"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კინაღამ "ქართულ ხაფანგში" მოხვდა" - რა მოხდა პარიზში და რას წერს რუსული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კინაღამ "ქართულ ხაფანგში" მოხვდა" - რა მოხდა პარიზში და რას წერს რუსული გამოცემა?

რუსული გაზეთის "ნეზავისიმაია გაზეტას" («Независимая газета») 24 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კინაღამ "ქართულ ხაფანგში" მოხვდა: ორი საპატრიარქოს დაპირისპირებაში ბრალდებული საეკლესიო სასამართლოს ელოდება" (ავტორი - მილენა ფაუსტოვა).

პუბლიკაციაში მიმოხილულია პარიზში მომხდარი რელიგიური სკანდალი: მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებულმა პარიზის საარქიეპისკოპოსოს წარმომადგენელმა, ეროვნებით ქართველმა არქიმანდრიტმა ეროფეიმ (მარგველაშვილმა) საფრანგეთის ქართულ დიასპორას სოციალური ქსელით მიმართა, რომ პარიზის არქიეპისკოპოს იოანეს (რენეტოს) კურთხევით, ქართულენოვანი მრევლი შეიქმნაო. ამ მიმართვამ ქართული მართლმადიდებელი ეკლესის მესვეურები გააღიზიანა: საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძემ) რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პარიზის არქიეპისკოპატის ხელმძღვანელს იოანეს (რენეტოს) წერილი გაუგზავნა და შეახსენა, რომ პარიზში ჯერ კიდევ 2009 წლიდან არსებობს თამარ მეფის სახელობის ქართული ტაძარი თავისი მრევლით, რომელსაც არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი) ხელმძღვანელობს, ამიტომ ახალი ქართული მრევლის შექმნა ეროვნებით ქართველი არქიმანდრიტ ეროფეის ხელმძღვანელობით ჩვენთვის სრულიად მიუღებელია".

პარიზის არქიეპიკოპატის მეთაური იოანე (რენეტო) ამ ბრალდებას უარყოფს, მაგრამ სკანდალის ავტორს და სოციალური ქსელების მოყვარულ მღვდელს ღვთისმსახურების უფლება შეუჩერდა და ახლა იგი საეკლესიო სასამართლოს ელოდება. საარქიეპისკოპოსოს საიტზე გამოქვეყნდა კომუნიკე, რომელშიც ეროფეი მარგველაშვილის პოსტი ქართული მრევლის შექმნის თაობაზე ფეიკად არის მიჩნეული. კომუნიკეში გამოხატულია სინანული, რომ რუსულ და ქართულ ეკლესიებს შორის ასეთი გაურკვევლობა მოხდა.

"ვარწმუნებთ ჩვენს ქართველ ძმებს, რომ არანაირი მსგავსი გეგმები არ გვქონია. მღვდელმოანაზონ ეროფეის კი დროებით აეკრძალა ღვთისმსახურება და მისი საქმე გასარჩევად სააქქიეპისკოპოსოს სასამართლოს გადაეცა. სანამ საეკლესიო სტრუქტურები წერილებს წერდნენ და კონფლიქტის განეიტრალებას ცდილობდნენ, ეროფეი მარგველაშვილი, პირიქით, მის გაღვივებას ცდილობდა: მან კიდევ ერთი ქართული მრევლი - წმინდა ნინოს მრევლი დაიმოწმა, რომელიც ასევე პარიზში არსებობს, მაგრამ საქართველოს პატრიარქს კი არა, მსოფლიო პატრიარქს ექვემდებარება. "არ აქვს მნიშვნელობა, მრევლი ვის იურისდიქციაშია. მთავარია, რომ ყოველი ქართველი ბედნიერო იყოს იმით, რომ ლოცვები ქართულ ენაზე მიმდინარეობს", - დაწერა "ფეისბუკში" მარგველაშვილმა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ