როცა ერიკი შეხვდა ჩერის... - კვირის პალიტრა

როცა ერიკი შეხვდა ჩერის...

"საცოდავი საშინლად კანკალებდა. ეტყობოდა, რომ სიცხეც ჰქონდა. ცხვირიდან და ყურებიდან ჩირქი მოსდიოდა. ეს ყველაფერი შიმშილის, ცემისა და ქუჩაში გდებისგან სჭირდა, თანაც ადამიანების ეშინოდა. ჩემს დანახვაზე არ იცოდა, სად დაემალა თავი, ისე მოიკუნტა, კატასავით გახდა... ძაღლს ორმხრივი პლევრიტი აღმოაჩნდა, ამიტომ მკურნალობა დაუწყეს. ჰოდა, მეც წამოვიყვანე..."

ხანდახან პატარა გადაწყვეტილების მიღებაც საკმარისია, რომ ადამიანმა მთელი ცხოვრების სიკეთე მიიწეროს. ზუსტად ასე გააკეთა ბათუმელმა ერიკ თუმანიანმა... მისი ძაღლის, ჩერის თავგადასავალი იმასაც კი აუჩუყებს გულს, ვინც ცხოველებთან დიდად ვერ მეგობრობს - ასეთებიც ხომ არსებობენ, თანაც ბლომად! მოკლედ, ერიკი ის ახალგაზრდა კაცია, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და ამ ქალაქზე გიჟდება. და კიდევ, ცხოველებზე, ოღონდ შინ მანამდე არ ჰყავდა, სანამ მისმა შვილებმა არ მოინდომეს. ერიკმაც მხარი აუბა. ასე რომ, ძაღლი შინ ყველას უნდოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, არა სიკვდილის პირას მისული, გაძვალტყავებული და გაქუცული. ბავშვებს უნდოდათ ქათქათა პუდელი ან რაიმე ამდაგვარი ჰყოლოდათ, ფუმფულაბეწვიანი და საყვარელი და ასეთი ძაღლის ძებნაში იყვნენ, როცა ერიკმა სოციალურ ქსელში ერთი გაუბედურებული ძაღლი ნახა - ნეკნებზე ტყავგადაკრული და სიარულიც უჭირდა. მაშინ ერიკმა ამ საცოდავი ძაღლის ფოტოს ავტორს მისწერა, ეს ძაღლი რა დღეშია, ვისიაო. იმანაც უთხრა, არავისი, ვიპოვეო.

- ბათუმში ერთი ძალიან კარგი ბიჭი ცხოვრობს, ლევან ჩხაიძე. ცხოველები იმდენად უყვარს, რომ უპატრონო ცხოველებზე ზრუნვა დაიწყო. სიცივისა თუ სიცხისთვის უპატრონო ძაღლები იმდენად ეცოდება, რომ მათ ქუჩაში პატარა ბუდრუგანები აუშენა. მოკლედ, ამ გაუბედურებული ძაღლის ფოტო ლევანმა გამოაქვეყნა და მეც მივწერე, რა სჭირს ამ ძაღლს, ვისია-მეთქი. იმან, არავისი, მეც ფოტოთი გავიგე ამ საცოდავის არსებობის შესახებ, ჩოხატაურში კვდებოდა ქუჩაში, ჩავედი, ყუთში ჩავსვი და ბათუმში წამოვიყვანე, იქნებ მოვარჩინოო. ჰოდა, ვუთხარი, მეც შემეცოდა, ეგ ძაღლი აუცილებლად სახლში უნდა წამოვიყვანო-მეთქი. სანამ მე ძაღლს ვნახავდი, ლევანმა ექიმთან წაიყვანა. ბათუმში ერთი კარგი ვეტექიმი გვყავს, გიორგი კალანდაძე, მასთან. გიორგისაც იმდენად შეეცოდა ძაღლი, ლევანს უთხრა, ამის მკურნალობაში ფულს არ ავიღებო. ძაღლს ორმხრივი პლევრიტი აღმოაჩნდა, ამიტომ მკურნალობა დაუწყეს. ჰოდა, მეც წამოვიყვანე, თან გიორგიმ მეც სიკეთე გამიკეთა - თითო ანტიბიოტიკის ამპულა, რომელიც 14 დღე იყო საჭირო, 32 ლარი ღირდა. რა თქმა უნდა, ფასს არ დავერიდებოდი, მაგრამ გიორგიმ ესეც თავის თავზე აიღო. ამპულების ნახევარი და კიდევ ვიტამინები მომცა.

- არ გერჩივნათ, ჯანმრთელი ძაღლი მიგეყვანათ ბავშვებისთვის? - შემეცოდა, საცოდავი საშინლად კანკალებდა. ეტყობოდა, რომ სიცხეც ჰქონდა. გარდა ამისა, ცხვირიდან და ყურებიდან ჩირქი მოსდიოდა. ეს ყველაფერი შიმშილის, ცემისა და ქუჩაში გდებისგან სჭირდა, თანაც ადამიანების ეშინოდა. ჩემს დანახვაზე არ იცოდა, სად დაემალა თავი, ისე მოიკუნტა, კატასავით გახდა. მას ეს შიში დიდხანს გაჰყვა.

- ბავშვებმა რა თქვეს, როცა ეს გაუბედურებული ძაღლი მიუყვანეთ?

- შეეცოდათ. ბევრი მეუბნებოდა, რად გინდა ეს ავადმყოფი ძაღლიო, მაგრამ ბავშვებმა მოვლა მალე ისწავლეს და შეიყვარეს კიდეც. სახელიც დავარქვი - ჩერი. საკვებსაც თავად ვაძლევდი საკუთარი ხელით. ძალიან ჭკვიანი, მოსიყვარულე და სუფთა ძაღლია. მიკვირს, მისმა პატრონმა როგორ გაიმეტა ტრასაზე დასატოვებლად.

- რა იცით, რომ ტრასაზე დატოვა?

- ვიცი. ახლა ჩერი სულ თან დამყავს. პირველ დღეებში, როდესაც მანქანას ტრასაზე ვაჩერებდი, არაფრით გადმოდიოდა, საცოდავად მოიკუნტებოდა ხოლმე, თან თვალებით მეუბნებოდა, ქუჩაში არ დამტოვოო, ახლა კი შეეჩვია გადმოსვლას, რადგან იცის, რომ არ მივატოვებ. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ერთგული და ჭკვიანია. დილით, როდესაც მძინავს, ჩემს ოთახში შემოვა, საწოლთან დაწვება და სანამ არ გამეღვიძება, ფეხს არ მოიცვლის. ჩემი მანქანის ხმას შორიდან ცნობს და კარზე ატუზული მელოდება. თუ გარეთ გასვლა უნდა, მაშინაც კართან აიტუზება და ასე გვანიშნებს, გარეთ გამიყვანეთო. როცა შია, მაშინაც უხმოდ ჩერდება თავის ჯამთან. რაც უნდა შიოდეს, არ იფიქროთ, ჩვენს მაგიდას მიეკაროს ან თუნდაც სავარძელზე აძვრეს და მოიკალათოს. არც ვიცი, სხვა რა ვთქვა და როგორ გამოვხატო მის მიმართ მადლიერება. ადამიანებს კი მინდა ვუთხრა, რომ ნურასოდეს დატოვებენ თავიანთ ცხოველებს ქუჩაში, მათაც ისევე შიათ, სწყურიათ, სტკივათ და უყვართ, როგორც ჩვენ და ეს უნდა გვახსოვდეს.