გურამ დოჩანაშვილი: ეგებ მართლაცდა ქუდზე კაცები გავხდეთ - კვირის პალიტრა

გურამ დოჩანაშვილი: ეგებ მართლაცდა ქუდზე კაცები გავხდეთ

სამშაბათს, 22 სექტემბერს, წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" (რუსთაველის 40/1) 4სთ-ზე გაიმართება პრეზენტაცია გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნისა, "არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც".

ამ წიგნის გამოსვლა საჭიროც არის და დროულიც, რადგან საკუთარ თავზე დაგაფიქრებს. გურამ დოჩანაშვილის თვალით კი ბევრი რამ მოჩანს შეულამაზებლადაც და სიმართლითაც, მაგრამ მაინც იმედიანად.

იოლი ამქვეყნად არაფერია, "არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც" ნელ-ნელა, თავისი რთული - მიხვეულ-მოხვეული გზით იწერებოდა... რას იზამ, ასეთი რთული და ძნელად სავალია სიმაღლისაკენ მიმავალი გზა...

- ავტობიოგრაფიულ წიგნს შედარებით ადვილად ვწერ, - მიამბობს ბატონი გურამი, - ორ ან სამჯერ თუ გადავწერ გვერდს - იქ ხომ სიუჟეტზე ფიქრი არ მჭირდება... ადრე რომ ვწერდი, ყოველი გვერდი 8-10-ჯერ მქონდა გადაწერილი, ზოგჯერ 25-მდეც ავდიოდი. ეს უკვე მართლაც ნამეტანი იყო! ამ წიგნსაც ძნელად ვწერდი... მაგრამ წელიწადზე ნაკლებ დროში კი დავამთავრე. თვითონაც გამიკვირდა. სამსახური არ მაქვს და ვმუშაობდი წიგნზე... ახლა ცოტა მეტი მძინავს - 5-6 საათი, ადრე უფრო ნაკლები ძილი მყოფნიდა. ისე, გამომადგა ფეხის მოტეხა! რომ ამბობდნენ, - საწყალს, რა რთული მოტეხილობა აქვსო, საწყალი კი არა და... ამ მოტეხილობის წყალობით დავჯექი შინ, მეტს ვმუშაობ. მოცეკვავე და სპორტსმენი მე არ ვარ, რომ რამეში ხელი შემეშალოს. ვზივარ და ვწერ.

- ძალიან რთულ დროში მოგიხდათ მუშაობა. ეს, ცხადია, აისახებოდა ნაწარმოებზეც...

- ალბათ ამისი ბრალია, რომ "არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც" მძიმედ იწყება და პირველი 80 გვერდი ასე მიდის. შემდეგ გამჭვირვალე პროზა იწყება. უნდა დასძლიო და მიადგე მნიშვნელოვანს... ცხოვრებაშიც ასე არ არის?

- ასეა...

- იმდენი მეგობარი გარდამეცვალა, იმდენი მწუხარება ვნახე, ისეთი უბედურების მომსწრე გავხდი შარშან, აგვისტოში... ვცდილობ,  ტელევიზიით საინფორმაციო გამოშვებებს არ ვუყურო. რამდენჯერაც შემთხვევით წავაწყდი ინფორმაციას, იმდენჯერ წნევამ ამიწია. ამდენი ცუდის მოსმენა აუტანელია! ოპერას ვუსმენ და ვმშვიდდები... ძალიან ვდარდობ, ერთმანეთის მოქიშპე ქართველებს რომ ვხედავ. 9 აპრილის მერე როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, მერე რამ გაგვაბოროტა... სახარებაზე წარმოდგენა არა აქვთ და იმიტომ. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ტელევიზორში ვხედავ, რამდენი ხალხური სიმღერის გუნდია, რა ლამაზები და კარგები არიან ახალგაზრდები, რომლებიც მღერიან. ვითვლი ხოლმე რამდენი არიან. რაც მეტს დავითვლი, მით მეტად მიხარია. ერთმა შემომჩივლა, ჩამორჩენილივით მიყურებენ, მე რომ უცხოეთში წასვლა არ მინდაო. ყველას უცხოეთში უნდა წასვლაო. საზღვარგარეთ წასვლა სამშობლოს ასპირანტურად მიაჩნიათ. არადა, ხომ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთმა უკეთ იცის, ვინ სად უნდა დაიბადოს. გოეთე რომ ჩინეთში დაბადებულიყო, ან ლაო ძი გერმანიაში, კარგი იქნებოდა?! სადაც დაიბადე, იქ უნდა იცხოვრო, იქაა შენი ადგილი. ქართველებს რამდენი წმინდანი მეფე გვყავს, რამდენ საქმეს აკეთებდნენ... ასეთი დიადი მეფეები ვერაფერს გახდებოდნენ, გასაჭირში ქუდზე კაცი რომ არ გამოსულიყო. ერეკლეს დროს ნაკლები ქართველი იბრძოდა, მეტი - ორთაჭალის ბაღებში ქეიფობდა... მივიღეთ კიდეც შედეგი. უკვალოდ არაფერი ჩაივლის, არც ქიშპობა, არც გულგრილობა. შაჰ-აბასი ამბობდა: ქართველები ერთმანეთს რომ არ მტრობდნენ, აქეთ დაგვიპყრობდნენო. მართალია. იცოდა დიდმა დამპყრობელმა. ამიტომ მტკივა გული, ქიშპს რომ ვხედავ. მთავარი დამნაშავეები ჩვენ ვართ. ამდენი მიწა წაგვართვეს და ახლა მაინც დავდგეთ ერთად... ციხე შიგნიდან ტყდებაო, - ჩვენზეა ნათქვამი. იმედი მაქვს, მოვა დრო და ყველა ერთად დავდგებით...

70 წლის შეგუება რომ უბრალოდ არ ჩაგვივლიდა, პატრიარქმა ჯერ კიდევ მაშინ ბრძანა, ომსა და მიწების დაკარგვაზე რომ არავინ ფიქრობდა... დამონებული ვართო, ვამბობდით და იცით, რამდენი ოჯახი ზეიმობდა 7 ნოემბერს? პურმარილს შლიდნენ... რამდენს შეჰყავდა ბავშვი რუსულ სკოლაში... ასე რომ, ჩვენშია ყველა მარცხის მიზეზი. გეტყვით: ყველაფერს ეშველება... ხელოვნებაც ამას ემსახურება, რომ ცოტა უკეთესები გავხდეთ...

P.S. "ყოველი შემოქმედის უმთავრესი დანიშნულებაა, ადამიანი გახდეს უკეთესი, ვიდრე არის. უბედნიერესი ვიქნები, ამ ღვარჭნილობითაც ოდნავ მაინც თუ მივწვდები ამას", ეწერა სულ პირველ გვერდზე ავტორის სიტყვები. ახალი წიგნის 410-ე გვერდი ჩავამთავრე... ძალიან ახლოსაა ბედნიერება...