გახდება თუ არა 50-თეთრიანი "დექსამეტაზონი" კოვიდთან ბრძოლის საუკეთესო პრეპარატი?! - კვირის პალიტრა

გახდება თუ არა 50-თეთრიანი "დექსამეტაზონი" კოვიდთან ბრძოლის საუკეთესო პრეპარატი?!

"დექსამეტაზონს" კოვიდით დაავადებულ მსუბუქ პაციენტებზე დიდი გავლენა არ ჰქონია, სამაგიეროდ, მძიმე ფორმის პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში - ვისაც ჟანგბადის მიწოდება სჭირდებოდა, ან იყვნენ მართვით სუნთქვაზე, ხელოვნურ ვენტილაციაზე - კარგი შედეგები აჩვენა. 50-თეთრიანმა "დექსამეტაზონმა" შეამცირა სიკვდილიანობა 40-დან 28%-მდე"

წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ტემპერატურა დღითი დღე იმატებს, თუმცა ამ ფონზეც არ კარგავს აქტუალურობას პანდემიასთან დაკავშირებული სიახლეები.

როგორც BBC იუწყება, ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაში 6 ათასი პაციენტი მონაწილეობდა. მათგან 2 ათასი "დექსამეტაზონით" მკურნალობდა. მათი შედეგები შეადარეს იმ 4 ათასისას, რომლებიც პრეპარატს არ იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ "დექსამეტაზონმა" ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებთან ლეტალური დასასრულის რისკი 1/3-ით შეამცირა, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი ჟანგბადს იღებდა, რისკი 1/5-ით შემცირდა.

პრეპარატით მკურნალობა 10 დღე გრძელდება. ის ძალიან იაფია და დღეში პაციენტს მხოლოდ 5 გირვანქა სტერლინგის ღირებულების წამლის მიღება უწევს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ "დექსამეტაზონის" ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში, ეს სიახლე ძალიან სასარგებლო იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის... ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- "დექსამეტაზონს" როგორ შეიძლება ვუწოდოთ - ყველაზე იმედისმომცემი თუ გამრღვევი მედიკამენტი?

- გარღვევას ვერ ვუწოდებ. გამრღვევი უფრო ისეთი პრეპარატი უნდა იყოს, რომელიც სიტუაციის გაუარესებისგან დაგვიცავს, ეს პრეპარატი იმათ დაეხმარა, ვინც რეანიმაციაში რთულ მდგომარეობაშია.

- ეს პრეპარატი ყველა "კოვიდ-19"-ით დაავადებულს შეუმსუბუქებს მდგომარეობას?

- ეს ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ეს არის შუალედური მონაცემები კვლევისა Discovery Trial, რომელსაც ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა ატარებდა. ამის საფუძველზე წინასწარი მონაცემებია გამოქვეყნებული. ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება კვლევის საბოლოო შედეგები, რა ნაკლოვანებები აქვს, რა შეკითხვებს ვერ გაეცა პასუხი. მაგალითად, არ ვიცით, ადამიანს, რომელსაც კოვიდის შედეგად განუვითარდა სისხლის მოწამვლა, "დექსამეტაზონი" უმსუბუქებს თუ პირიქით, უუარესებს მდგომარეობას...

- ახლა ხომ ძალიან ბევრ წამალს იკვლევენ, რატომ დაიწყო ამდენი ლაპარაკი "დექსამეტაზონზე"? ხომ არ არის ეს პიარკამპანია?

- არ ვიცი... ერთ დღეს "პლაქვენილი" გაქრა და მეორე დღეს ეს გამოაცხადეს... მაგრამ დაავადება ახალია, ამიტომ ექიმებისა და მეცნიერთა ჯგუფი ადგენს, რომელი წამლები დაიტესტოს მოსახლეობაში. ჯერ გადაწყვიტეს, "პლაქვენილი" დაეტესტათ, შემდეგ - "დექსამეტაზონი"... ეს ამ კვლევის მე-4 თუ მე-5 საფეხურია.

- ანუ ჯერჯერობით ადრეა, ვთქვათ, ეს წამალი დაიჭერს თუ არა საპატიო ადგილს "კოვიდ-19"-თან ბრძოლაში... - "დექსამეტაზონს" კოვიდით დაავადებულ მსუბუქ პაციენტებზე დიდი გავლენა არ ჰქონია, სამაგიეროდ, მძიმე ფორმის პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში - ვისაც ჟანგბადის მიწოდება სჭირდებოდა, ან იყვნენ მართვით სუნთქვაზე, ხელოვნურ ვენტილაციაზე - კარგი შედეგები აჩვენა. 50-თეთრიანმა "დექსამეტაზონმა" შეამცირა სიკვდილიანობა 40-დან 28%-მდე.

- რაც შეეხება "პლაქვენილს", რომელიც ჯერ მოიწონეს, მერე კი უარყვეს... რა მოხდა? - "პლაქვენილი" თავიდან იყო სინჯარაში ხელოვნურად გამოყვანილი და მუშაობდა ვირუსის წინააღმდეგ. ამის გამო დაიწყეს მისი გამოყენება ჩინეთში, სადაც პანდემიამ პირველად იფეთქა. მერე ევროპაში მოამზადეს ე.წ მარსელის პროტოკოლი, რომლის თანახმად, ეს პრეპარატი აჩქარებდა გამოჯანმრთელებას და ვირუსი უფრო სწრაფად უქრებოდა მას, ვისაც "პლაქვენილი" ჰქონდა მიღებული. "მარსელის პროტოკოლს" აყოლილმა უკვე ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტომაც დართო ნება, პრეპარატი გადაუდებელ პაციენტებთან გამოეყენებინათ. რადგან კაცობრიობას ჯერ არაფერი აქვს და რამდენიმე კვლევა დამაიმედებელ ამბებს გვიყვება, აშშ-ში "პლაქვენილს" და კიდევ ორ პრეპარატს მიეცა ავტორიზაცია. "რემდესივირს", "პლაქვენილსა" და გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის გადასხმას ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს მიერ 15 ივნისამდე ჰქონდა მინიჭებული ავტორიზაცია, როგორც გადაუდებელი გამოყენების საშუალებებს. დადასტურებული ჩვენება, რომ კონკრეტული წამალი არის "კოვიდ-19"-ის სამკურნალო, დღეს მსოფლიოში არ გვაქვს, მაგრამ კვლევა გრძელდება. ბოლო თვის კვლევები, რომლებიც ჩატარდა ამერიკაში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში, დაკვირვებითი იყო. ყველგან გამოიკვეთა, რომ "პლაქვენილმა" შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს, მაგალითად, კორონავირუსით ინფიცირებულ ასაკოვან, გულით დაავადებულ ადამიანს და მას სიკვდილი დაუჩქაროს. იტალიაში, ესპანეთში, აშშ-ში, ძირითადად, ხანდაზმულები გარდაიცვალნენ, ამიტომ 15 ივნისს ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ ამ წამალს შეუჩერა გადაუდებელი გამოყენების უფლება. ახლა ის შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ კვლევებში - ამას ვერავინ აკრძალავს.

- ანუ სოლიდარობის კვლევაში "პლაქვენილი" კვლავ მონაწილეობს.

- სოლიდარობის კვლევაში, რომელშიც საქართველოც არის ჩართული, ეს წამალი არავის გაუუქმებია, მაგრამ მისი გადაუდებელი გამოყენების უფლება ამერიკის სააგენტომ ყველას წაართვა.

- ესე იგი, ამ ეტაპზე ისევ არ გვაქვს პრეპარატები და ძიება გრძელდება...

- ახალი და უნიკალური ფორმულა არ გვაქვს, ჯერჯერობით კვლავ ძველების კვლევა მიმდინარეობს. მეტი ყურადღება ეთმობა ვაქცინის შექმნას - მიმდინარეობს მეორე და მესამე ფაზები. ერთი ვაქცინა მესამე ფაზაშია, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ერთ-ერთი კომპანიის ვაქცინა კი უკვე ბოლო ეტაპზეა და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ხელშეკრულებაც დადო, რომ ის გამოსვლისთანავე იყიდონ. დანარჩენი ამერიკული, ევროპული, ჩინური სხვადასხვა კომპანიის 8-8 ვაქცინა პირველ და მეორე ფაზის კვლევებში ერთდროულად არის ჩართული. 135-დან დაწინაურებულია 17 ყველაზე პერსპექტიული ვაქცინა. მათგან ზოგიერთს სხვადასხვა ფონდი უჭერს მხარს და რამდენიმე მილიარდ დოლარს იხდიან, ოღონდ ვაქცინა შეიქმნას.

- მსოფლიოს კოვიდსიტუაციაც განვიხილოთ... - კოვიდეპიდემიის ეპიცენტრმა ლათინური ამერიკის ქვეყნებისკენ გადაინაცვლა. ევროპაში მეტ-ნაკლებად დამშვიდდა, თუმცა ეს ტალღობრივი და სინუსოიდური მიმდინარეობა ცალსახაა. ეპიდემიამ იფეთქა ბაზრობაზე, რომელიც პროდუქტებით პეკინის 90%-ს ამარაგებდა. ბევრი შემთხვევაა ბრაზილიში, ჩილეში... მდგომარეობა შედარებით ჩაწყნარდა აშშ-ში, მაგალითად, ნიუ-იორკში, მაგრამ ბევრ სხვა შტატში შეზღუდვების შემსუბუქება რომ დაიწყო, შემთხვევების რაოდენობამ იმატა. დღეისათვის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-სა და სამხრეთ ამერიკაში დასტურდება. დასავლეთ ევროპაში, ისევე, როგორც ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სტაბილური სიტუაციაა. აზიაშიც სიმშვიდეა. პიკური სიტუაცია გადავლილია, ახალი პიკი კი ჯერ არ შეინიშნება. ისრაელში ძალიან მშვიდი ვითარება იყო - ამხელა ქვეყანაში ყოველდღიურად 20-30-40 შემთხვევა დასტურდებოდა, მაგრამ ახლა ყოველდღე 200-250-300-მდე შემთხვევაა და ჩვენმა ქვეყანამაც ებრაელი ტურისტების მიღებაზე უარი განაცხადა. ხატოვნად რომ ვთქვათ, სანამ მსოფლიოში ერთი ადამიანი მაინც იქნება "კოვიდ-19"-ით დაავადებული, ვერც ერთი ქვეყანა მშვიდად ვერ იქნება.

- თქვენ რას უკავშირებთ ამ პატარ-პატარა აფეთქებებს პიკგამოვლილ ქვეყნებში, რეგულაციების შემსუბუქებას? - მთავარი მიზეზი შეზღუდვების შემსუბუქებაა. ადამიანები მოეშვნენ და მობილობა გაიზარდა. ჩვენს ქვეყანაშიც ეს არის მინიკლასტერების გამოჩენის მთავარი მიზეზი - სხვა ახსნა არ არსებობს. სოციალური დისტანციის დაცვა და ნიღბის გაკეთება ფორმალობად იქცა, მაგალითად, რესტორნებში შესვლისას ნიღაბს იკეთებენ და მაგიდასთან დაჯდომისას იხსნიან... ზოგს ხელზე აქვს წამოცმული, ზოგს - ცხვირი გამოყოფილი... ავტობუსებში დიდი სიმჭიდროვეა... თუმცა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან სიტუაცია უკეთესია. ჩვენი მეზობლები უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ დაიჯერა, რომ კორონავირუსი არსებობდა და ჩვეულებრივ ცხოვრებას განაგრძობდა. არც კარანტინი იყო იქ ისეთი მკაცრი, როგორიც ჩვენთან და შეზღუდვების შემსუბუქებაც ჩვენზე ადრე დაიწყეს, ეს ყველაფერი კი ცუდად მოუბრუნდათ. ყურადღება როგორც კი მოდუნდება, პრობლემა ხელახლა იფეთქებს. სიფრთხილე გვმართებს, თუმცა თუ ჩვენთან კრიტიკული ზღვარი დღეში 100 ადამიანს არ გასცდება, მობილიზება არ გაგვიჭირდება.