"ჰაერის ვენტილაცია ვირუსის კონცენტრაციას ამცირებს..." - კვირის პალიტრა

"ჰაერის ვენტილაცია ვირუსის კონცენტრაციას ამცირებს..."

"მეტროში კონდიცირების სისტემა არ არის, ვენტილაციის სისტემაა და თანაც - კარგი. მატარებლის მოძრაობისას მოძრაობს ჰაერიც, ოღონდ ფანჯრები ღია უნდა იყოს. მეტროს არც გათბობა აქვს და არც - გაგრილება. თავისით არის გაგრილებულიც და თბილიც"

"Covid-19"-ის საფრთხეები ჩვენმა სახელმწიფომ და ექიმებმა წარმატებით აკონტროლეს, საინჟინრო კონტროლი კი სავალალო მდგომარეობაშია", - ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სპეციალისტი ნანი მეფარიშვილი.

- პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო საინჟინრო - ამ შემთხვევაში ვენტილაცია-კონდიცირების დანადგარებია, რომლებიც მიკროკლიმატს ქმნის დახურულ სივრცეში. ევროპის გათბობისა და ვენტილაციის სისტემების ინჟინერთა ასოციაციამ აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო კომპანიებთან ერთად უკვე გამოაქვეყნეს ექიმებთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენთანაც გამოიგზავნა... გვითხრეს, რომ კონდიციონერები უნდა გაითიშოს ოფისებსა და საგამოცდო სივრცეებში, რაშიც ინფექციონისტებს ვერ დავეთანხმები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზამთრის პერიოდში თუ ადამიანები იმყოფებიან ინტელექტუალურ სამუშაოზე +15 ტემპერატურაზე შრომის ნაყოფიერება იკლებს 25%-ით, ხოლო ზაფხულში +35 ტემპერატურაზე შრომის ნაყოფიერება იკლებს 50%-ით. ხსენებულ რეკომენდაციებში კონკრეტულად არის გაწერილი, რა და როგორ უნდა მოხდეს. იქ პირველ პუნქტად წერია, რომ ვენტილაცია და კონდიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კი არ უნდა გაითიშოს, უნდა გაძლიერდეს. ვენტილაციის სისტემებმა უნდა იმუშაოს 24-საათიანი რეჟიმით. ღამით უნდა შემცირდეს სიჩქარე, მაგრამ არ უნდა გაჩერდეს, რადგან ჰაერის ვენტილაცია ვირუსის კონცენტრაციას, მის რაოდენობას ამცირებს. ამასთან, იმუნური სისტემისათვის სუფთა ჰაერი მნიშვნელოვანია და დაგმანულ სივრცეში ყოფნა დაუშვებელია.

- მაგრამ დაგმანულ სივრცეში არ მუშაობს კონდიციონერი? - რატომღაც, საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს წარმოდგენა, რომ კონდიციონერს მხოლოდ ჰაერის გათბობა-გაგრილება შეუძლია, მაგრამ მას აქვს მრავალი მოდიფიკაცია... ამ ინფექციის პერიოდში მნიშვნელოვანია ჰაერცვლა - ადამიანს უნდა მიეწოდებოდეს აბსოლუტურად სუფთა ჰაერი. ამისთვის ყველაზე კარგი გამოსავალია ფანჯრის გაღება, რათა შემოვუშვათ სუფთა ჰაერი, ამ აპარატმა კი აკეთოს თავისი საქმე - ეს ჰაერი გააგრილოს. აუცილებელია, ფანჯარა შეღებული გვქონდეს, რომ ნახშირორჟანგიანი და კოვიდინფექციით დაბინძურებული ჰაერი არ ვისუნთქოთ.

მე ჯანდაცვის სამინისტროში მივედი და გამოვთქვი მზადყოფნა, რომ შემოვივლი ყველა საგამოცდო სივრცეს ანაზღაურების გარეშე და გავცემ სწორ რეკომენდაციებს აბიტურიენტებისათვის შესაბამისი კლიმატური პირობების შესაქმნელად. თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიებითა და მცირე ხარჯით ღია სივრცეშიც შესაძლებელია ჰაერის გაგრილება.

- თუ არ ვცდები, სხვა ქვეყნებშიც ჩაატარეს ასე გამოცდები... - დიახ, და ბავშვებს ნიღბები არ ჰქონდათ... მარტივი და უდანახარჯო სისტემაა, მაგრამ გვჭირდება ექიმებთან შეთანხმება. არ შეიძლება მხოლოდ ექიმმა გადაწყვიტოს კონდიცირების სისტემების მუშაობის პრინციპები. პანდემიასთან ბრძოლისას ჩვენი ექიმები ჯანმოს რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ, თუმცა დამოუკიდებლადაც იღებდნენ გადაწყვეტილებებს და შესანიშნავი შედეგებიც მივიღეთ, მაგრამ სამედიცინო სფეროს პროფესიონალები ვერ შეძლებენ გამოავლინონ პროფესიონალიზმი საინჟინრო სისტემებში. ამ დარგში ჩვენ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც ასევე შესანიშნავად გაართმევენ თავს თავიანთ საქმეს.

ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ სივრცეში ჰაერის ტენიანობა არ უნდა იყოს 30%-ზე ნაკლები... იმას კი ნუ მეუბნებიან, კონდიციონერი გამორთეო, მითხრან, რა უნდათ, მაგალითად, სუფთა ჰაერი, 30%-იანი ტენიანობა და ა.შ., დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. უნდა ვითანამშრომლოთ, სხვანაირად საქმე არ გამოდის.

- ე.ი. ავტობუსებშიც შეიძლება ჩავრთოთ კონდიციონერი?

- ავტობუსებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვეთანხმები ექიმებს, რადგან ვიცი, როგორ არის მოწყობილი ავტობუსების კონდიცირების სისტემები. სხვათა შორის, თვითმფრინავებში დამოკიდებულება შეიცვალა და ამასთან დაკავშირებით საინტერესო ევროპული რეკომენდაციები გაიცა. თვითმფრინავის ვენტილაციის სისტემებს დაუყენეს ჰეპაფილტრები, ანუ ანტიბაქტერიული ფილტრები, რომლებიც ჰაერს სრულად გაფილტრავს და მგზავრებს ერთმანეთის გვერდით დასხდომა შეეძლებათ, მაგრამ ავტობუსების კონდიცირების სისტემაში ჰეპაფილტრებს არავინ ჩააყენებს. ავტობუსის კონდიციონერი შიდა ჰაერს ატრიალებს და ფანჯრები რომ გავაღოთ, შედეგი მაინც არ გვექნება. აქედან გამომდინარე, ავტობუსში არ არის საჭირო კონდიციონერების ჩართვა. სასურველია ფანჯრის გაღება და ნიღბით სიარული.

- სამარშრუტო ტაქსებსა და მეტროში, როგორი წესი, უნდა მოქმედებდეს? - მეტროში კონდიცირების სისტემა არ არის, ვენტილაციის სისტემაა და თანაც - კარგი. გარდა ამისა, მატარებლის მოძრაობისას მოძრაობს ჰაერიც, ოღონდ ფანჯრები აქაც ღია უნდა იყოს. მეტროს არც გათბობა აქვს და არც - გაგრილება. რადგან მიწისქვეშა ნაგებობაა მასში შენარჩუნებულია მუდმივი ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ მცირედი ცვლილებით. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, რა თქმა უნდა, ფანჯრები უნდა გავაღოთ, კონდიციონერის ჩართვით კარგ შედეგს ვერ მივიღებთ.

- კერძო მანქანებში?

- კერძო მანქანაში ადამიანს თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს, ოღონდ მანქანების მფლობელებმა თვეში ერთხელ უნდა გაწმინდონ, გარეცხონ და დაამუშაონ ფილტრები. ეს პანდემიამდეც ასე იყო, მაგრამ ჩვენთან ამ მოთხოვნებს ნაკლებად ასრულებდნენ.