"ის ძაღლის გულით ვერ იცხოვრებდა" - კვირის პალიტრა

"ის ძაღლის გულით ვერ იცხოვრებდა"

რედაქციის გადაწყვეტილებით, დღეიდან პროექტის "50 წიგნი" საპრეზენტაციო წერილებს ყოველი ნაწარმოების დაბეჭდვამდე ერთი კვირით ადრე შემოგთავაზებთ და არა წიგნთან ერთად გამოსულ ნომერში. ვფიქრობთ, ასე უფრო სწორი იქნება: როდესაც წიგნი უკვე ხელში უჭირავს ნამდვილ, "პროფესიონალ" მკითხველს იქნებ ერთი სული ჰქონდეს კიდევ ერთხელ გადაიკითხოს საყვარელი ნაწარმოები, ახალბედა კი - "პირველად წაკითხვის ბედნიერებას" ეზიაროს და ამიტომ, შესაძლოა, სულაც აღარ მიუბრუნდეს ჩვენს წერილს. ეგეც არ იყოს, კარგ წიგნზე საუბარი და წაკითხვის მოლოდინიც ხომ ერთგვარი სიამოვნებაა და მოდი, ნუ მოვიკლებთ ამ სიამოვნებას, მით უმეტეს, რომ ერთი კვირის შემდეგ მიხაილ ბულგაკოვის გენიალური რომანი - "ოსტატი და მარგარიტა" უნდა შემოგთავაზოთ.

არაერთხელ და არაერთს უთქვამს ჩვენამდეც, და ეს სრული ჭეშმარიტებაა, რომ წიგნებს, ისევე როგორც მათ ავტორებს, და ზოგადად - ადამიანებს, თავიანთი ბედ-იღბალი აქვთ. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ "ოსტატი და მარგარიტას" ბედი საოცრად ჰგავს მისი ავტორისას: სრული იგნორირება სიცოცხლეში და XX საუკუნეში საოცარი, მანამდე არნახული წარმატება და პოპულარობა, ავტორის სიკვდილიდან სულ რაღაც 25 წლის შემდეგ.

თვით რომანმაც ბულგაკოვის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებთან ერთად განიცადა ტრანსფორმაცია და ძალიან დაშორდა პირვანდელ სახეს: როგორც მწერლის ცხოვრება შეიცვალა ცხოვრების უდიდეს სიყვარულთან - ელენა შილოვსკაიასთან შეხვედრის შემდეგ, ასევე მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა რომანში მარგარიტა; როგორც ბულგაკოვს გადაეკეტა ყველა კარი რუსულ საბჭოთა თეატრებსა და რედაქციებში, ისევე "ოსტატი და მარგარიტაც" დიდხანს მხოლოდ ათიოდე მეგობრისთვის იყო ცნობილი.

თავიდან რომანში არც ოსტატი იყო, არც მარგარიტა, იყო მხოლოდ სატანა, რომელიც ივანუშკას აცდუნებდა. ცხადია, სათაურიც სხვა იყო - ამ წიგნმა, საბოლოო ვარიანტამდე 15(!) სათაური გამოიცვალა. 1929 წელს რომანის ახალი რედაქცია შეიქმნა სათაურით "ინჟინრის ჩლიქი", სადაც მთავარი ადგილი ვოლანდს ეჭირა. სასიყვარულო ამბები უფრო გვიანდელ ვარიანტში გაჩნდა - მაშინ, როდესაც ბულგაკოვის ცხოვრებაში ელენა გამოჩნდა.

თუმცა, თავიდან დავიწყოთ: მიხაილ ბულგაკოვი 1891 წლის 3 მაისს (ძველი სტილით) კიევში დაიბადა სასულიერო აკადემიის მასწავლებლის ოჯახში. იგი პირველი შვილი იყო, შემდეგ კიდევ ექვსი და-ძმა გაუჩნდა. ყველა წინაპარი მამის მხრიდან ან მღვდელი იყო, ან სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი, თუმცა აფანასი ბულგაკოვის უფროსმა ვაჟმა სხვა გზა აირჩია.

16 წლისას მამა გარდაეცვალა, მაგრამ ოჯახი შეძლებული იყო, თანაც დედა მალე მეორედ გათხოვდა, მამინაცვალმა გერს არაფერი დააკლო და მიხაილ ბულგაკოვი 1909 წელს კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უკვე ერთი წელი იყო, რაც სარატოვიდან ექსკურსიაზე ჩამოსული "გიმნაზისტკა", ტატიანა ლაპა გაიცნო და შეუყვარდა. სტუდენტობის დასრულებას აღარც დალოდებიან - 1913 წლის აპრილში ჯვარი დაიწერეს.

ბულგაკოვის მწერლობამდე ჯერ ძალიან შორს იყო: მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ბულგაკოვმა სამხედრო-საზღვაო უწყების სამედიცინო ნაწილში მოინდომა სამსახური, მაგრამ დაიწუნეს და 1915 წელს კიევის ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა.

ერთ წელიწადში უნივერსიტეტის დასრულების "დროებითი მოწმობა" მიიღო. მაშინდელი წესებით, "ნამდვილ ექიმად" რომ ქცეულიყო, ნახევარწლიანი პრაქტიკა უნდა გაევლო და სწორედ იმ ექვსმა თვემ უდიდესი გავლენა მოახდინა მის მომავალზე: ჯერ კამენეც-პოდოლსკსა და ჩერნოვციში ფრონტისპირა ჰოსპიტლებში იმუშავა, მერე კი რუსეთის მიყრუებულ ადგილას - სმოლენსკის გუბერნიის უგზო, უსკოლო და ველურ სოფელში გაამწესეს. იმ ნახევარმა წელმა დიდი გამოცდილება, კარგი პრაქტიკა, ნამდვილი დიპლომი და ქალაქ ვიაზმის საავადმყოფოში ექიმის ადგილი მოუტანა, მაგრამ 1917 წლის ბოლოს ყველაფერი წყალში ჩაყარა: ერთადერთხელ, პროფილაქტიკისთვის დასჭირდა დიფთერიის საწინააღმდეგო შრატთან ერთად მორფის გაკეთება და ვეღარ "გადააგდო"... თუმცა ცდილობდა: ჯერ მოსკოვში ჩავიდა ბიძამისთან, ცნობილ ექიმ პოკროვსკისთან ("ძაღლის გულის" პრეობრაჟენსკის პროტოტიპი), მაგრამ მან ვერაფერი არგო, სამსახურიდანაც გაათავისუფლეს და კიევში დაბრუნდა, სადაც მამინაცვალი (ასევე ექიმი) და ცოლი დაეხმარნენ ნარკომანობის დაძლევაში: ტატიანა მას მორფის მაგივრად დისტილირებულ წყალს უკეთებდა და სახლიდან არ უშვებდა. ბულგაკოვი მორფს კი შეეშვა, მაგრამ "შინაური მკურნალობისას" ნერვებაშლილი ყოველდღე სცემდა ცოლს (მერე რა, რომ მწერალი იყო, მაინც რუსი გახლდათ და "ცოლისთვის ჭკუის სწავლება" ხომ ძველი რუსული "ტრადიციაა"), რაც გახდა კიდეც მათი დაშორების მიზეზი.

უკრაინაში კი, ისევე როგორც მთელ ყოფილ იმპერიაში, დიდი არეულობა სუფევდა - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, სამოქალაქო ომი, თეთრები, წითლები... ბულგაკოვი არ აპირებდა ამ ამბებში ჩარევას და კიევში ვენეროლოგის (ეს მისი ვიწრო სპეციალობა იყო) კერძო პრაქტიკას მიჰყო ხელი, მაგრამ არ აცალეს - უკრაინულ არმიაში გაიწვიეს 1919 წლის თებერვალში. მალე გაიპარა ჯარიდან - არა, ეს არ იყო დეზერტირობა, უბრალოდ, სულით ხორცამდე რუსს, სულაც არ ხიბლავდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერსპექტივა და სამხრეთ რუსეთის ჯარში (ანუ, ე. წ. "თეთრებთან"), ტვერის კაზაკთა პოლკში შევიდა ექიმად. მათთან ერთად ჩრდილო კავკასიაშიც ილაშქრა და სწორედ იქ, გროზნოში დაიბეჭდა მისი პირველი ფელეტონი. შემდეგ ტიფით დაავადდა და როდესაც გამოჯანმრთელდა, ქალაქში უკვე წითლები იყვნენ - ეს მისი, როგორც სამხედრო ექიმის კარიერის დასასრულს ნიშნავდა და ერთადერთი გზა რჩებოდა: ლიტერატურა და თეატრი...

გროზნოში დადგა პიესა, მერე ვლადიკავკაზშიც იმუშავა, საქართველოს გასაბჭოებისთანავე აქაც ჩამოვიდა - 1921 წლის გაზაფხული-ზაფხული თბილისსა და ბათუმში გაატარა, მაგრამ ვერც ჩვენში მოიკიდა ფეხი და მოსკოვს მიაშურა.

არც რუსეთის დედაქალაქი შეხვედრია გაშლილი ხელებით: ხან სავაჭრო უწყების გაზეთში წერდა უინტერესო ქრონიკებს, ხანაც პროლეტარულ გაზეთებში "მშრომელთა წერილების" დამუშავებას ავალებდნენ. თუმცა, ნელ-ნელა თითქოს დალაგდა ცხოვრება: მოთხრობებიც გამოაქვეყნა, თეატრებშიც დაიდგა მისი პიესები, ცოლიც მოიყვანა... მაგრამ 1929 წელს ყველაფერი თავდაყირა დადგა: საბჭოთა ცენზურამ ოფიციალურად აკრძალა მისი პიესების დადგმა და მოთხრობების გამოქვეყნება!

ეს, შემოქმედებითი უნაყოფობის გარდა, შიმშილით სიკვდილსაც ნიშნავდა და ასეც მისწერა ბულგაკოვმა სტალინს თავის ცნობილ წერილში: თუ არ გჭირდებით, ან საზღვარგარეთ გამიშვით, ან სამსახური მაღირსეთო! წერილმა გაჭრა - სტალინმა მასთან სატელეფონო საუბარი ისურვა, რასაც ბრძანება მოჰყვა: სადაც მოინდომებს, იქ მიეცით სამსახურიო, მაგრამ წიგნების დაბეჭდვა - ნურას უკაცრავად!..

სამაგიეროდ, იმავე 1929 წელს გაიცნო ელენა შილოვსკაია და ამ ფაქტმა დღევანდელი სახე მისცა მის უკვდავ რომანს, რომელშიც თითქმის ავტობიოგრაფიული სიზუსტითაა მათი სიყვარულის ამბავი აღწერილი.

ძალიან ძნელია გაზეთის ნახევარ გვერდზე ბულგაკოვის ცხოვრებაზეც ისაუბრო და მის წიგნებზეც, მაგრამ ერთი კი აუცილებლად უნდა ვთქვათ: ვინც იცნობს 30-იანი წლების საშინელ საბჭოთა ეპოქას, არ შეიძლება არ გაოცდეს "ძაღლის გულისა" და "ოსტატი და მარგარიტას" ავტორის გამბედაობით. აკი ამბობს კიდეც რომანში იეშუა: "ყველაზე დიდი ცოდვა სიმხდალეა!..", ხოლო პროფესორი პრეობრაჟენსკი კი ჯერ კიდევ იმ ბნელ დროში გვთავაზობს XX საუკუნის ადამიანის უფლებათა დაცვის გენიალურ ფორმულას, როდესაც აქტივისტები უცხოეთში მოშიმშილე ბავშვებისთვის თანხის შეწირვას სთხოვენ:

- არ მოგცემთ ფულს.

- რატომ, ბავშვები არ გეცოდებათ?!

- მეცოდებიან, მაგრამ არ მინდა და არ მოგცემთ...

ბულგაკოვიც ასე იყო - არ უნდოდა სხვებივით ცხოვრება და არც იცხოვრა "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" კარნახით, ის "ძაღლის გულით" ვერ იცხოვრებდა.