აფხაზეთში ანტისომხური განწყობა იზრდება?! - კვირის პალიტრა

აფხაზეთში ანტისომხური განწყობა იზრდება?!

"აფხაზეთში რამდენიმე ათასი ნარკომანია და ყველა სომეხი ნარკორეალიზატორის კლიენტია. ამბობენ, ნარკობარიგები სოჭიდან და კრასნოდარიდან მარაგდებიანო"

კუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზით ცდილობს სომხებისა და აფხაზების დაპირისპირება შეარბილოს, მაგრამ აფხაზების აგრესია ხანდახან იმდენად მწვავეა, სომხები უკან იხევენ, ოღონდ დროებით, და ვითარების ჩაწყნარების შემდეგ სხვა გზებით ცდილობენ მიზნის მიღწევას და ხშირად შედეგიანადაც. აფხაზების თქმით, ბჟანია-ანქვაბის გუნდი, რომელიც კრიმინალთან ბრძოლას აპირებს, განწირულია მარცხისთვის, რადგან ე.წ. კანონიერი ქურდები, ნარკომოვაჭრე სომხები და არაერთი აფხაზი "მაღალჩინოსანი" საერთო ბიზნესში არიან ჩართული.

რამდენიმე დღის წინ აფხაზმა სამართალდამცავებმა ხუთი მოქალაქე დააკავეს. მათ ოჩამჩირეში სოფელ ლაბრის ადმინისტრაციის უფროსს არუთინ მელქონიანს სასტიკად სცემეს. ის ამ პოსტზე 12 ივნისს დანიშნეს, იმავე ღამეს კი თანასოფლელები და სხვა პირები გაუსწორდნენ. მელქონიანი თავდამსხმელებს გაექცა და "კალაშნიკოვით" ცეცხლი გაუხსნა. ამ ფაქტის შემდეგ მას თანამდებობა დაატოვებინეს, მაგრამ აფხაზების თქმით, მელქონიანს ვიღაც მფარველობს და ისევ ცდილობენ მის თანამდებობაზე დაბრუნებას.

"მთელი ოჯახი ნარკოტიკს ყიდის. ეს მელქონიანების ხელშეუხებელი ბიზნესია, ამიტომაც არის, რომ ამ დაქცეულ სოფელში მათი სასახლე, რომელსაც გარს გალავანი აკრავს, გამორჩეულია. მელქონიანებს კავშირები აქვთ სოხუმელ სომხებთან. ყველა მათგანის ბიზნესი ხელშეუხებელია", - ამბობს ერთ-ერთი აფხაზი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.

არც ისე დიდი ხნის წინ სოხუმის ლეჩკოპის სასაფლაოზე არმენ გრიგორიანს სასტიკად სცემეს, შემდეგ გაიტაცეს და მის ოჯახს გამოსასყიდი - 17 მილიონი რუბლი მოსთხოვეს. სოხუმის სომეხმა მოსახლეობამ სცადა ასეთი ფაქტებისთვის პოლიტიკური სარჩული დაედო, რადგან მის გატაცებაში ე.წ. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, არტურ ანქვაბი მონაწილეობდა, თუმცა არ გამოუვიდა. გრიგორიანი მილიციამ გამოიხსნა. აფხაზების თქმით, გრიგორიანიც, ისევე, როგორც ბევრი სხვა სომეხი, ნარკობიზნესშია ჩართული. ნარკობიზნესი აფხაზეთში ხომ, ძირითადად, სომხების ხელშია.

"აფხაზებისთვის 70 000 სომეხი ანგარიშგასაწევი ძალაა"

ნიკა, 36 წლის, სოხუმის მკვიდრი: - აფხაზეთში დაახლოებით 70 000 სომეხი ცხოვრობს, მათთვის 23 სკოლაა გახსნილი, სადაც სწავლება სომხურ ენაზე მიმდინარეობს. ისინი არ თვლიან საჭიროდ აფხაზური ენის შესწავლას და ჩვენ რუსულად გველაპარაკებიან. ყველა სკოლადამთავრებულს შეუძლია უმაღლესი განათლება სომხეთში მიიღოს. ბევრი მათგანი აფხაზეთში ბრუნდება და აქ იწყებს მუშაობას. აქაური სომეხი ბიზნესმენებიც ახალგაზრდა სომხების დასაქმებას ცდილობენ. როდესაც ამ საკითხზე საუბარს ვიწყებთ, მაშინვე რასიზმს მოგვაკერებენ ხოლმე, არადა, რუსეთში 2 მილიონამდე სომეხი ცხოვრობს, მაგრამ არც ერთი სომხური სკოლა არა აქვთ. ყოველ წელს აფხაზეთში სომხური კულტურის დღეები ტარდება. უამრავი სომეხი ჩამოდის, ზოგი რუსეთიდან, ზოგი სომხეთიდან. ადრე აფხაზებს ეს უხაროდათ, ფულს ჩვენთან დახარჯავენო, მერე კი ცხადი შეიქნა, რომ ჩამოსული სტუმრები მხოლოდ სომხების სასტუმროებსა და კვების ობიექტებში ჩერდებოდნენ. ასე რომ, აფხაზებისთვის 70 000 სომეხი ანგარიშგასაწევი ძალაა. გაგრაში, რომელსაც სომხები ფაქტობრივად, დაეპატრონენ, ისევე როგორც ბიჭვინთას, ბოლო წლებში ქალაქის ცენტრში სომხური ეკლესია ააშენეს. წირვა-ლოცვა სომხურ ენაზე მიმდინარეობს და ძალიან ძლიერი მრევლი ჰყავთ.

- განსხვავებით აფხაზებისგან, სადაც ეკლესიაც ორად არის გაყოფილი.

- დიახ, როგორც ერი, ეკლესიაც ორად არის გაყოფილი: ნაწილი აფხაზეთის ეკლესიის მეთაურის ბესარიონ აპლიას მრევლია, რომელსაც კრემლი აფინანსებს, მეორე კი არქიმანდრიტ დოროთეი დბარის, რომელსაც აფხაზეთის ეკლესიაში ცალკე ავტონომია აქვს შექმნილი, ახალი ათონის მონასტერშია გამაგრებული, რუსეთს გაემიჯნა... მოსახლეობის დიდი ნაწილი იეღოვას მოწმეა. ამ სექტაში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, მოსახლეობას ძალიან უჭირს და გადასარჩენად სექტას ეკედლება.

- რამდენიმე წლის წინ სოხუმის ერთ სკოლაში ანტისომხური წარწერებიც გაჩნდა. - ასეთი მცირედი პროტესტი უკვე რეგულარულია, მაგრამ დიდად ვერ გაძლიერდა. არც სომხებს აწყობდათ ხმაურის ატეხა, რადგან იმ პერიოდში რამდენიმე თინეიჯერი მათ უბანში ნაყიდი ნარკოტიკით დაიღუპა, მათ შორის ერთი ძალოვანი უწყების თანამშრომლის 16 წლის ვაჟი იყო. აფხაზეთში რამდენიმე ათასი ნარკომანია და ყველა სომეხი ნარკორეალიზატორის კლიენტია. ამბობენ, ნარკობარიგები სოჭიდან და კრასნოდარიდან მარაგდებიანო.

ერთადერთი, ვინც სომხების გარშემო პრობლემასა და მის საფრთხეებზე საჯაროდ ლაპარაკი გაბედა, ჯემალ ბარციცი იყო, რომელმაც მეზობელ სომეხს სასტიკად სცემა და სომხებს აფხაზეთის ხორცმეტები უწოდა. ჩვენდა გასაკვირად, მას აფხაზებიც განუდგნენ და ამრეზით დაუწყეს ყურება, სომხები კი სტაბილური ცხოვრების სანაცვლოდ ნარკობიზნესის შემოსავლით გავლენიან აფხაზებსაც კვებავენ. ყველა სომეხს სახლში იარაღი აქვს, მაგრამ აფხაზებისგან განსხვავებით ამის აფიშირებას არ ახდენენ. თავიანთ საქმეს ყოველთვის ჩუმად აკეთებენ. ლამის ყველას, ვინც არათუ ომის წლებში, მანამდე და შემდეგაც დაშავდა ან დაიღუპა, ვეტერანის სტატუსი აქვს. ერთი სომეხი ოჯახი ვიცი, კაცი მთვრალი მოვიდა სახლში და ჭიდან წყლის ამოღებისას შიგ ჩავარდა, მაგრამ ომში გმირულად დაღუპულის სტატუსი აქვს. მისი ოჯახი პენსიასა და სოციალურ დახმარებას იღებს.