"წერა-კითხვის უცოდინარი წერა-კითხვის მასწავლებელი გავხდი" - კვირის პალიტრა

"წერა-კითხვის უცოდინარი წერა-კითხვის მასწავლებელი გავხდი"

"ხშირად ჩაბარებული წიგნი თვითონ მიყიდია და ახლა ძალიან მაგარი ბიბლიოთეკა მაქვს. ახალგაზრდობაში დღეში 20 საათის განმავლობაშიც წამიკითხავს წიგნი, ახლა დავბერდი, მაგრამ ყოველდღე 5-6 საათი რომ არ ვიკითხო, არ შემიძლია..."

აღმაშენებლის პროსპექტის 95-ე ნომერში თაღში თუ გაძვრებით, თქვენს ყურადღებას მიიპყრობს პატარა ლამაზი ეზო, ეზოში კი აბრა: "მოხუცი ბუკინისტის სახლი". ამ წიგნების პატრონი თენგიზ თაქთაქიშვილი პროფესიით ფილოლოგია და ცხადია, მისთვის 27 წლის განმავლობაში ნაგროვებ წიგნებთან განშორება არც ისე მარტივია, თუმცა მიაჩნია, რომ კარგ საქმეს აკეთებს - წიგნებს იაფად ყიდის. თავის დროზე მწერლობაზე ოცნებობდა, თუმცა სკოლა ისე დაამთავრა, წერა-კითხვა არ იცოდა. როგორც თავად ამბობს, გონებაშეზღუდულის დიაგნოზიც კი დაუსვეს.

- დავიბადე თბილისში. ოჯახში ვცხოვრობდით მე, მამა, დედა და ჩემი და-ძმა. მამაჩემი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო, ომიდან დაბრუნებულს დიდხანს აღარ უცოცხლია, ფილტვში ჰქონდა ტყვია გაჭედილი და მალევე დაიღუპა. ძალიან გაგვიჭირდა. მე ქუჩაში გავიზარდე, სკოლაში იშვიათად მივდიოდი...

ჩვენთან ერთი გამყიდველი იყო, გაბო ერქვა, ხილით ვაჭრობდა და ბავშვები რაღაცებს ვპარავდით. ერთხელ, მეორე კლასში ვიქნებოდი, ქურდობაზე დამიჭირეს და ავჭალაში ბავშვთა გამოსასწორებელ კოლონიაში მიკრეს თავი. კოლონიას თავისი სკოლა ჰქონდა. მე, ვინაიდან სწავლაზე მწყრალად ვიყავი, მეორე კლასში დავრჩი. რამდენიმე თვეში როგორც გამოსწორებული მოზარდი გამათავისუფლეს, თუმცა დედაჩემს უთხრეს, ვერ სწავლობს, უნარი არა აქვსო. დედაჩემმა მერვე სკოლაში შემიყვანა, როგორმე ატესტატი რომ ამეღო. დირექტორი ერთი კარგი ქალი შემხვდა, რუსულის პედაგოგი.

კლასიდან კლასში მხოლოდ იმისთვის გადავყავდი, რომ დედაჩემი კაბებს უკერავდა. მეათე კლასში წერა არ ვიცოდი და ტექსტების გადაწერა დავიწყე, რათა კალიგრაფია გამემართა. უცებ აღმოვაჩინე, რომ რასაც ვიწერდი, მომწონდა და კითხვაც დავიწყე. როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავდი, ვკითხულობდი და ასე გრძელდება დღემდე. სკოლის დამთავრების შემდგომ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფილოლოგი გავხდი.

წერა-კითხვის უცოდინარი წერა-კითხვის მასწავლებელი გავხდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. დირექტორს ვთხოვე, ძნელად აღსაზრდელი ბავშვები მოებარებინა და შევუდექი მათ სწავლა-განათლებას, ყველა გზაზე დავაყენე."

როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, რუსულ სკოლაში ვმუშაობდი. ჩემი სკოლა დახურეს და დავრჩი უმუშევარი. დაწერილი მქონდა წიგნი "მოძღვრება სამყაროზე", რომელიც დავამუშავე, შევუცვალე სახელი და დავარქვი: "ღმერთი და სატანა, ანუ თავისუფლება და მონობა". მანამდეც მქონდა წიგნები დაწერილი, მაგრამ გავანადგურე, აღარ მომეწონა. ეს წიგნი კი დავბეჭდე 5000-იანი ტირაჟით და მარჯანიშვილის მეტროსთან დავიწყე გაყიდვა. 2-3 თვეში სრულად გავყიდე, მეტიც, ხელმეორედაც დავბეჭდე და კიდევ გავყიდე. ერთ დღესაც, როცა წიგნს ვყიდდი, ბატონი მოვიდა, წიგნებს ხომ არ ჩაიბარებო, დავთანხმდი, ოღონდ, როცა გავყიდი, თანხას მერე მოგცემ-მეთქი. მას მერე სხვებსაც მოჰქონდათ წიგნები. ასე გავხდი პროფესიონალი მეწიგნე.

ჩემი საყვარელი წიგნი ბიბლიაა. ამის მერე "ვეფხისტყაოსანი" და "დავითიანი".

ძალიან მიყვარს კონსტანტინე გამსახურდია. უცხოელებიდან დოსტოევსკი, ტოლსტოი, ჰიუგო, ბალზაკი, სტენდალი, შექსპირის ბევრი სონეტი ვიცი, მისი 37 პიესა წაკითხული მაქვს."ეჰ, იმდენი კარგი მწერალია, რამდენიმე სიცოცხლე არ გეყოფა, ყველა კარგი წიგნი რომ წაიკითხო.

პაპამ უნიკალური ბიბლიოთეკა დამიტოვა. მოსკოვში მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ საშუალება არ მქონდა და გავყიდე წიგნები. უნიკალური წიგნები დავკარგე. მერე ისევ დავიწყე შეგროვება. ხშირად ჩაბარებული წიგნი მე თვითონ მიყიდია და ახლა ძალიან მაგარი ბიბლიოთეკა მაქვს. ახალგაზრდობაში დღეში 20 საათის განმავლობაშიც წამიკითხავს წიგნი, ახლა დავბერდი და მაგდენი აღარ შემიძლია, მაგრამ ყოველდღე 5-6 საათი რომ არ ვიკითხო, არ შემიძლია."

მომავალში წიგნის გამოცემას ვაპირებ. მაღაზიის გაფართოებასაც ვგეგმავ. ვიყიდი კიდევ ერთ მყუდრო ადგილს, შევიტან უამრავ წიგნს და წიგნის მოყვარულებს შეღავათიან ფასად მივყიდი."

ზურა სოლომნიშვილი