"გული მწყდება, რომ უმეტესად გოგოები ინტერესდებიან წიგნებით. დღეს ქართველ კაცებს კითხვა აკლიათ" - კვირის პალიტრა

"გული მწყდება, რომ უმეტესად გოგოები ინტერესდებიან წიგნებით. დღეს ქართველ კაცებს კითხვა აკლიათ"

აღმაშენებლის 95 ნომერში თუ მოხვდებით, პატარა თაღს დაინახავთ, იმ თაღის იქით, ჭაღარა, საათვალეებიან და სათნო ბაბუს შეხვდებით, ეს ფილოლოგი თენგიზ თაქთაქიშვილია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია წიგნებს 1 ლარად ყიდის. თუ წიგნის მოყვარული ხართ, ბატონი თენგიზი სიხარულით შეგიპატიჟებთ მოხუცი ბუკინისტის ფერად სახლში და მთელი ცხოვრების ნაგროვებ ქონებას დაუზარებლად დაგათვალიერებინებთ. თავის ცხოვრებაზე თუ ჰკითხავთ, ბევრ საიტერესო რამეს გიამბობთ და ასე სიხარულით და სითბოთი სავსე დატოვებთ იქაურობას.

ფილოლოგი, მწერალი და ფილოსოფოსი თენგიზ თაქთაქიშვილი უკვე 25 წელია თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ბუკინისტია, მარჯანიშვილის ქუჩას მისი პროფესიის დასაწყისი და განვითარება კარგად ახსოვს, თუმცა რამდენიმე წელია გარე ვაჭრობა აკრძალეს და ბატომა თენგიზმაც თაღის მეორე მხარეს გადმოინაცვლა. რომ არა რთული საცხოვრებელი პირობები, ბუკინისტობაზე არც დაფიქრდებოდა, თუმცა უკვე წლებია ეს მისი პროფესიაა და საკუთარი შვილებივით უფრთხილდება თაროზე შემოდებულ ნებისმიერ წიგნს.

წიგნი გულში ყველა სიცარიელეს მივსებსო, ასე ამბობს ბატონი თენგიზი და ასაკის მიუხედავად მაინც აქტიურად აგრძელებს საყვარელ საქმიანობას, მისი ისტორიის სრულად მოსასმენად მოხუცი ბუკინისტის სახლს ვესტუმრე:

- რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი საქმიანობა წიგნებში ქექვა და წიგნის კითხვაა, ახლა იმდენ რამეს ვეღარ ვაკეთებ, წნევასა და დიაბეტს ვუჩივი, თუმცა კითხვის ხასიათზე სულ ვარ. უკვე 73 წლის გავხდი, მეუღლე, 2 შვილი და 4 შვილიშვილი მყავს.

- ბატონო თენგიზ გვიამბეთ როგორი ბავშვი იყავით?

- არანორმალური და ცელქი ბავშვი ვიყავი. მამაჩემი 1948 წელს დაიღუპა, ომიდან რომ დაბრუნდა შინ, ომიდან ჭრილობა გამოყვა და უკვე დაუძლურებული იყო, 3 წელი იცოცხლა და 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. მე მაშინ 2 წლის ვიყავი. 4 დედმამიშვილი ობლები დავრჩით და ნათესავებთან გასაზრდელად გადაგვანაწილეს, მე მანგლისში დედაჩემის დედასთან გამაგზავნეს და სკოლამდე იქ ვიზრდებოდი.

სკოლის ასაკი რომ მომივიდა თბილისში დამაბრუნეს და ლოტკინზე, მე-7 საშუალო სკოლაში შემიყვანეს. ძალიან მიჭირდა სწავლა და მეორე კლასში ჩავრჩი, იმდენად სუსტი ვიყავი, რომ ელემენტარულსაც ვერ ვითვისებდი. სულ ვჩხუბობდი, ზარი რომ დაირეკებოდა მერხებზე ვხტებოდი და ვურევდი იქაურობას, სწავლა მეზარებოდა, კითხვა და წერა საერთოდ არ ვიცოდი.

ჩვენს უბანში ერთი პუტკუნა კაცი ცხოვრობდა, გაბო, სიარული უჭირდა ხოლმე. გაბო იქვე ეზოში ხილბოსტანს ყიდდა. ასე მესამე კლასში ვიქნებოდით, კლასელები გაბოს საზამთროსა და ნესვს რომ ვპარავდით და ტყის პირას ვჭამდით. მოვპარეთ ერთხელ, ორჯერ, ათჯერაც და მორიგი ქურდობის დროს, ჩაგვისაფრდნენ და დაგვიჭირეს. 5 ბიჭი ვიყავით, 3-ის მშობლებმა თავიანთი შვილების დახსნა მოახერხეს, ჩვენ ორს ვერავინ გვიშველა და ავჭალაში ბავშვთა გამოსასწორებელ კოლონიაში გაგვაგზავნეს, არასრულწლვნები ვიყავით და ვინ დაგვიჭერდა.

3 წელი ავჭალაში გავატარე, იქაურობას არაუშავდა, ცუდი არაფერი იყო, გვივლიდნენ, გვასწავლიდნენ, მაგრამ ოჯახისგან შორს ვიყავით. მეხუთე კლასში კიდევ ერთხელ ვერ ჩავაბარე გამოცდები და კლასში ჩავრჩი, მასწავლებლებმა გონება შეზღუდულად გამომაცხადეს. დედაჩემი, რომ სანახავად მოიდოდა ეუბნებოდმენ, ტყუილად წვალობთ, ეს ვერ სწავლობს და სადმე ხელობა ასწავლეთ ის ჯობიაო. მალევე დედაჩემმა ისევ თბილისში წამომიყვანა და ძველ სკოლაში დამაბრუნა. სკოლის მაშინდელი დირექტორი დედას ნაცნობი იყო, გვარად აბულაძე, ლამაზი, ჭაღარა ქალი, სახელს ვერ ვიხსენებ. აბულაძეს დედაჩემი უკერავდა კაბებს და მისი ხათრით კლასიდან კლასში გადავყავდი.

მე-10 კლასში, რომ გადავედი ერთხელ სკოლის დირექტორმა სრულიად შემთხვევით, ბიძგი მომცა, იმ დღეს გამიჩნდა პირველი მოტივაციაც. მან მითხრა, "თენგიზ წერა ისეთი ცუდი გაქვს, რომ შენს ნაწერს არავინ წაიკითხავს, ამიტომ გამოცდას წერაში ვერ ჩააბარებ და დარჩები სკოლის გარეთ. დაჯექი და გამოასწორე კალიგრაფია" ამან დამაფიქრა, შევშინდი სკოლის გარეთ დარჩენა არ მინდოდა და კალიგრაფიის გამოსწორებაზე ფიქრი დავიწყე. იმ დღიდან მოყოლებული, მთელი თავისუფალი დრო ვწერდი... მე-10 კლასი რომ დავამთავრე, გამოცდები ნორმალურად ჩავაბარე. დირექტორმა სკოლის დამთავრების შემდეგ მითხრა, რომ ჩემში ნიჭს ხედავდა და სწავლა უნდა გამეგრძელებინა. ჩემი ცოდნა არასაკმარისი იყო, ამიტომ 2 წელი გავჩერდი, ლიტერატურის ისტორია, გრამატიკა და სხვადასხვა საგნები ვისწავლე. ვერ მოგატყუებთ, ძალიან მიჭირდა, დაუღალავად ვშრომობდი და გამოცდებიც ჩავაბარე.

სწავლის დასრულების შემდეგ, რუსულ სკოლაში დავიწყე მუშაობა. ვმუშაობდი მანამ, სანამ კომუნისტური იმპერია არ დაინგრა. მერე სკოლა დაიშალა, დავრჩი უმუშევარი, იმ დროს მუშაობის დაწყება ზღაპარი იყო. იმდენი დანაზოგი არ მქონდა, რომ 2-3 წელი დავმჯდარიყავი სახლში, მაგრამ იმდენი მქონდა, რომ 6 თვე მერჩინა ოჯახი. სულ ვფიქრობდი წიგნის დაწერაზე, ავდექი და დავწერე "ღმერთი და სატანა ანუ თავისუფლება და მონობა". 1990 წელს დავასრულე წიგნი და მარჯანიშვილის მოედანზე პატარა მაგიდა დავიდგი, ზედ ჩემი წიგნები დავაწყვე და ერთ თვეში 5000 ცალი გავყიდე.

ერთხელ, ვიღაც კაცი მოვიდა და მითხრა, წიგნები მაქვს, აღარ მჭირდება და ხომ არ ჩაიბარებთო, ვუთხარი, ჩავიბარებ მაგრამ არ ვიცი როგორ იბარებენ წიგნებს და არც ის ვიცი, როგორ უნდა გავყიდო, დავადგენ და ჩავიბარებ-მეთქი. გავიკითხე ყველაფერი და მალევე, იმ კაცისგან 500 წიგნი ვიყიდე. რაც დრო გადიოდა, წიგნები მატულობდა, მერე გაზეთშიც გამოვაქვეყნე სტატია და მანქანით დავდიოდი სახლებში წიგნების წამოსაღებად. ყველაფერი პატარა მაგიდით დავიწყე, ბოლოს 3 მეტრიანი მაგიდა გავშალე და პროფესიონალი ბუკინისტი გავხდი.

- როგორც ვიცი, უკვე წლებია ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივით, ამაზეც მოგვიყევით...

- ადრე 2 წელი ციხეში ვიჯექი, ბიჭებმა ვიჩხუბეთ და იქ ამოვყავით თავი. ციხეში ბევრი ნერვიულობა და სტრესი გადავიტანე და მეტად უცნაური დაავადება დამემართა. ზამთარ-ზაფხულ მთელს სხეულზე მცივა, მიჭირს გავთბე. ამიტომ ბევრი ტანსაცმლის ტარება მიწევს. ეს მუშაობაში არ მიშლის ხელს, ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ღვინოს კარგად ვსვამ, კარგადაც ვკითხულობ. უბრალოდ ყველაფერს ასაკი დაემატა, ადრე შემეძლო 17-18 საათი გადაბმულად მეკითხა, თუმცა ახლა შევსუსტდი.

- თქვენთვის რას ნიშნავს წიგნის კითხვა?

- ჩემთვის წიგნის კითხვა აღუვსებელი გრძნობის აღვსებაა, წიგნის კითხვის სულიერი მოთხოვნილება მაქვს, თითქოს დაუსრულებელი ამოუწურავი მოთხოვნილებაც კი. დავბერდი, მაგრამ მაინც ვკითხულობ. კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი" 8-ჯერ მაქვს წაკითხული, დოსტოევსკის ყველა რომანი არაერთხელ მაქ გადაკითხული.

- რომელია თქვენი საყვარელი წიგნი ან მწერალი?

- ძველი და ახალი აღთქმა, ბიბლია მიყვარს, ასევე შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", ასე 100 სტროფი მაინც ვიცი ზეპირად, ღვთაებრივია.

- რაც დრო გადის, თითქოს იკლებს იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც კითხვა უყვარს, თქვენ თუ ატყობთ ამას?

- ერთი პერიოდი მართლა ასე იყო. უკვე 25 წელია ბუკინისტი ვარ, ეს პროფესია რომ დავიწყე მაშინ, ბუმი იყო წიგნების, თბილისში ქრებოდა, ისე იყოდებოდა ლიტერატურა. მერე გაუჭირდა ხალხს. 2000 წლამდე დიდი ჩავარდნა გვქონდა, მერე ისევ გამოცოცხლდა ერი და ასე გრძელდება დღემდე. დროდადრო იმატებს წიგნის მკითხველთა რაოდენობა. ერთი უცნაურობა სჭირს საქართველოს, წიგნის მყიდველების 95% პროცენტი გოგოები არიან და ის დანარჩენი 5% ბიჭები.

გული მწყდება, რომ უმეტესად გოგოები ინტერესდებიან წიგნებით. დღეს, კითხვა აკლიათ ქართველ კაცებს, ყველა ადამიანმა მითუმეტეს მამაკაცმა, დღეში საათნახევარი მაინც რაიმე უნდა წაიკითხოს, ლექსი ისწავლოს და წიგნიერებაზე იფიქროს.

- რა შეგიძლიათ ურჩიოთ მათ, ვისაც კითხვა არ უყვარს?

- მიჭირს წარმოდგენა, როგორ შეიძლება კითხვა არ გიყვარდეს, ჩემთვის სიცარიელის შევსებაა კითხვა, ყველას ვურჩევ, რომ დღეში მინიმალური დრო მაინც დაუთმონ კითხვას, წიგნი სულიერი საზრდოა და ადამიანს გაზრდაში ეხმარება.

- რამეზე თუ ოცნებობდით ბავშვობაში და გიფიქრიათ, რომ ოდესმე ბუკინისტი გახდებოდით?

- არ ვიყავი მეოცნებე ბავშვი, თუმცა თავიდანვე კომუნისტური რეჟიმის მარწუხებსა და ტყვეობაში ვიყავით მოქცეულები და ერთადერთი იმაზე ვოცნებობდი, რომ გამთლიანებული და თავისუფალი საქართველო მენახა. ბუკინისტობაზე არასდროს მიფიქრია, თავისებურად მოვიდა ყველაფერი, წიგნის მოძულე ადამიანიდან ფილოლოგად, წიგნის მოყვარულად ვიქეცი.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო