"ისეც და ასეც, სსუ? კი ბატონო, სსუ!!!" - კვირის პალიტრა

"ისეც და ასეც, სსუ? კი ბატონო, სსუ!!!"

დავით ევგენიძე: "სწორედ მდუმარებაშია ჭეშმარიტი პოეზია. დიდი პოეტები არ ყვირიან... ამ ლექსით ის ამბობს, პირიქით, იყვირეთ, არ გაჩუმდეთო და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი..."

რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა ახალ პროექტში სახელწოდებით "სსუ!!!""მორის ფოცხიშვილის ლექსები ერთ კლიპად შეკრა. პროექტი პოეტის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ.

"მე ეს მამასთვის გავაკეთე"

- 11 ივნისს იყო მამაჩემის დაბადების დღე და ვინაიდან "კოვიდ-19"-ის გამო საიუბილეო საღამო ვერ ჩატარდებოდა, ერთი კვირით ადრე გადავწყვიტე, ასეთი რამ გამეკეთებინა. კლიპს ვერ დავარქმევდი, ეს უფრო მიძღვნაა. რაც შეეხება მონაწილეებს, ისინი ჩემთვის და საზოგადოებისთვის ძალიან ძვირფასი და საინტერესო ადამიანები არიან. თითოეულმა საოცარი ნიჭით, განსხვავებულად, თავისებურად წაიკითხა მორის ფოცხიშვილის ლექსები და ის გამოხმაურება, რაც პოვა პროექტმა, სწორედ მონაწილეების დამსახურებაა. ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები.

- პირბადეებს აწერია "სსუ!!!.." რას ნიშნავს ეს - გინდოდათ რაღაც გეთქვათ?.. - რაც მინდოდა მეთქვა, მორისის ლექსშია ნათქვამი: "თუ ჩემი ლექსი/ ქვეყანას აქცევს,/ თუ გსურს დავდუმდე სულ,/ ისეც და ასეც,/ ისეც და ასეც,/ სსუ?/ კი ბატონო, სსუ!!!..."

- მამაზე ვისაუბროთ... როგორი იყო - მკაცრი, მომთხოვნი, ლოიალური?

- ისეთი თავისუფლების მოყვარული იყო, წარმოუდგენელია, მკაცრი ყოფილიყო და ჩვენც გვაძლევდა თავისუფლებას.

- ეს კლიპი რომ ენახა, რას გეტყოდათ? - ძალიან მოეწონებოდა, იმიტომ, რომ უყვარდა ნიჭიერი, ლამაზი და საინტერესო ადამიანები. მე ეს მისთვის გავაკეთე და ვიცი, რომ აღფრთოვანდებოდა.

"ეს იყო იმ ეპოქის ზუსტი გზავნილი, სადაც სულ ყველა გეუბნებოდა: "სსუ!"

დავით ევგენიძე, კომპოზიტორი: - სულ პატარა ბებიაჩემმა მიმიყვანა, უთხრა, ჩემი შვილიშვილი მუსიკას წერსო და ამის შემდეგ მორისი იყო ჩემი მფარველი. მან დიდი სიყვარული და სითბო მაჩუქა და გზა დამილოცა. რომ არა მორისი, შეიძლება დათო ევგენიძე არავის სცნობოდა. 8-9 წლის ვიყავი, როცა სიმღერებისთვის ლექსებს მორის ფოცხიშვილი მიწერდა! სულ მაქებდა და სტიმულს მაძლევდა. ერთხელ პროფკავშირების სასახლეში ბატონი მორისის იუბილე იყო, მის ლექსებზე დაწერილი ჩემი სამი სიმღერა შესრულდა (ბასა და თამრიკო მაშინ ძალიან პატარები იყვნენ). იუბილეს ყველა ცნობილი კომპოზიტორი ესწრებოდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ვახშამზეც დამპატიჟეს. არასოდეს დამავიწყდება, მორისმა კომპოზიტორებს ჩემი თავი როგორ წარუდგინა - ეს ბიჭი თქვენს კონკურენტად არ ჩათვალოთ, ის საერთოდ სხვაგან იყურებაო.

- ახალ კლიპში პირბადეები გიკეთიათ, რომელსაც აწერია "სსუ"...

- ჩემთვის ამ სიტყვაში იყო ბატონ მორისის ყვირილი, რომელიც სუნთქვის, ანუ თავისუფლების სურვილს გამოხატავს. ის ამბობს, პირიქით, იყვირეთ, არ გაჩუმდეთო და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს იყო იმ ეპოქის ზუსტი გზავნილი, სადაც სულ ყველა გეუბნებოდა: "სსუ!"

- გაიხსენეთ მორის ფოცხიშვილთან დაკავშირებული ამბავი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ... - სკოლა რომ დავამთავრე, იმავე წელს, ივლისში, მოსკოვის კონსერვატორიაში ჩავაბარე და აგვისტოში და დამეღუპა, სექტემბერში კი მოსკოვში წავედი სულ სხვა ბიჭი, სხვა ცხოვრებით და განცდებით, ბატონმა მორისმა მეუღლესთან ერთად იქ ჩამომაკითხა და მომეფერა... ეს არასდროს დამავიწყდება. რომ დამიძახეს, ქვევით გელოდებიანო და ბატონი მორისი და მისი მეუღლე დამხვდნენ, თითქოს თავიდან დავიბადე. ეს უდიდესი ყურადღება, სითბო და ერთგულება იყო. ზუსტად იცოდა, რა განვიცადე მე, პატარა ბიჭმა და გვერდში ამომიდგა, მდუმარედ მომეფერა. სწორედ მდუმარებაშია ჭეშმარიტი პოეზია. დიდი პოეტები არ ყვირიან.

- დღევანდელობაზეც ვისაუბროთ.

- არა მგონია, დღევანდელი და მეათე საუკუნის ადამიანები სულიერებით განსხვავდებოდნენ, იმიტომ, რომ ჩვენ დაგვაქვს კაცობრიობის ყველა ცოდვა თუ ხიბლი და მივდივართ უფლისკენ, რომ განვიწმინდოთ. ალბათ, ეს პანდემიაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უფლისკენ მიდიან, განწმენდის საშუალება იყო. მე მჯერა კაცობრიობის. ჩვენ მივალთ ღმერთთან, რადგან სხვა გზა არ გვაქვს. ეს ერთადერთი გზაა.