"ჩემს თაობას არჩევანი არ დაუტოვეს, განგებამ ყველა ჯარისკაცებად გვაქცია" - კვირის პალიტრა

"ჩემს თაობას არჩევანი არ დაუტოვეს, განგებამ ყველა ჯარისკაცებად გვაქცია"

"ღიმილის ბიჭების“ გმირები ჩემი თანაკლასელები არიან, Xა კლასიდან. გამოსაშვები საღამო - უდარდელ მხიარულებას მეორე დღეს, 1941 წლის 22 ივნისის დილას, დიდი სამამულო ომის დაწყება მოჰყვა... ბიჭები ომში წავედით"

22 ივნისი მწერლისა და კინოდრამატურგის სულიკო ჟღენტის დაბადების დღეა. ის 95 წლის გახდებოდა... მისი სცენარებითაა გადაღებული ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმები: "ჯარისკაცის მამა", "ღიმილის ბიჭები", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "ფესვები" "ნერგები", "წუთისოფელი", "ციმბირელი პაპა", "რაჭა, ჩემო სიყვარულო", "ბურთი და მოედანი", "რაიკომის მდივანი", "დონ კიხოტი"... ფილმების უმეტესობას, როგორც ბატონი სულიკოს შვილი, ხელოვნებათმცოდნე ოლიკო ჟღენტი ამბობს, ნამდვილი ამბები უძღოდა წინ... ქალბატონმა ოლიკომ მამის ხსოვნას მიუძღვნა წიგნი: "როგორ შერჩები მარადისობას". ეს სახელწოდება ციტირებულია სულიკო ჟღენტის დაუმთავრებელი სცენარიდან, რომელზეც სიცოცხლის ბოლო პერიოდში მუშაობდა და რომელიც მის ჩანაწერებში ხელნაწერის სახით დარჩა...

"ჯარისკაცის მამა"

სცენარისტის საარქივო მასალებში დაცულია "ჯარისკაცის მამის" სცენარის 5 ვერსია, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა მთავარი დრამატული მოტივი და ფაბულა, ის, რომ მამა ფრონტზე შვილს დაეძებს, ყველგან უცვლელი იყო. ომში შვილის საძებნელად წასულ გლეხკაცს გარემოება აიძულებს ჯარისკაცად იქცეს. სცენარის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნით, ამბავი ჰოსპიტალშივე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ფილმის ავტორებმა ფაბულა არ შეცვალეს. აი, რას წერს მოგონებებში სულიკო ჟღენტი:

"...ვერ მივაღწიე რაიხსტაგს, იარაღი უკანასკნელად 1944 წლის 25 იანვარს მეჭირა ხელში. მკერდში ჩარჩენილი ტყვიის გამო დემობილიზაციით გამომიშვეს შინ. ტყვიის ნაწილებს, სადღაც გულთან ჩარჩენილს, დღემდე დავატარებ სხეულით...

მეკითხებიან, სერგო ზაქარიაძის მიერ შესრულებული გმირის სახე თქვენ შეთხზეთ თუ ცხოვრებამ გიკარნახათო? პასუხი ასეთია: ერთ სახეში მოვუყარე თავი ომის გზაზე შეხვედრილ ადამიანთა სახეებს... ჯარისკაცის მამა - გიორგი მახარაშვილი - ჩემთვის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კახელი მევენახეა. ჩვენ ერთ ასეულში ვმსახურობდით, ოღონდ გიორგი კი არა, რამინი ერქვა... არმიის საწყობში ვერ იშოვეს მისი ზომა ფეხსაცმელი და შეუკვეთეს... მაგრამ "ჯარისკაცის მამა" სერგო ზაქარიაძისთვის დაიწერა...

ნოვოროსიისკის გათავისუფლების შემდეგ ხანმოკლე შესვენების საშუალება მოგვეცა. სექტემბრის ბოლო იყო. იქვე ზვრებში ყურძენი დამწიფებულიყო. ნაბრძოლი ჯარისკაცები მწიფე მტევნებს დაუნანებლად ვგლეჯდით. ამ დროს მახარაშვილის ყვირილი გაისმა: "ნელა! ფრთხილად! მოგლეჯა გაგონილა?! მტევანი ისე უნდა მოწყვიტო, ვაზმა ვერაფერი იგრძნოს. ამაში იცით, რამდენი ოფლია ჩაღვრილი?" - ვაზს სიყვარულით ეალერსებოდა, ჩამოვარდნილ ლერწს უსწორებდა ჭიგოს, თან ხმადაბლა ღიღინებდა: "შენ ხარ ვენახი!.."

არც ის არის შეთხზული, ომში მამა შვილს რომ დაეძებს. ბავშვობაში ბევრი თანატოლის მსგავსად, მეც ვოცნებობდი გმირობაზე და მშობლების დაუკითხავად თამამად ჩავეწერე მოხალისეთა რიგებში. 16 წლის ბიჭს ომი რომანტიკად მეჩვენებოდა... პირველად რომ დავიჭერი, ქალაქ ორჯონიკიძის ჰოსპიტალში მომათავსეს, მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ორჯონიკიძეში ჩამოსულიყვნენ, მაგრამ მე იქ აღარ დავხვდი. გამოჯანმრთელებული ფრონტზე დავბრუნდი. ჩემთვის წამოღებული სანოვაგე დაჭრილებისთვის დაურიგებიათ...

ანალოგიური ეპიზოდი არის ფილმშიც. მსგავსი ამბავი ჩვენს ოჯახშიც დატრიალდა: ბიძაჩემი დავითი ორთქლმავლის მემანქანე იყო. ფრონტზე გამგზავნეთო, ითხოვა. თავისას მიაღწია და სწორედ იმ ნაწილში მოხვდა, სადაც მისი ვაჟი იბრძოდა. მამის ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე დაღუპულიყო. მოხუცი მემანქანე ფრონტზე დარჩა, თითქმის მთელი ომის განმავლობაში იბრძოდა და გმირული სიკვდილით დაეცა უნგრეთის გათავისუფლებისას...

მაგონდება ფეოდორ დერიაბინი, ვოლგისპირელი მიწათმოქმედი, მტრის ცეცხლქვეშ გაწოლილები სანგარს ვთხრიდით, მიწის გუნდა ხელზე დაიფშვნა, სიყვარულით დახედა და მითხრა, - შეხედე ერთი, რა მიწაა, ეს დალოცვილი! გარშემო ნაღმები და ტყვიები წიოდნენ, ქვეყანა იქცეოდა, ის კი ხვნა-თესვაზე ოცნებობდა! მაგონდება უკრაინელი მებაღე დემჩენკო, ახალგათავისუფლებულ ყუბანურ სოფელში ასეთი სურათი ვნახეთ: უკან დახევისას გერმანელებს ვაშლის ხეები ძირში მოეჭრათ და გზაზე დაეყარათ, რომ ჩვენი ტრანსპორტისთვის წინსვლა გაეძნელებინათ. თვალებზე ცრემლმომდგარი ხის გადანაჭრებს შორის დაბორიალებდა და გაიძახოდა: "ვაშლის ხეებმა რაღა დაუშავეს?! ამის გამკეთებელი ხომ ბავშვსაც გაიმეტებს სასიკვდილოდ?"

მოსკოვის "სახკინომ" კატეგორიულად მოითხოვა ამოგვეღო ეპიზოდი, სადაც მახარაშვილი სილას გააწნავს ჯარისკაცს, სამხედრო წესდების დარღვევად ჩათვალეს. მე და რეზომ თავდაცვის მინისტრს ვაჩვენეთ. მან თქვა, ამაში დარღვევას ვერ ვხედავ, რადგან ორივე ჯარისკაცია, "დაზარალებული" ჩინით მაღალი რომ იყოს, სხვა ამბავიაო. ოფიციალური დასკვნა მოვთხოვეთ, დაგვიწერა და "სახკინოც" აღარ შეგვეწინააღმდეგა...", - იგონებდა სულიკო ჟღენტი...

"ღიმილის ბიჭები"

ამ ფილმის რეჟისორიც რეზო ჩხეიძეა, ხოლო სცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი. თბილისელმა ბიჭებმა, რომლებმაც ის იყო სკოლა დაამთავრეს, მსოფლიო ომის პირველივე დღეებში ჯარისკაცის ფარაჯა ჩაიცვეს, ოცნებები გვერდზე გადადეს, ახლობლებს გამოემშვიდობნენ და ომის ქარცეცხლში ჩაებნენ. სწორედ იქიდან დაიწყო მათი ცხოვრების ახალი ეტაპი.

სულიკო ჟღენტი: "ეს ჩემი თაობის ისტორიაა. "ღიმილის ბიჭების" გმირები ჩემი თანაკლასელები არიან, Xა კლასიდან. ჩემს ყმაწვილურ მახასიათებლებს სამუდამოდ შემორჩა კლასელებთან გატარებული გამოსაშვები საღამო - უდარდელ მხიარულებას მეორე დღეს, 1941 წლის 22 ივნისის დილას, დიდი სამამულო ომის დაწყება მოჰყვა. მე და ჩემი თანაკლასელი ბიჭები ომში წავედით. შემდეგ იყო პირველი ბრძოლები, სანგარში დაღუპული მეგობარი, პირველად პირისპირ შეყრა სიკვდილთან და უცნაური გრძნობა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვა - გარდაცვლილი ჯარისკაცის ხელის სითბო. დაჭრილ მეგობარს ხელი ჩავუყავი, გული აღარ უცემდა, მაგრამ სხეული ჯერ კიდევ თბილი ჰქონდა... შემდეგ მძიმედ დავიჭერი... ტყვია გულს სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა. ერთი დღე სანგარში უგონოდ ვიწექი. მეორე დღეს, როდესაც ცხედრებს მიწას აბარებდნენ, შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ცოცხალი ვიყავი, რუსეთის რომელიღაც ჰოსპიტალში მომათავსეს, შემდეგ შვებულებით სახლში გამომიშვეს. სოფელში დედა მივლიდა - ხალხური წამლებით მმკურნალობდა. ცოტათი რომ მოვმჯობინდი, თბილისში ჩამოვედი. მოუთმენლად ველოდებოდი თანაკლასელებსა და მეგობრებთან შეხვედრას, მაგრამ დედებმა თითქოს პირი შეკრესო, სასოწარკვეთილნი ერთხმად წარმოთქვამდნენ: "თემური დაიღუპა", "ვაჟა დაიღუპა", "ნოდარი დაიღუპა" და ასე დავდიოდი სახლიდან სახლში იმის იმედით, რომ ვიღაც მაინც მეტყოდა, ჩემი ბიჭი ცოცხალია... ფაშისტებს ებრძვისო. სწორედ ამ ბავშვებმა, რომლებიც ფრონტზე მოხალისეებად წავიდნენ, მოიგეს ომი... ჩემი თაობის ადამიანებს არჩევანის უფლება არ დაგვიტოვეს. განგებამ ყველა ჯარისკაცებად გვაქცია... ყველა ერთნაირად ვიყავით თავგადაპარსული, ყველას ერთნაირი ნაცრისფერი ფარაჯა გვეცვა. მაშინ უკვე აღარ ვიყავით ბავშვები, მაგრამ ზრდასრულ ასაკსაც ვერ გადავაბიჯეთ...

ერთხელ მოსკოვიდან ცნობილი სცენარისტი დანიელ ხრაბროვიცკი გვესტუმრა, რომელსაც თან რამდენიმე კინემატოგრაფისტი ახლდა. მე და ჩემმა მეგობარმა რესტორან "გემოში", ზემელზე დავპატიჟეთ. რეჟისორი თბილისში კამოს ქუჩაზე გაიზარდა და თავისი ყოფილი სახლის ნახვა მოისურვა. შუაღამისას რესტორნიდან იქით გავეშურეთ. კარი უცხო ცოლ-ქმარმა გაგვიღო. სანამ ისინი საქმეში გაერკვეოდნენ, "ეს შენ ხარ, დანიელ?" - დაიძახა მეორე სართულიდან მამაკაცმა. მეზობლები გარეთ გამოეფინნენ, გვეპატიჟებოდნენ, სუფრის გაშლა უნდოდათ. დანიელმა კი თავისი თანაუბნელი ძმაკაცების ჩამოვლა გადაწყვიტა. ყველა ფრონტზე დაღუპული აღმოჩნდა. "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძმათა სასაფლაოზე დავდივარ", - თქვა მან...

"ღიმილის ბიჭების" სცენარს ავტორისეული მიზანი და კონკრეტული დანიშნულება უნდა ჰქონოდა: სტალინის კულტის დანერგვის შემდეგ რუსეთში გავრცელდა აზრი, რომ ქართველები მსოფლიო ომში არ მონაწილეობდნენ, რომ ისინი ჯარში არ მიჰყავდათ. საქართველომ სხვა რესპუბლიკებთან შედარებით ამ ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. როდესაც ფილმი "ღიმილის ბიჭები" ეკრანებზე გამოვიდა, მივხვდი, რომ ჩემმა მიზანმა გაამართლა".