"გასათხოვრებს რამდენიც უნდოდათ, იმდენი ნაწნავი­ შეეძლოთ ეტარებინათ" - როგორი ვარცხნილობა ჰქონდათ ქართველ ქალებს საუკუნეების წინ? - კვირის პალიტრა

"გასათხოვრებს რამდენიც უნდოდათ, იმდენი ნაწნავი­ შეეძლოთ ეტარებინათ" - როგორი ვარცხნილობა ჰქონდათ ქართველ ქალებს საუკუნეების წინ?

ქალი ჯიუტი ქმნილებაა, როგორც უნდა უჭირდეს, მაინც ცდილობს ლამაზად გამოიყურებოდეს, რისთვისაც უპირველესი სამკაული ისევ ბუნებამ მისცა - თმა, რომლის მოვლისთვის ქალები არც წარსულში იშურებდნენ არაფერს და ცხადია, არც ახლა დაიშურებენ. როგორი თმა და ვარცხნილობა ჰქონდათ ქართველ ქალებს, მკვლევარი ნინო დათუნაშვილი დიდხანს იკვლევდა, მათ შორის ჩვენი უძველესი ტაძრების გამოსახულებებში - ჩვენს ტაძრებს ხომ ქართველი ქალებიც აშენებდნენ, რომელთა სახეები და სახელები ამავე ტაძრების კედლებზე რჩებოდა. ქართველი ქალების თმის ვარცხნილობაზე ჩანაწერები მხოლოდ XVII საუკუნიდან იწყება. თუმცა მანამდე ქართველ ქტიტორ ქალთა ვარცხნილობა ჩვენმა გაუხუნარმა ფრესკებმა შემოინახეს.

- ბრძანეთ, რომ ქართველი ქალის ვარცხნილობაზე ინფორმაცია XVII საუკუნიდან გამოჩნდა. ვის ეკუთვნის ჩანაწერები?

- ევროპელ მოგზაურებს. ეგზოტიკურ საქართველოსთან ერთად, მათ ისიც აინტერესებდათ, აქ ქალი როგორ ცხოვრობდა.

- ვინ არიან ის მოგზაურები? - ფრანგი იუველირი და ძვირფასი ქვებით მოვაჭრე ჟან შარდენი და იტალიელი მილიონერი არქანჯელო ლამბერტი. ჟან შარდენი ამბობს, თმის დავარცხნა და დახვევა ქართველმა ქალებმა ევროპელი ქალების მსგავსად იციანო, არქანჯელო ლამბერტი კი ნაწნავებზე აღწერს, ქართველი ქალები თმას ოთხ ნაწნავად იწნავენ, ორს ყურებზე შემოიხვევენ, ორს კი მხრებზე ან მკერდზე გადაიგდებენ. ნაწნავებს ბოლოებში ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით მორთული შავი აბრეშუმის ფოჩებს უკეთებენ. შესაძლოა ნაწნავები ზოგმა ყელთანაც გაინასკვოს, თავზე გადაიტაროს და კეფის ზემოთ, კინკრიხოზე შეიკრასო.

- მშვენიერი იქნებოდა ძვირფასი ქვებით ან ოქროს ბალთებით მორთული ნაწნავები. - სხვათა შორის, ნაწნავების შემკობის შესახებ წერს ინგლისელი მოგზაური თომას ჰერბერტიც - ქართველი ქალები გრძელ თმაში, ანტიკური მოდის მსგავსად, სხვადასხვა ფერის ძაფებს იწნავენო.

- ფრესკებზე რომელი საუკუნის ვარცხნილობებია შემორჩენილი?

- მე XV საუკუნის ნიმუშებს ვიკვლევდი, მაგრამ უფრო ადრინდელიც არის. XIV საუკუნეში ლასხიშვილების ქალბატონები (რაჭის სოფელ ბუგეულის ეკლესია), XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე (საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში წმ. გიორგის ეკლესია) აბაშ და ლომინ აბაშიძეების მეუღლეები, XVI საუკუნეში (ტყიბულის ელისქედის ეკლესია) ივანე დიდებულის მეუღლე გულდამი ნაწნავებით არიან გამოსახული, ერთ-ერთს კი კავებიც ამშვენებს.

ამ პერიოდის ქალების ვარცხნილობა ნაწნავები გახლდათ. მართალია ქართველ ქალებს მანდილები ხურავთ, მაგრამ ფრესკებზე მანდილებიდან ნაწნავები მშვენივრად ჩანს. ბევრგან ამ ნაწნავებიან ქტიტორ ქალთა სახელებიცაა მონიშნული. მაგალითად, სოფელ ჭალის აბაშიძეთა ეკლესიაში წარწერაა: "აბაშა აბაშიძის, ეკლესიის აღმშენებლის, მისი მეუღლის კეკლოცის.... და ლომინ აბაშიძის მეუღლის გულნარასი..."

რაჭაში ბუგეულის ფრესკაზე გამოსახულ ქალბატონს ათამდე კავი ამშვენებს. ნაწნავების დაწვნას რომ მორჩებოდნენ, დარჩენილი მოკლე თმისგან საფეთქელთან კავებს იხვევდნენ. XVII საუკუნიდან ქალებს ღაწვებთან უკვე ორ-ორი და სამ-სამი კავი აქვთ ჩამოშვებული, ნაწნავები კი გრძელდება წელამდე, შუა წვივამდე და კოჭებამდეც კი ეთრევა. ზოგიერთი ქალი რვა ნაწნავითაც არის გამოსახული ფრესკაზე.

მარტვილის ტაძარში გიორგი და კაცია ჩიქვანების მეუღლეებს წელამდე ნაწნავები ამშვენებთ. კაცია ჩიქვანის მეუღლე სეუდიას მარგალიტებით შემკული ექვსი ნაწნავი აქვს. რკონში ჯავახიშვილის გვარისა და ნიკორწმინდის ტაძარში გამოსახულ არისტოკრატებს შუა წვივამდე ნაწნავები აქვთ, თანაც, ოთხი. ნაწნავების შემამკობელ "თმისატანებს" მზითვად ატანდნენ. მაგალითად, შაჰნავაზმა თავის ქალიშვილს სამი მომარგალიტებული "თმისატანი" გაატანა, რომელთაგან ერთ-ერთს "ორი ათასის ხოშორის მარგალიტი" ჰქონდა, ქსნის ერისთავის ასულმა ანამ კი მზითვად 2000-მარგალიტიანი "თმისატანი" წაიღო.

XVIII საუკუნიდან გათხოვილ ქალებს ბევრი ნაწნავი აღარ ჰქონდათ, მხოლოდ ორ ნაწნავს ატარებდნენ. გასათხოვრებს კი რამდენიც უნდოდათ, იმდენი ნაწნავი შეეძლოთ ეტარებინათ. რაც მეტი ექნებოდათ, მით უფრო სასახელო იყო. სვანეთში 9-ნაწნავიანი ქალებიც გვყავდა, ხევსურეთში კი ათნაწნავიანი. რაჭველი ქალები ნაწნავებს ყურებთან იხვევდნენ... მოგვიანებით თმაში შინნაქსოვ თმისატანებსა და ძეწკვზე ასხმულ მონეტებს იმაგრებდნენ. რაც უფრო შეძლებული იყო ოჯახი, მის ქალებსაც ბევრი მონეტა ჰქონდათ თმაში. სხვათა შორის, კავებს საკუთარი თმისგანაც ამზადებდნენ, ოღონდ კავი მხოლოდ გათხოვილ ქალს უნდა ეტარებინა.

- სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს: კოჭამდე თმა, 10 ნაწნავი, მასთან ერთად კავები და კავებზე მიმაგრებული მარგალიტის მძივი, რომელიც ნიკაპს ქვემოთ ჩამოდიოდა, ამას დავამატოთ საყურეც... - დიახ. გრძელ ნაწნავებსა და კავებთან ერთად ბევრი არისტოკრატი ქალი სხვადასხვა პერიოდში საყბეურსაც ატარებდა. ეს იყო მარგალიტის მძივი, რომელსაც ნიკაპქვეშ ამოიტარებდნენ და სასაფეთქლეებთან კავებში დაიმაგრებდნენ. საყბეურის მოხმარება ყოველდღიურად მარტივი არ უნდა ყოფილიყო, ალბათ, ამიტომაც ხშირად მხოლოდ ერთ ძაფზე ასხმული მარგალიტებისგან შედგებოდა. XVII საუკუნის დროინდელ ზარათის ეკლესიაში ერთ-ერთი დიდგვაროვანი ქალი სამმძივიანი საყბეურით არის გამოსახული.