ნაზი ჯანეზაშვილი: "ანა დოლიძემ უნდა უპასუხოს კითხვას: ვინ აფინანსებს?" - კვირის პალიტრა

ნაზი ჯანეზაშვილი: "ანა დოლიძემ უნდა უპასუხოს კითხვას: ვინ აფინანსებს?"

"ანას გადასაწყვეტია, სად წავა, მაგრამ საბჭო და პოლიტიკა ერთად კანონის დარღვევაა"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ახალი პლატფორმა შექმნეს და მემორანდუმიც გააფორმეს. არსებული ინფორმაციით, ანა დოლიძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება და შეიძლება საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ის ამაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს. ფაქტს იუსტიციის არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძის თანამებრძოლი ნაზი ჯანეზაშვილი გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ ანა დოლიძე კანონს არღვევს. ერთობლივი განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს. განცხადების ხელმომწერები ამის მიზეზად ასახელებენ დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის - "მოძრაობა ხალხისთვის" - დაფუძნებას. ამბობენ, რომ საზოგადოების ნაწილი უკვე ელის პოლიტიკაში მის აქტიურ ჩართვას, რაც შეუთავსებელია ახლანდელ თანამდებობასთან. არასამთავრობოებს ანა დოლიძემ უპასუხა და თქვა, რომ პოლიტიკური საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ თუ ამას გადაწყვეტს, მხოლოდ კანონის შესაბამისად მოიქცევა. მან არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ხალხისთვის" მაისში დააფუძნა, 18 ივნისს კი ალეკო ელისაშვილსა და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი:

- სამართლებრივად იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს პრეზიდენტი ოთხი წლით ნიშნავს, მაგრამ კონსტიტუციაში არ წერია, რომ როდისმე მას ათავისუფლებს. პრობლემა ის არის, რომ კონსტიტუცია იერარქიით უფრო მაღალია და პრეზიდენტს მისი გათავისუფლების უფლებამოსილება არ გააჩნია. ეს სამართლებრივად ჩიხია. თუ საქმე სასამართლომდე მივა, იქაც პრობლემაა - სასამართლო ნდობით არ სარგებლობს და ამასაც პოლიტიკურად თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ჩემი გულისტკივილი სწორედ ეს არის.

ანა თვითონ უნდა იღებდეს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც არავის ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში და ამით არ გააძლიერებს კლანს.

კიდევ იმაზე მწყდება გული, რომ მისი ნაბიჯები ჩვენს ბრძოლასაც აყენებს ჩრდილს.

როცა ადამიანი შენი თანამოაზრეა, დიდი ხნის განმავლობაში უამრავი რამ გიკეთებიათ ერთად და უცებ იღებს გადაწყვეტილებას - თან პოლიტიკა, თან დაფინანსება, თან ვიღაცებთან კავშირი და პლუს იუსტიციის საბჭო, ეს ჩრდილს აყენებს იმ გზას, რომელიც ერთად გავიარეთ.

- ამ განცხადებამდე თუ ესაუბრეთ ამ საკითხზე ანა დოლიძეს? - ანამ ჩემი პოზიცია ცხრა თვის წინ იცოდა - ჯერ კიდევ მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლე წევრებმა მისი გადადგომის საკითხი დააყენეს და ამ მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართეს. მოტივი მაშინაც იგივე იყო - უკვე იკვეთებოდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. ცხადია, მაშინ მოუმზადებელი ვიყავი ამ კითხვაზე პასუხისთვის, მაგრამ როცა სხდომაზე იუსტიციის საბჭოს წევრებმა კითხვა დამისვეს, ვთქვი, რომ იუსტიციის საბჭოს წევრს არა აქვს პოლიტიკური საქმიანობის უფლება. ანა ჩემ წინ იჯდა და ყველაფერი კარგად გაიგონა. ეს საკითხი არ ეხება მასთან ჩემს პირად ურთიერთობას - აქამდე ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მან იცის, კანონში რა წერია და ეს უნდა გაეთვალისწინებინა. მისი გადასაწყვეტია, სად წავა, მაგრამ საბჭო და პოლიტიკა ერთად კანონის დარღვევაა და ამით სასამართლოს დამოუკიდებლობა ზიანდება. როცა ადამიანი პოლიტიკაში მიდის, მას სჭირდება პოლიტიკური წარმატება, რეიტინგი და მეტია რისკი, რომ მან საბჭოს წევრობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, ვინ აფინანსებს მას. კანონში გარკვევით წერია, რომ საბჭოს წევრს არა აქვს ანაზღაურების მიღების უფლება, გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისა და იმ ხელფასისა, რასაც საბჭოს წევრობისთვის ბიუჯეტიდან იღებს. ამ დროს კი ანას აქვს ოფისი, ორგანიზაცია, ჰყავს აპარატი, დადიან და უამრავ ღონისძიებას მართავენ, ეს კი ფულის გარეშე არ კეთდება. მან უნდა უპასუხოს კითხვას: ვინ აფინანსებს?

- მისი ოთხწლიანი ვადა როდის იწურება? - წელიწად-ნახევარში. ამ ქმედებით რჩება შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა ის იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსს პოლიტიკური საქმიანობისთვის იყენებდეს, თან ხელფასი არ დაკარგოს. პრეზიდენტმა რომ გაათავისუფლოს, ამით ის კონსტიტუციას დაარღვევს - ეს კარგად იცის, გაასაჩივრებს და თავს აღიდგენს, რაც მისთვის პოლიტიკურად მომგებიანიც შეიძლება აღმოჩნდეს. კონსტიტუციაში არის ხარვეზი და მის აღმოფხვრას საპარლამენტო ცვლილება სჭირდება. მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს. თუმცა ქვეყნის ინტერესები და საქმე, რისთვისაც ვარ იუსტიციის საბჭოში, უფრო მნიშვნელოვანია.

წარმოიდგინეთ, მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებთან ითანამშრომლოს. ეს ნორმალური ხომ არ იქნება?

- რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სკანდალური განცხადება გააკეთეთ თამარ ჩუგოშვილთან დაკავშირებით. ამბობთ, რომ გირეკავდათ და შენიშვნებს გაძლევდათ, ჩუგოშვილი კი ამბობს, რომ ტყუით. - ჩუგოშვილს ბევრჯერ დაურეკავს და უთქვამს, რომ რაღაცებზე უნდა გავჩუმებულიყავი, რომ ვიღაცებს ზევით, მის პარტიაში, ჩემი აქტიურობა არ მოსწონდათ. ისიც კი უთქვამს, რომ სირცხვილი იყო ჩემი გამოსვლა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამირჩია. როცა საბჭოს წევრი ხარ, გინდა იმოქმედო დამოუკიდებლად, ამ დროს კი გირეკავს უმრავლესობის ვიცე-სპიკერი და გეუბნება, საბჭოში ხმაური არ უნდა იყოსო. სააგენტო "ინტერპრესნიუსმა""გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვამბობდი, რომ მოსამართლეთა კორპუსში მხოლოდ 5-6% იყო გარედან შესული კადრი. მაშინაც გამომეხმაურა და მითხრა, ეს მე პრობლემებს მიქმნისო. რატომ უქმნიდა ჩემი განცხადებები პრობლემას? იმიტომ, რომ ის იყო ერთ-ერთი, ვინც მხარი დამიჭირა, საბჭოს წევრი რომ გავმხდარიყავი, მაგრამ ვურჩევ, არ დამაყვედროს, რადგან ჩემს საქმეს კეთილსინდისიერად ვემსახურები. თქვა, ნაზის გაოგნებული ვუსმენდიო. 20 ივნისის შემდეგ გახარიას პრემიერად არჩევას რომ დაუჭირა მხარი, მაშინ არ იყო გაოგნებული?

- მაშინ რატომ არ განაცხადეთ ეს? - დიახ, სწორი იქნებოდა, აქამდე მეთქვა. როცა საჯარო მოხელეები შეცდომას უშვებენ, დაუფარავად უნდა ვილაპარაკოთ.

ჩუგოშვილს სასამართლოს რეფორმა თუ აინტერესებდა, მაშინ ის კი არ უნდა ეთქვა, ხმაური არ იყოსო, არამედ - კანონები მივიღოთ, რომ ეს მძიმე სიტუაცია გამოვასწოროთო.

მხოლოდ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების არჩევის დროს ჩანდა შედარებით შეწუხებული, ესეც იმიტომ, რომ პოლიტიკური ზიანი მიადგებოდათ და არა იმიტომ, რომ ქვეყანა იღუპებოდა.