რა საფრთხე ემუქრება ნაღვარევის ეკლესიას, რომლის აღდგენაც პატრიარქის ოცნება იყო - კვირის პალიტრა

რა საფრთხე ემუქრება ნაღვარევის ეკლესიას, რომლის აღდგენაც პატრიარქის ოცნება იყო

ხატმწერი და რესტავრატორი თამარ გოჩიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხმა ამოიღო არაგვის ხეობაში, სოფელ ნაღვარევში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ, რომელსაც გუდაურში შემოვლითი გზა გაჰყავს. მთიულების პროტესტის მიზეზი გახდა სოფლის შუაგულში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 60-70 მეტრში, ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინელი მუშებისთვის 49-საძინებლიანი კორპუსის მშენებლობა, რაც "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონს ეწინააღმდეგება. ქალბატონი თამარი ნაღვარევის ეკლესიის რესტავრატორია. სწორედ მან აასრულა უწმინდესის ბავშვობის ოცნება - მიტოვებული ეკლესია აღადგინა და სადარბაზე ტაძარი სამრევლოდ გადააქცია. როგორც გვითხრა, ამ ეტაპზე მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა ჩინური კომპანია კვლავ იბრძვის ნებართვის მოსაპოვებლად. ეჭვობენ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვას გასცემს.

- ამ უკანონო მშენებლობასთან 15 მეტრში ვცხოვრობ და ვხედავ, როგორ ირღვევა კანონი, როგორ არაფრად აგდებენ მოსახლეობის ნება-სურვილს. 2008-2009 წლებში მე და ჩემმა მეგობარმა პატრიარქის კურთხევით რესტავრაცია გავუკეთეთ ტაძარს.

კომუნისტების დროს ძეგლი გარედან და შიგნიდან კირით შეულესავთ. კედლებს ნალესი რომ მოვხსენით, საოცარი ფრესკები, საკურთხევლის სარკმელთან კი ძალიან მნიშვნელოვანი წარწერა გამოჩნდა.

ტაძარი ამჟამად მოქმედია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში შედის, თუმცა ეკლესიიდან 60-70 მეტრის დაშორებით, ხადის ხეობის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინელებისთვის კორპუსის აშენება აქვთ გადაწყვეტილი.

ეს ისტორიული ძეგლი კი 300-მეტრიანი დაცვის ზონაშია. 49-საძინებლიანი, სამსართულიანი შენობის აგება აბსოლუტურად შეუთავსებელია იქაურობასთან. გუბერნატორი დაგვპირდა, რაკი მოსახლეობა წინააღმდეგია, არ აშენდებაო.

- დუშეთის მუნიციპალიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ ამ ადგილზე რაიმე ობიექტის მშენებლობისთვის არც ერთი კომპანიისთვის ნებართვა არ გაუცია... - ოფიციალურად გვაჩვენონ დოკუმენტი, რომ სამუშაო აღარ მიმდინარეობს. არაერთხელ დავრეკეთ საგზაო დეპარტამენტში. ისინიც აფრთხილებდნენ, რომ გაჩერებულიყვნენ, მაგრამ მეორე დღეს კვლავ გრძელდებოდა მუშაობა... გამოდის, ჩინელები არც აპირებენ აქედან წასვლას, ან ვიღაცას რჩება ეს კაპიტალური შენობა.

- მითხარით, საოცარი ფრესკები აღმოვაჩინეთო. კიდევ რა იყო მნიშვნელოვანი?

- მაგალითად, სამხრეთ კედელზე ამაღლების ფრესკის უნიკალური ფრაგმენტები. საკურთხეველში აღმოჩნდა გამოსახულება მხატვრის წარწერით: "მოიხსენე, უფალო, მხატვარი მათე და მისი ოჯახი". სავარაუდოდ, ის მეფის მხატვარი იყო. საკურთხეველში გამოჩნდა წმინდა გიორგის მკრთალი ფრესკაც, რამაც გვაფიქრებინა, რომ ტაძარი მოხატული იქნებოდა. გარდა ამისა, კრწანისის ზემოთ მდებარე შავსოფელში მცხოვრებმა ქალმა გვაჩვენა ხანჯალი, ოჯახის რელიკვია. იარაღი მოჭედილია, ბუდეში, როგორც ჩანს, ძვირფასი თვლები იყო ჩასმული, თუმცა თვლები დაკარგულია. გადმოცემით, ამ სოფლიდან შავოსანი დედები კრწანისის გმირების დასატირებლად ჩავიდნენ და 300 არაგველს საჭურველი აყარეს. იმ ქალმაც თქვა, ხანჯალი კრწანისის ბრძოლის ველიდანაა წამოღებულიო. ექსპერტიზამაც დაგვიდასტურა, რომ ხანჯალი ასაკით, ჭედურობითა თუ ფორმით მართლაც შუა საუკუნეების არის.

იმედია, გუბერნატორი დანაპირებს შეასრულებს. ეს სალოცავი სრულიად საქართველოსია. ისტორიული ძეგლების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია!

P.შ. სოფელ ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის შესახებ საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გზის გაყვანა შეთანხმებული არ ყოფილა არც სახელმწიფო უწყებებთან და არც საპატრიარქოსთან. უცხოურ კომპანიას თვითნებურად გაჰყავს გზა, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. ამიტომაც სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებსა და უფლებამოსილ პირებს მოუწოდებენ დროულად მოახდინონ რეაგირება. იმედია, უკანონო სამუშაოები შეწყდება და ტაძარი თავის პირვანდელ იერს არ დაკარგავს.

"ნიაღვრით მობრძანებული ეკლესია"

ვახუშტი ბატონიშვილი ნაღვარევს "მეფეთა მოსასვენებელ ალაგად" იხსენიებს. სოფელში დგას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ნაღვარევის ეკლესია, რომელიც სამეფო კარის სალოცავი ყოფილა. ნატეხი ქვით ნაგები, შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია თავისი მხატვრობითაც უნიკალურია. უცნობია, რომელ საუკუნეში, თუმცა დადასტურებულია, რომ ტაძარი 2 კილომეტრით მაღლა იდგა. შემდეგ მეწყერმა ეკლესია მოწყვიტა და იქ ჩამოიტანა, სადაც ახლა დგას. სოფლის სახელიც - ნაღვარევი, ნიაღვრებსა და მეწყერს უკავშირდება. ამიტომაც უწოდებენ მთიულები ამ წმინდა ადგილს "ნიაღვრით მობრძანებულ ეკლესიას".

არაგვისპირის მებრძოლები ბრძოლის წინ თურმე ამ ეკლესიაში იკრიბებოდნენ და ერთგულების ფიცს დებდნენ. ასე ყოფილა კრწანისის ბრძოლის დროსაც. 300 არაგველს ფიცი დაუდვია, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდნენ - ან გამარჯვებულები დაბრუნდებოდნენ, ან ბრძოლის ველზე გმირულად დაეცემოდნენ... კრწანისის ბრძოლის წლისთავზე ვახტანგ ბატონიშვილმა 300 არაგველის სულის მოსახსენიებლად ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესიას ოქროს ბარძიმი შესწირა, რომელიც დღეს ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ინახება.

ნინო ჯავახიშვილი