გამოცდები პირბადით - კვირის პალიტრა

გამოცდები პირბადით

"თუკი გამოსაცდელს აქვს 37.5-ზე მეტი სიცხე და არა აქვს PCR-ტესტის პასუხი, რომელიც ადასტურებს, რომ არ არის კოვიდინფიცირებული, გამოცდაზე არ დაიშვება!"

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-დან 4 აგვისტოს ჩათვლით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, წელს თითოეულ საგამოცდო სექტორში 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა გამჭვირვალე, დამცავი ფარით/ბარიერით იქნება აღჭურვილი. მაგიდებს შორის დაშორება სიგანეში 2 მეტრი, ხოლო სიგრძეში 1 მეტრი იქნება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს პირბადეს შესთავაზებს, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მათ თავიანთი პირბადეების გამოყენებაც შეუძლიათ. წესების დარღვევისთვის (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) გამოსაცდელი შენიშვნას მიიღებს, ხელმეორედ დარღვევისთვის კი გამოცდიდან მოიხსნება. აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე თერმოსკრინინგს გაივლიან... თუკი გამოსაცდელს წინა დღეებში მაღალი სიცხე აქვს, გამოცდამდე 72 საათით ადრე უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი, რომელიც აბიტურიენტებისთვის უფასოა. თუ გამოცდის დღეს 37.5 ან მეტი დაუფიქსირდება, მაგრამ ტესტის პასუხი უარყოფითია, გამოცდაზე დაიშვება... ცალკე სარეზერვო ოთახებში განთავსდებიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც რაიმე სახის პრობლემა აქვთ, მაგალითად, წითელა, წითურა და ა.შ. ამის შესახებ გამოსაცდელმა წინასწარ წერილობით უნდა მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რათა უზრუნველყონ მისი იზოლირება... "კვირის პალიტრის" კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს:

- "სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები", - ვკითხულობთ ნაეც.გე-ზე. რა იგულისხმება ამ სამუშაოებში?

- იგულისხმება ისეთი ზედაპირების დამუშავება, როგორიცაა ღილაკები, კარის სახელურები, ჩამრთველ-გამომრთველები, გარდა ამისა, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით გაიწმინდება გელიანი კალმები, ლეპტოპები, ფარები და ა.შ. ცხადია, გამოსაცდელებს შესაძლებლობა ექნებათ დაიმუშაონ ხელები სანიტაიზერით ან დაიბანონ საპნითა და წყლით.

- რამდენი წუთი იქნება გამოყოფილი სანიტარიული შესვენებისთვის? მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო დრო 3 საათი და 45 წუთია. ამ ხნის განმავლობაში აბიტურიენტებმა შეუსვენებლად უნდა წერონ, თანაც პირბადეებით? - წელს გაზრდილია სესიების რაოდენობა. ხანგრძლივი საგამოცდო სესიის შემთხვევაში, მეორე სესია იმავე დღეს აღარ იქნება. ორი სესია ერთ დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ გამოცდა შედარებით ხანმოკლეა. მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ერთ სესიად ჩატარდება. სადეზინფექციო სამუშაოები გამოცდის დასრულებისთანავე დაიწყება და გასტანს იმდენ ხანს, რამდენიც ამ პროცესს დასჭირდება. რაც შეეხება ერთი სესიისთვის განსაზღვრულ საგამოცდო დროს, ამ პერიოდში შესვენებები განსაზღვრული არ არის, თუმცა თითოეული ტესტისთვის განკუთვნილია უფრო მეტი დრო, ვიდრე ტესტის შესრულებას სჭირდება. გამოსაცდელებს შესაძლებლობა ექნებათ საჭიროების შემთხვევაში გამოცდის მიმდინარეობის დროსაც შეისვენონ, შეიცვალონ პირბადე, გავიდნენ საპირფარეშოში...

ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით, თუმცა, ამის მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ბუნებრივ უსაფრთხო ვენტილაციას გარედან შემოსული ჰაერით; ასევე ოთახები წინასწარ გაგრილდება - სესიის დაწყებამდე და გამოცდებს შორის პერიოდში.

- თუ აბიტურიენტს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და არ შეუძლია პირბადის გაკეთება, იზოლირებულ ოთახში განთავსდება? - ისეთი დაავადებების არსებობის შემთხვევაში, რომელთა დროსაც შეიძლება ექიმმა მიიჩნიოს, რომ პირბადის ტარება დაამძიმებს გამოსაცდელის ჯანმრთელობას, აბიტურიენტმა განცხადებით უნდა მოგვმართოს და წარმოადგინოს სამედიცინო დასკვნა. კომისია თითოეულ განაცხადს განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

- თუ გამოსაცდელმა 72 საათით ადრე გაიკეთა PCR-ტესტი და წარადგინა ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული, მაგრამ გამოცდაზე შესვლამდე, სკრინინგის დროს აღმოაჩნდა სიცხე 37.5-ზე მაღალი, იზოლირებული იქნება, თუ ერთ წელს კარგავს? - რეკომენდაციების შესაბამისად, თუკი გამოსაცდელს გამოცდაზე შესვლამდე აქვს 37.5-ზე მაღალი სიცხე, მაგრამ ამავე დროს აქვს 2-3 დღით ადრე გაკეთებული ტესტის პასუხი, რომელიც ადასტურებს, რომ ის არ არის კოვიდინფიცირებული, რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი) არარსებობის შემთხვევაში, განთავსდება საერთო სექტორში, მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი მოთავსდება სარეზერვო სექტორში. თუკი გამოსაცდელს აქვს 37.5-ზე მეტი და არა აქვს PCR-ტესტის პასუხი, რომელიც ადასტურებს, რომ არ არის კოვიდინფიცირებული, გამოცდაზე არ დაიშვება!

ნათია სიბაშვილი