვევო კომპანიებს, მათ თავსატეხად ექცათ ქრონიკული დაავადებების დაუფინანსებლობა. ზოგიერთი მზად არის სიღარიბის პროგრამის განხორციელების უფლებამოსილება სხვა კომპანიას მიჰყიდოს, ან სახელმწიფო პროგრამის შესრულების ნაწილი რომელიმე სხვა კერძო ორგანიზაციასთან ერთად იტვირთოს. თუმცა ცხადია, ამ ბრძოლაშიც ლიდერობენ ის კომპანიები, რომლებიც ხელისუფლებასთან უფრო მჭიდრო კავშირში არიან. თუმცა, არ არის გამორიცხული, სახელმწიფო პროგრამების შესრულება მათთან ერთად სადაზღვევო ბაზარზე ახალშემოსულმა კომპანიებმაც აიღონ.