"შვილის ობლობა ვერ შეედრება შვილით ობლობას" - კვირის პალიტრა

"შვილის ობლობა ვერ შეედრება შვილით ობლობას"

"იმ საღამოდან ერთ დღეში გმირებად იქცნენ ჩვენი ბიჭები"

ცხინვალის ომში გმირულად დაღუპულ მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო ექიმს, ზურაბ ბეგიაშვილს 3 თებერვალს დაბადებიდან 30 წელი შეუსრულდებოდა. წერილი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ჯარისკაცის დედისა და ერთ-ერთი თანამებრძოლის ჩანაწერებით შევადგინეთ.

- შედარებით იოლი ყოფილა გაძლება, როცა გარდაცვლილი შვილის  მემკვიდრე გრჩება და იმას ეფერები, მაგრამ მხოლოდ მოგონებებთან დარჩენა გაუსაძლისია, - ამბობს ზურაბის დედა ნელი ბეგიაშვილი. ახლა ის ჩანაწერებით ესაუბრება შვილს:

"გახსოვს? ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე იტალიური ფილმი "ვაჟიშვილის ოთახი" გადიოდა. მაშინ ყველანი ერთად ვიყავით. ჯერ შეუმჩნევლად ვიწმენდდი ცრემლს, მერე გარეთ გავედი, ცოტა ხანში მამაშენიც გამოვიდა... იმ საღამოს ჩუმად ვივახშმეთ. იქნებ გული მიგრძნობდა, რომ ჩემი საყვარელი ვაჟიც ასე წავიდოდა ამ ქვეყნიდან... ახლა ჩემთვის ყველაზე მყუდრო შენი ოთახია. არაფერი შეცვლილა. მხოლოდ შენი სურათებით გავალამაზე და კიდევ - ერთი სერტიფიკატი ამოვიღე შენი საქაღალდეებიდან, კრწანისის საწვრთნელ ბაზაში ექიმთა კურსების გავლის შემდეგ რომ მიიღე. გადაშლილი დავდე შენს საწერ მაგიდაზე. განა სერტიფიკატის გამო? არა, იმ დევიზის, იქ რომ წერია: "არასოდეს მივატოვებ დაცემულ ჯარისკაცს". აკი არც მიატოვე და სამუდამოდ მათთან დარჩი...

აქ უშენობა ყველაფერს შეეტყო.  აქ სიჩუმე გამეფდა, ავი სიჩუმე. თურმე შენ ალამაზებდი ყველაფერს, შენ ათბობდი, შენ აფერადებდი, შენ ახმაურებდი... ახლა ზამთარია, ვზივარ შენგან დაობლებული დედა და ვფიქრობ, რომ შვილის ობლობა ვერ შეედრება შვილით ობლობას. ხვალ შენი დაბადების დღეა, 3 თებერვალი. რა ნუგეშია ჩემთვის, ოცდარვა წელს ხომ ვერც ერთი დღე ვეღარ მიემატება"...

სამხედრო ექიმი ნანა ცხადაძე: "სევდას წარსულის ლანდებთან მივყავარ. წამიერად ცოცხლდება ბედნიერი ხანა, როდესაც ყველანი ერთად ვიყავით.

ომამდე 42-ე ბატალიონში ახალი მოსული იყო, მაგრამ ძალიან მალე  საუკეთესო მეგობრებად ვიქეცით. ომის წინადღეს, ზაფხულის ჩვეულებრივ საღამოს, მშვიდი, წყნარი, მაგრამ დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ, რესტორან "ორთაჭალაში" უმცროსი ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი და კაპიტანი ილია ბაბუციძე მეგობრებთან ერთად ახალ კოლექტივში მოსვლას აღნიშნავდნენ. მამაკაცებს შორის მხოლოდ ორი ქალი ვიყავით - მე და ნანა ბასლანაძე.

პატივი მივაგეთ სამშობლოსთვის შეწირულთა ხსოვნას. იმ წუთებში რას წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე დღეში ჩვენი სუფრის ოთხი წევრის -  ზურას, ილიას, გიორგისა და გოჩას სიცოცხლე კელაპტარივით აენთებოდა სახელოვანი წინაპრების სახელების გვერდით. იმ საღამოდან ერთ დღეში გმირებად იქცნენ ჩვენი ბიჭები. რას ვიფიქრებდით, რომ სიმღერა, რომელიც მუსიკოსებს შევუკვეთეთ, წინათგრძნობასავით იყო: "ისევ ისე ბრძოლა გველის, ისევ დგება გადამწყვეტი დღე..." თურმე ჩვენი ბიჭები მაშინ გედის სიმღერას მღეროდნენ. დასრულდა სიმღერა, ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა და უცებ ტელეფონმა დარეკა, - მეთაურმა გვაცნობა, განგაშია, გამოცხადებულია სრული მზადყოფნაო. რას ვიფიქრებდით, რომ ეს "რიგითი, ჩვეულებრივი" განგაში არ იყო. ნახევარ საათში ყველანი უკლებლივ ვაზიანში, საბრძოლო მზადყოფნაში ვიყავით.

კოლონა ცხინვალისკენ დაიძრა. სამედიცინო სამსახურის ბატალიონს მივყევით უკან. გზაში ოჯახის წევრების სატელეფონო ზარებს ვპასუხობდით და ვამშვიდებდით. ზურას რამდენჯერმე დაურეკა დედამ. ისიც მშვიდად პასუხობდა, რომ სამსახურში იყო, ვაზიანში. ბოლოს ყველამ გამოვრთეთ მობილურები. ამ დროს უკვე ავნევში ვიყავით. ღამე იქ გავათენეთ. გამთენიისას ხეთაგუროვში შევედით. ზურა მძღოლის უკან იჯდა. უცებ მანქანის გაჩერება და ძირს ჩამოსვლა ბრძანა. მიტოვებული სახლიდან ცეცხლი გაგვიხსნეს. ორმხრივი სროლა დაიწყო. დაზიანდა მანქანის საბურავი... გზა განვაგრძეთ ცხინვალისკენ. ზურა უკვე ჯართან ერთად მანქანას ფეხით მოჰყვებოდა და  ჩვენს უსაფრთხოებას იცავდა.

რადიოსადგურზე გადმომცეს, წინ გავსულიყავით, ორი ადგილობრივი მოსახლე ყოფილა დაჭრილი. ტყვიების სეტყვაში შევედით, ზურამ არ გამიშვა - მე წავალ, შენ დარჩიო. არ დავემორჩილე. დამიყვირა, გიჟი ხარ, სად მოდიხარო? გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, წამში როგორ ამიტაცა ხელში, მანქანის ძარაზე შემსვა და მძღოლს დაუყვირა, გაიყვანეო. გაჩერდი-მეთქი, დავუყვირე მძღოლს და მანქანიდან ჩამოვხტი, - არ გემორჩილები, მე ექიმი ვარ, ჩემს მოვალეობას ვასრულებ-მეთქი... ზურა უკან გამომყვა, თან გამუდმებით მიმეორებდა, ფრთხილად იყავიო. ცდილობდა, დაცული ვყოფილიყავი, სხვებზე ფიქრობდა და თვითონ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა. დაჭრილები გადავარჩინეთ...

ცხინვალის მისადგომთან ბატალიონმა საბრძოლო დავალების შესრულება დაიწყო. გავშალეთ სამედიცინო პუნქტი. ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობდა. დაჭრილთა რიცხვი მატულობდა. ბრძანება მივიღეთ, ერთი ექიმი სასწრაფოდ ქალაქში ჩამოვიდესო. მეგობრებს გადავხედე - იქნებ იქიდან ვეღარ დავბრუნდეთ, ავთო ხოზრევანიძეს პატარა ჰყავს, ნანა მარტოხელა დედაა, ზურა ოჯახის ერთადერთი მემკვიდრეა, მე უნდა წავიდე! - გადავწყვიტე და წასასვლელად მოვემზადე. ვინ გაცალა, ერთმანეთს არ ვაძლევდით წასვლის უფლებას, არა მე უნდა წავიდე, არა - მეო.

ბოლოს მაინც ოთხივე ტანკით ჩავედით ცხინვალში, სადაც ჯოჯოხეთური ბრძოლა იყო. გამოვიყვანეთ დაჭრილები. ერთ მომენტში მე და ზურა მარტო დავრჩით, შენობის ნანგრევს შევაფარეთ თავი და უსაფრთხო გზას ვეძებდით, რომ ქალაქიდან გამოვსულიყავით.

ზურა აფორიაქებული იყო, მხოლოდ თვალები ჰქონდა ძველებურად ანთებული და ოდნავ სევდაშეპარული. არ ვიცი, რამ გამახსენა იმ დროს ეს სტრიქონი: "გზა იყო სისხლის და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს". ზურა ბავშვი იყო, დიდი, კეთილი ბავშვი. მერე მე დამჭრეს და აღარაფერი მახსოვს. გორში, ჰოსპიტალში, ოპერაციის შემდეგ ვიკითხე, ბეგიაშვილი სად არის-მეთქი? ზურა დაიკარგაო...

...სამსახურში მიმავალი ხშირად ვფიქრობ, ოთახში შესულს ზურა დამხვდება და მეტყვის: - კვირას მოხსენებაა დასაწერი, ან - ოცეულში სწავლებაა ჩასტარებელი; მაგრამ სასტიკ რეალობას ვაწყდები, სურათიდან შემომღიმის მისი სახე და თითქოს იქიდან მეუბნება:

"დაჭრილმა ქართველმა მკლავი თუ გამართა, ფოლადსაც გაკვეთავს იმისი მახვილი, ქართველმა უბრძოლოდ სიკვდილი არ იცის და აღარც სიცოცხლე სწადია სხვაგვარი. - ეს სიტყვები უყვარდა ზურას. ასეთიც იყო".

ნელი ბეგიაშვილმა წერილები გადმომცა და მითხრა: - ყოველ კვირას, წირვაზე, ჩემი სული გუმბათს აჰყვება ხოლმე და ზურას ეძახის, - მე აქ ვარ, შვილო, შენ გვერდით...