"ბევრი ქალი ადრე უფრო ლამაზი იყო და ამგვარმა ოპერაციებმა ძალიან შეცვალა" - კვირის პალიტრა

"ბევრი ქალი ადრე უფრო ლამაზი იყო და ამგვარმა ოპერაციებმა ძალიან შეცვალა"

ძველ აღმოსავლეთში ცხვირის აღდგენის ოპერაცია საკმაოდ პოპულარული იყო. XX-XXI საუკუნეებში, პლასტიკურმა ქირურგიამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და დღეს მისი წარმომადგენლები ნამდვილ სასწაულებს სჩადიან... რა დამოკიდებულება აქვთ პლასტიკურ ქირურგიასთან ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველაზე ლამაზ, მოხდენილ და წარმატებულ ქალებს? - ეს შეკითხვა რამდენიმე მათგანს დავუსვით.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

კირა ანდრონიკაშვილი:

"ბევრი ქალი ადრე უფრო ლამაზი იყო და ამგვარმა ოპერაციებმა ძალიან შეცვალა. ამიტომ, თუ განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება, ადამიანმა ის უნდა დააფასოს, რაც ბუნებამ მისცა, რითაც დაჯილდოვდა..."

კრისტი ყიფშიძე:

"არ მაქვს სურვილი, შევიცვალო. ალბათ ამის მიზეზი ის არის, რომ ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს: შეიძლება, შეცვლილი ცხვირი ან მკერდი ერთ დღეს მომეწონოს და მეორე დღეს ისევ ჩემი ძველი ნაკვთები მომინდეს. ცხადია, ვეღარ დავიბრუნებ და ამიტომ, პლასტიკური ქირურგიის მიღწევებით არ ვსარგებლობ..."

ლიკა ყაზბეგი, სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი:

"ყურადღება ერთ მოვლენაზე უნდა გავამახვილო: მე ვიცნობ ქალებს, რომლებიც უკვე დამოკიდებული გახდნენ პლასტიკურ ქირურგიაზე. ამ დროს საჭიროა ისეთი ექიმი, რომელიც ადამიანს შეაჩერებს. ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩემი ახლობელი ქალბატონი, რომელიც საკმაოდ შეძლებულია, ცნობილ ქირურგთან მივიდა ოპერაციისთვის, მაგრამ არ სჭირდებოდა და ექიმმა უკან გაისტუმრა..."

ნინო ჩხეიძე, მომღერალი:

"პლასტიკურ ქირურგიას მივესალმები... ეს ძალიან კარგი საშუალებაა და თუ ქალს მატერიალური მდგომარეობაც ხელს უწყობს, მსგავს ოპერაციებს თამამად უნდა იკეთებდეს..."

ცნობილი ქალბატონების ინტერვიუებს სრულად ჟურნალ "გზის" 25 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე