შავი ზღვის რევოლუციონერი, ლაზი მუსიკოსი - "ქიმიოთერაპიით თმაგაცვენილი, მაინც გამოდიოდა სცენაზე და მღეროდა" - კვირის პალიტრა

შავი ზღვის რევოლუციონერი, ლაზი მუსიკოსი - "ქიმიოთერაპიით თმაგაცვენილი, მაინც გამოდიოდა სცენაზე და მღეროდა"

თურქთის ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთ "დეილი საბაჰის" («Daily Sabah») 26 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "შავი ზღვის რევოლუციონერი მუსიკოსი და მომღერალი", რომელიც ცნობილი ლაზი მომღერლის, ქაზიმ ქოიუნჯუს ხსოვნას ეძღვნება. მან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენასა და შენარჩუნებაში.

ქაზიმ ქოიუნჯუ 15 წლის წინ, 2005 წლის 25 ივნისს, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია ხოფას ილჩეში, მშობლიურ სოფელ პანჭოლაში.

როგორც სტატიაში აღნიშნული, მიმდინარე წელს, მომღერლის ხსოვნის აღსანიშნავად დაწესებული ყოველწლიური ცერემონია, კორონავირუსის გამო, არ გამართულა. ქაზიმ ქოინჯუს ოჯახმა კი განაცხადა:

"თუ სანთელს აანთებთ და მომღერლის სიმღერას მოისმენთ, ან მის ლექსებს წაიკითხავთ, მის სურათებს შეხედავთ, ეს იქნება საუკეთესო მოქმედება მისი სახელის ხსოვნისა და შემოქმედების არდავიწყებისათვის". ქაზიმ ქოიუნჯუ თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის - ლაზების ხალხურ სიმღერებს ასრულებდა - წარმატებით მღეროდა როგორც ხალხურ, ასევე თანამედროვე ინსტრუმენტებზე. ფაქტობრივად, მან თავისი ხალხის კულტურა, მისი მუსიკა შეინარჩუნა. ქაზიმ ქოიუნჯუ მღეროდა როგორც ლაზურ, ისე თურქულ და ქართულ ენებზეც.

2001 წელს იუნესკომ ლაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარ ენად მიიჩნია. თურქეთში და საქართველოში ამ ენაზე მოლაპარაკე მხოლოდ 130-150 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული ქაზიმ ქოიუნჯუს ცხოვრების წლები, მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, აგრეთვე სიკვდილის მიზეზიც: "როგორც ამბობენ, ფილტვების კიბოს მიზეზი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე მომხდარი ავარია გახდა, როცა იგი 15 წლის იყო. იმ დროს რადიაცია შავი ზღვის სამხრეტ სანაპიროზეც გავრცელდა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ქაზიმ ქოიუნჯუ თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგი იყო, იგი მხარს უჭერდა გარემოს დაცვას და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას. როცა 2004 წელს ექიმებმა მას კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს, იგი ქიმიოთერაპიით თმაგაცვენილი, მაინც გამოდიოდა სცენაზე და მღეროდა", - ნათქვამია სტატიაში. წყარო

2003 წლის აგვისტოში ქაზიმ ქოიონჯუ საქართველოში ჩამოვიდა. მას განსაკუთრებულ შეხვედრა მოუწყეს, რაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მომღერლის გულში. იგი ხშირად იხსენებდა საქართველოში მოგზაურობას და გამართულ კონცერტებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ქაზიმ ქოიონჯუ ქართველებს ძმებს უწოდებდა და გაკვირვებული იყო სტუმართმოყვარეობით და ქართველების მუსიკალურობით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

მოისმინეთ ქაზიმ ქოიუნჯუს მიერ შესრულებული "დიდოუ ნანა"