"ქაჯი როცა ხარ, ინფორმირებულობა ვერ გშველის" - კვირის პალიტრა

"ქაჯი როცა ხარ, ინფორმირებულობა ვერ გშველის"

"ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, ხელისუფლების წარმომადგენელიც და ოპოზიციისაც!"

"ჩემთვის ყველაზე მდაბალი პროვინციული თვისება ეჭვიანობაა. ეჭვის თვალით ყურება გოიმობაა... როცა ადამიანს არ სჯერა, რომ ვიღაცამ შეიძლება რაღაცის მოლოდინის გარეშეც გააკეთოს სიკეთე და გამუდმებით გაიძახის: "ამას იმიტომ აკეთებს, რომ..." - ეს არის უდიდესი გოიმობა. საოცარია, როცა ადამიანი ყველაფერში ცუდს ხედავს" - ამბობს დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე. მასთან ინტერვიუ პანდემიაზე საუბრით დავიწყეთ.

- უცნაური ის არის, რომ ამ მართლაც ტრაგიკული პერიოდის დროს ძალიან ბევრი ნათელი და სწორი რაღაც გამოჩნდა ადამიანების ცხოვრებაში, ოჯახურ ურთიერთობაში... ჩემს შვილთან ერთად ამდენი დრო არასდროს გამიტარებია. სტუდენტებთან მქონდა ჩართვა და ვეუბნებოდი, რომ კულტურული ადამიანი ასეთ პერიოდშიც კი გამონახავს გზას, დრო საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ეს სამი თვე იყო მოგზაურობა მდიდარ ლიტერატურულ სამყაროში... ბევრი ფილმიც ვნახე... მაგრამ მეგობრების მონატრება ახლდა ამ პერიოდს - ამდენი დრო უერთმანეთოდ არასდროს გაგვიტარებია.

ბევრი ადამიანი მირეკავდა საზღვარგარეთიდან. უცხოური პრესა ხომ ყველგან წერდა, საქართველო პანდემიასთან ბრძოლით მოწინავე ქვეყნებს შორისააო. ბევრგან ეწერა ფრაზები: "ქართველმა სპეციალისტებმა თქვეს", "საქართველოს გამოცდილებით"... ეს ისეთი სასიამოვნოა! ჩვენ ხომ ამას მიჩვეული არ ვართ, ჩვენ ხომ ბევრი რამის გამო გვრცხვენია, მაგრამ ახლა ამაყად ვგრძნობ თავს!

- პანდემიასთან ბრძოლას დაერთო ეკონომიკური სირთულეებიც...

- ძალიან ბევრი კონცერტი გაუქმდა და ეს ძლიერი დარტყმაა შემოქმედებითი, ფსიქოლოგიური, ფინანსური თვალსაზრისით; ფილარმონია, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ვარ პოლონეთში, ამ ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო და რამდენიმე დღის წინ ჩაატარეს პირველი კონცერტი უჩემოდ... კონსერვატორიის პროფესორიც ვარ, საოპერო მომზადების კათედრის გამგე... რა ხელფასი მაქვს, სხვა საკითხია, თუმცა ხომ შემინარჩუნდა! ძალიან ბევრი ადამიანი კი უკიდურეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, შემოსავლის გარეშე დარჩა.

ოდესმე ვინმეს რომ ეთქვა, მთავრობის, ხელისუფლების თუ კიდევ ვიღაცების მიმართ სითბოს ვიგრძნობდი, ალბათ, გავგიჟდებოდი, მაგრამ ახლა ვგრძნობდი, რომ ვიღაცას ჩემს თანამემამულეებზე შესტკიოდა გული. ამ პერიოდში დავინახე, რომ მთავრობასა და მოსახლეობას საერთო სულისკვეთება ჰქონდათ. ხელისუფლების წარმომადგენლები მოდიოდნენ ხალხთან და ვხედავდი, რომ გულწრფელად ღელავდნენ. რომ მახსენდება ჩვენი ექიმები - დაღლილები, ღამენათევები, ჩაშავებული თვალებით, ამის არდანახვა ამაზრზენია.

გახარია მომწონს და რა ვქნა?! მისი ადამიანობა მომწონს. იმ 9 წლის "კატასტროფამ" ვერ გაიგო, რით შეაზიზღეს ადამიანებს თავი. მათ ცინიზმით შეაძულეს თავი ყველას, თორემ ცუდია ბათუმი?! მარტვილის კანიონიც მომწონს - სანახაობრივიცაა და ხალხიც არის დასაქმებული... მათ დროს მილიცია პოლიციამ ჩაანაცვლა, საგზაო ინსპექცია აღარ არსებობს... რაც კარგია, უნდა დაინახო, მაგრამ კარგი საქმეების პარალელურად იმ ხელისუფლებისგან წამოვიდა ბოროტება, რაც ვერ აიტანა ხალხმა. სულიერება უნდა გქონდეს კაცს. ბევრი წიგნის წაკითხვა განათლება არ არის. წაკითხულმა შენს სულში, გულში უნდა გაიაროს, დაგაფიქროს, უკეთესად გაქციოს. ამის შემდეგ მოდის სინათლე, განათლება, შინაგანი გასხივოსნება. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ინფორმირებული შეიძლება იყო და ქაჯი როცა ხარ, ინფორმირებულობა ვერ გშველის. მათ შორის უნიჭო არც ერთი არ იყო, ბევრიც ჰქონდათ წაკითხული, მაგრამ მათ სულს ვერაფერი შეეხო...

- ახლა რას ელით?

- პრემიერ-მინისტრს ვუსმენდი... ადამიანი ამბობს, რომ ახლები უნდა მოვიდნენ და თან ნაბიჯებს დგამს, რომ პოლიტიკოსების ახალი ტალღა წამოვიდეს. როცა ადამიანი ამას ხვდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იცით, რა არ მომწონს? ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, ხელისუფლების წარმომადგენელიც და ოპოზიციისაც!

ადრე შავ სიაში ვიყავი - სამსახურიდან გამაგდეს ჩემი პოლიტიკური ხედვის გამო. მაშინდელი კულტურის მინისტრმა ბრძანა, ეს არ დამანახოთ თეატრშიო. დირექტორმა უპასუხა, თანამდებობაზე არ მუშაობს, სამსახურიდან ან უნიჭობის გამო უნდა გავაგდოთ, ან არაპროფესიონალიზმის, მაგრამ არც ერთი არ სჭირს და რა ვქნაო... იმ კულტურის მინისტრმა კი თავისი კულტურით უპასუხა - არ მაინტერესებს, არ დამანახოთ თეატრშიო. ჰოდა, კონტრაქტი აღარ გამიფორმეს. ეს იყო 2010-ში...

ნერვები მეშლება ბევრის დანახვაზე, იმ ხელისუფლებიდან ამ ხელისუფლებაში რომ გადმოცუნცულდნენ! აუტანელია, ერთსა და იმავე სახეებს რომ ვხედავ, მაგრამ ამ 7 თუ 8 წლის განმავლობაში არავის უკადრებია ჩემთვის, ახლა ეს თქვი და ახლა - ესო. მშვიდად შემიძლია ჩემი აზრი გამოვხატო.

არის ერთი არაჩვეულებრივი მუსიკათმცოდნე - ქალბატონი ცისანა ბოტკოველი. ერთხელ შევესწარი, ვიღაცას აქებდა - როგორ ახერხებთ, რომ თან კარგი მუსიკოსი ხართ, თან ყველას უყვარხართო? იმ ადამიანმა უპასუხა, რას ბრძანებთ, შეიძლება ვინმეს ვძულვარ კიდეცო. ამაზე ქალბატონმა ცისანამ შესანიშნავად მიუგო - კი, მაგრამ ჩვენ იმ ხალხს არ ვიცნობთო... ასე რომ, აუცილებელი არ არის, წუხდე ყველას აზრის, განსაკუთრებით - "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული სიბინძურის გამო.

"ფეისბუკში" ნებისმიერ კულტურულ თუ უკულტურო ადამიანს შეუძლია, საზიზღრობა დაბეჭდოს და ეს უამრავმა ადამიანმა ნახოს - ამას უნდა შევეგუოთ, რადგან ყველას აქვს ხმის ამოღების უფლება, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველას უნდა მივაქციოთ ყურადღება?! მე მაინტერესებს მხოლოდ იმის აზრი, ვისიც მჯერა, ვისაც პატივს ვცემ...

- ტროლები, ბოტები იგულისხმებიან მათში, ვისაც "არ ვიცნობთ"? - დიახ... ადრე ლამის გული მისკდებოდა, როცა რაღაცას გულწრფელად ვამბობდი და ვიღაცები ბინძურად იგებდნენ...

როცა უნამუსობა გაგიჟებს, თავის შეკავება ძნელია და იწყებ ხავილს... და რა? ისინი ისევ კომფორტულად გრძნობენ თავს იმ ტალახში, რომელშიც ცხოვრობენ და რომელშიც შენც გაგორავეს...

- პოლიტიკაში წახვიდოდით?.. - მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, როგორც ამბობენ, არცთუ ცუდად. მართალი გითხრათ,  მენანება რამდენიმე კარგი ხელოვანი, რომელიც პოლიტიკაშია. არ არის ეს ჩვენი საქმე. ჩვენი საქმეა პროტესტი მაშინ, როცა რაღაცას არ ვეთანხმებით, თუ ხალხს სცემენ, ხმის ამოღებას უკრძალავენ...

ეკლესიის საკითხსაც შევეხები... ბევრი რამ მაღიზიანებს, მაგრამ მე ვაკრიტიკებ გულისტკივილით. იმიტომ, რომ მინდა, ეკლესია უკეთესი იყოს, ისინი კი აკრიტიკებენ იმისთვის, რომ გაანადგურონ! რაც შეეხება პოლიტიკას... ახლა სარბიელზე ორი ძირითადი ძალაა. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან...

ოღონდ ისინი არ მობრუნდნენ! იყოს მესამე, მეოთხე, მეხუთე ძალა. ახლა ახალი იდეების დროა. საღად მოაზროვნე ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ, ისეთები, ყველა ტბაში რომ არ არიან ნაბანავები.