"მე და მტაცებლები ერთმანეთს ვაბედნიერებთ" - კვირის პალიტრა

"მე და მტაცებლები ერთმანეთს ვაბედნიერებთ"

"ერთხელ ვეფხვისგან ვიხსენით დამთვალიერებელი. ერთხელაც მგელმა ხელზე უკბინა ბავშვს, რომელიც მშობლების ნებართვით მგლების გამოკვებას ცდილობდა. ხანდახან ყველაფერი რამდენიმე წამზეა დამოკიდებული, მტაცებლები ხომ ძალზე სწრაფები არიან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანისთვის ხელი მოუჭამიათ..."

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტი თორნიკე მინდიაშვილი თბილისის ზოოპარკში ველურ ცხოველებს - მანგუსტებს, ლომებს, ვეფხვებსა და ლეოპარდებს უვლის.

-"თბილისის ზოოპარკში მუშაობა 2017 წელს დავიწყე. შინ სულ მყავდა ძაღლები და კატები. 18 წლის ვიყავი, პირველი ძაღლი რომ მომიკვდა და ის დღე მაშინ ყველაზე ტრაგიკული იყო ჩემს ცხოვრებაში.

თავიდან გამიჭირდა ზოოპარკში მუშაობა, ცოტა არ იყოს, მეშინოდა, აქ ხომ მტაცებელი ცხოველები არიან, მაგრამ რამდენიმე თვეში იოლად ავითვისე ჩემი საქმე. ახლა მე და ჩემი მტაცებლები ერთმანეთს ვაბედნიერებთ. როცა მათთან ვარ, ჩემი დარდი და ფიქრები მავიწყდება."

თორნიკეს სამუშაო დღე დილის ცხრაზე იწყება და ექვს საათამდე გრძელდება.

- ყველა ცხოველს თავისი სახელი აქვს. ყოველი დილა ასე იწყება: ვამზადებთ საკვებს, ვამუშავებთ ხორცს, ზაფხულში მანგუსტებისთვის საზამთროს ვჭრით. შემდეგ ვასუფთავებთ ზოოპარკს, ვწმენდთ ცხოველებს და ვიწყებთ აქტივობებს, რომ უმოქმედობის გამო არ მოიწყინონ, თორემ შეიძLლება დეპრესია დაემართოთ.

ჩვენი სპილო ერთხანს მხოლოდ აქეთ-იქით ქანაობდა. თავიდან გვეგონა, ცეკვავდა და გვიხაროდა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ დეპრესია ჰქონია. დეპრესიამ ცხოველი შეიძლება სიკვდილის პირამდეც მიიყვანოს.

ზოოპარკის მომვლელები ვაკვირდებით ხალხსაც - ჩვენი დამთვალიერებლები ხშირად საფრთხეს უქმნიან თავიანთ სიცოცხლეს ცხოველისთვის ფოტოს გადაღებისას ან გამოკვების დროს. ამას შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს. ერთხელ ვეფხვისგან ვიხსენით დამთვალიერებელი. ერთხელაც მგელმა ხელზე უკბინა ბავშვს, რომელიც მშობლების ნებართვით მგლების გამოკვებას ცდილობდა. ხანდახან ყველაფერი რამდენიმე წამზეა დამოკიდებული, მტაცებლები ხომ ძალზე სწრაფები არიან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანისთვის ხელი მოუჭამიათ.

ყველაზე რთული პერიოდი ცხოველებისა და ჩვენთვის გაზაფხულია, როდესაც გამრავლება იწყება. ამ დროს ძალიან აგრესიულები არიან და ასჯერ მეტი ყურადღების გამოჩენა გვიწევს.

პანდემიის დროს თანამშრომლებს ერთი დღეც არ გაგვიცდენია. ზოგი ფეხით გადიოდა რამდენიმე კილომეტრს, რომ ცხოველები უპატრონოდ არ დარჩენილიყვნენ.

სულმოუთქმელად ველოდები ახალი ზოოპარკის გახსნას. ის ცხოველებისთვის ნამდვილი სამოთხე იქნება. არ შეიძლება ცხოველების ქალაქის ცენტრში, მილიონობით მანქანის გარემოცვაში ყოფნა, ეს მათზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს.

ზურა სოლომნიშვილი