ზღვა, რუჯი და კორონავირუსი... - კვირის პალიტრა

ზღვა, რუჯი და კორონავირუსი...

კორონავირუსის გამო 2020 წლის ზღვის სეზონიც უცნაური იქნება. მალე დამსვენებლები სანაპიროებისკენ გაემართებიან. ისმის კითხვები: ზღვაზეც პირბადეები უნდა გვეკეთოს? კორონავირუსი წყლით ხომ არ გადადის? როგორ მოვამზადოთ კანი ჯანსაღი და თანაბარი რუჯის მისაღებად? ამ და სხვა კითხვებზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი და დერმატოლოგი ნინო კურკუმული გვპასუხობენ.

მაია ბუწაშვილი: - კორონავირუსი არ არის წყლით გადამდები ინფექცია. საფრთხე ჩნდება მხოლოდ პირდაპირი კონტაქტისას. ამიტომ სანაპიროებზეც უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც სხვა თავშეყრის ადგილებში - დისტანცირებაა საჭირო.

- პირბადე და სათვალე უნდა გვეკეთოს? - პლაჟზე გარუჯვისას პირბადის გაკეთების რეკომენდაცია აბსურდამდე მიგვიყვანს. მაგრამ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ის ადგილი, სადაც ვწვებით, სუფთა და დამუშავებულია. ზღვის სანაპიროს ის უპირატესობა აქვს, რომ ულტრაიისფერი სხივების გავლენით უფრო მალე შეიძლება ვირუსის გაუვნებლება. მაგალითად, ქვიშა ინფექციის გადაცემის თვალსაზრისით ნაკლებად საშიშია, ვიდრე დახურული შენობები. თუმცა, ამან არ უნდა გაგვათამამოს და ჰიგიენის წესები უნდა დავიცვათ.

- საშიშია თუ არა აუზები?

- როგორც სხვა მიკროორგანიზმები, აუზის წყალში კორონაც ქლორით ინაქტივირდება, ამიტომ ვირუსი წყლით გადამდები არც აუზზე არ არის.

ნინო კურკუმული: - ზღვაზე წასვლამდე სასურველია რამდენჯერმე 5-6 წუთი სოლარიუმში გარუჯვა, კანი მიეჩვევა და ზღვაზე აღარ დავიწვებით. 15-20 წუთი და მეტხანს შესვლა არ შეიძლება, ეს კანს აბერებს. გახსოვდეთ, სოლარიუმში შეიძლება გაირუჯონ მხოლოდ ისინი, ვისაც არა აქვს გენეტიკური სიმსივნური პრობლემები.

თუ ზღვაზე წასვლამდე ვერ მოახერხეთ სოლარიუმში გარუჯვა, აუცილებელია გამოიყენოთ მზისგან დამცავი საცხი, შPF 30 მაინც, რომ ნელ-ნელა გაირუჯოთ. შუადღეს მზეზე გასვლა არ შეიძლება - არა მარტო დამწვრობას იწვევს, მავნებელიცაა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მზის სხივები სასარგებლოა დილით, 12 საათამდე და საღამოს 4-5 საათის შემდეგ. ამ დროს კანი არ იწვება და თანაბარ რუჯს იღებს. ერთი ფერის რუჯის მიღებას დრო სჭირდება, ორი-სამი დღე საკმარისი არ არის. მზისგან დამცავი საცხი უნდა დაიმატოთ 3-4 საათში ერთხელ.

- ბევრი გოგონა კაკაოს კარაქით ირუჯება. რას ფიქრობთ მის გამოყენებაზე? - ამ კარაქმა შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა და ადამიანი მოხვდეს რეანიმაციაში, შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციაც. არსებობს რუჯის იოლად მისაღები საცხები, ზეთები, მაგრამ კაკაოს კარაქის გამოყენება არ შეიძლება!

- ავტორუჯზე რას იტყვით? - ავტორუჯი შეიძლება, თუმცა კარგი ხარისხის უნდა იყოს, რომ ალერგია არ მოგცეთ. ავტორუჯი ძალიან კარგად ჯდება ფორებში, ოღონდ არ შეიძლება ბევრის წასმა. მოცილებისას კანის გახეხვაა საჭირო, მაგრამ ძალიან ხშირად ესეც არ არის მიზანშეწონილი, რადგან იწვევს დერმატიტს.

- ბევრი ქალი სახეზე არ ირუჯება... სახეზე შეიძლება ავტორუჯის წასმა? - სახისთვის რუჯი ძალიან ცუდია, კანს აბერებს, ამიტომ სახეზე გამოიყენეთ კრემი, რომელიც არის დამატენიანებელი და ტონალურივით შეფერილი. რაც შეეხება ავტორუჯს, მისი სახეზე წასმა შეიძლება ზომიერად, მაგრამ იშვიათად.

- როგორ წარმოგიდგენიათ წელს ზღვის სანაპირო, პირბადეებით ხომ არ გავირუჯებით?

- იმედია, გადაივლის კორონავირუსის მეორე ტალღის საშიშროება, რადგან ზღვაზე პირბადეებით, ხელთათმანებითა და სპირტიანი ხსნარებით ვერ ვივლით. რუჯის მიღებისას სადეზინფექციო ხსნარი რომ შეისხა, აუცილებლად დერმატიტი დაგემართება, პირბადით გარუჯვა კი სასაცილოა.

ნათია სიბაშვილი