რა პრობლემები შეუქმნა მოდას ვირუსმა - კვირის პალიტრა

რა პრობლემები შეუქმნა მოდას ვირუსმა

"ნატა ჯანელიძე: "ჩვენთან საქონელს, ძირითადად, ტურისტები ყიდულობდნენ. ეპიდემიამდე თვეში 20-30 ჩანთა იყიდებოდა. ახლა მაღაზიები გაიხსნა, მაგრამ ხალხი მაინც ცოტაა - დღეში ერთი-ორი კლიენტი შემოდის. თუ ტურისტები არ იქნებიან, მთლიანად ონლაინგაყიდვებზე გადავალ. ჩვენს საქმეში მთავარი სირთულე მასალაა. საქართველოში ხარისხიანი მასალა არ შემოდის, ამიტომ იძულებული ვარ, უცხოეთიდან გამოვიწერო"

გაჩერებული წარმოება, ფასდაკლებული პროდუქცია და ახალი იდეები, რომლებიც დიზაინერებს თავიანთი ბრენდის გადარჩენაში ეხმარება - რა პრობლემები შეექმნათ ქართველ დიზაინერებს და როგორ გაართვეს თავი კრიზისს? ამ საკითხებზე საუბარი "კვირის პალიტრამ" ქართველ დიზაინერებს - ნატა ჯანელიძესა და გვანცა თუთბერიძეს სთხოვა.

"იმედი მაქვს, მალე ყველაფერი ძველებურად იქნება, ქალბატონებს ისევ მოუნდებათ კარგი ჩანთები, რადგან ჩანთა ქალის სტატუსის განმსაზღვრელია"

Janelidze Bags უკვე სამი წელია არსებობს და კრიზისი ჯერ არ ჰქონია, ეპიდემიის პერიოდში კი გაყიდვები შეწყდა, თუმცა დიზაინერს შემოქმედებითი საქმიანობა არ შეუწყვეტია.

ნატა ჯანელიძე: - კრიზისის დასაძლევად საფულეების გაკეთება მოვიფიქრეთ, ახლა ტრენდული მოდური ტყავის ტელეფონის ჩასადების დამზადებაც დავიწყეთ, რომელიც ჩანთებთან შედარებით იაფი იქნება. კორონამ ყველაფერზე მოახდინა გავლენა. ახლა ვცდილობთ, მაღაზიის ქირა გადავიხადოთ და ხარჯი გავისტუმროთ.

- აპირებთ პროდუქციის გაძვირებას?

- ჩანთების ფასი 380 ლარიდან იწყება. ტყავის ფასი გაიზარდა, მაგრამ ვცდილობ, ჩანთები არ გავაძვირო. ჯერჯერობით ფასი იგივეა, რაც ეპიდემიამდე იყო, რადგან ადრე შეძენილი ტყავის მარაგი მაქვს. თანახმა ვარ, ნაკლები მოგება დამრჩეს, მაგრამ ჩანთები გაიყიდოს. თურქული და იტალიური ტყავით ვმუშაობ და მინდა ხარისხი შევინარჩუნო. ვაპირებ ქამრებისა და სათვალის ჩასადების გაკეთებასაც. უფრო იაფი პროდუქციის შექმნა დავიწყე.

- როგორ აისახა ეპიდემია ქართველ დიზაინერებზე? - მაღაზია "ჯორჯიან დიზაინერს რუმში" რვა დიზაინერი ვიყავით, მაგრამ კარანტინის შემდეგ ხუთნი დავრჩით. რამდენიმე წავიდა, რადგან ქირა ვერ გადაიხადეს. იმედი მაქვს, გაყიდვა განახლდება და ვითარებაც გაუმჯობესდება. ჩვენთან საქონელს, ძირითადად, ტურისტები ყიდულობდნენ. ეპიდემიამდე თვეში 20-30 ჩანთა იყიდებოდა. ახლა მაღაზიები გაიხსნა, მაგრამ ხალხი მაინც ცოტაა - დღეში ერთი-ორი კლიენტი შემოდის. თუ ტურისტები არ იქნებიან, მთლიანად ონლაინგაყიდვებზე გადავალ. ჩვენს საქმეში მთავარი სირთულე მასალაა. საქართველოში ხარისხიანი მასალა არ შემოდის, ამიტომ იძულებული ვარ, უცხოეთიდან გამოვიწერო. რეკლამებზეც ეკონომიას ვაკეთებთ, რომ ნაკლები ხარჯი მქონდეს, თუმცა იმედი მაქვს, მალე ყველაფერი ძველებურად იქნება, ადამიანები სამსახურებს დაუბრუნდებიან და ქალბატონებს ისევ მოუნდებათ კარგი ჩანთები, რადგან ჩანთა ქალის სტატუსის განმსაზღვრელია.

"Éthéré Accessoire-ს ინსპირაცია დახვეწილი, მოდური, სადა, ინტელექტუალი ქალბატონია, რომელიც არ უშინდება სიახლეებს და მზად არის ექსპერიმენტებისთვის"

Éthéré Accessoire 2016 წლიდან ქალბატონების ერთ-ერთი საყვარელი ბრენდი გახდა. გვანცა თუთბერიძე კომპანიის კრეატიული დიზაინერია.

გვანცა თუთბერიძე: - ჩვენი ბრენდი აერთიანებს ქალბატონებისთვის საჭირო ყველანაირ აქსესუარს. დიზაინერის შემოქმედებაში შთაგონება მნიშვნელოვანია. Éthéré Accessoire-ს ინსპირაცია დახვეწილი, მოდური, სადა, ინტელექტუალი ქალბატონია, რომელიც არ უშინდება სიახლეებს და მზად არის ექსპერიმენტებისთვის.

- ბევრ ქალბატონს თქვენმა ბრენდმა შეაყვარა ჩალის ქუდები. როდესაც ქმნით ახალ კოლექციას, არ გეშინიათ, რომ შეიძლება არ გაგიმართლოთ?

- ჩვენი პროდუქცია შექმნის დღიდანვე აქტუალური გახდა ქართულ თუ უცხოურ ბაზარზე. ადვილად შეამჩნიეს და შეიყვარეს, როგორც განსხვავებული პროდუქტი. რა თქმა უნდა, ყველა კოლექციის შექმნას თან სდევს შიში - როგორ მიიღებს მას მომხმარებელი, მოეწონება თუ არა, პრაქტიკული იქნება თუ არა... მიხარია, რომ თითოეული დეტალი, რომლითაც Éthéré-ს აქსესუარი იქმნება, აღფრთოვანებას იწვევს და სწრაფად იყიდება.

- გაყიდვების მოცულობა თუ შემცირდა და ფასებზე თუ იმოქმედა ეპიდემიამ? - პანდემიის პერიოდმა, ყველა დიზაინერის მსგავსად, ჩვენზეც იმოქმედა. დაიკეტა ყველა მაღაზია, შეწყდა ონლაინგაყიდვა, საფოსტო მომსახურება... ყველაფერს ისიც ართულებდა, რომ შეუძლებელი გახდა მასალის დროულად მიღება, რამაც დიდი გავლენა მოახდინა 2020 წლის კოლექციაზე. გაყიდვის მასშტაბის შემცირებამ კოლექციის არაგეგმური ფასდაკლება გამოიწვია. აღარ იყო მოთხოვნა გამოსასვლელ აქსესუარებზე და ჩვენც ე.წ. Home style-ზე გადავედით.

- თუ შეიქმნა ახალი პროდუქცია, რომელიც ჩვენს ახალ რეალობას მოერგება და რა იქნება მოდური 2020 წლის ზაფხულში? - ყველაფრის მიუხედავად, გონებრივი დასვენების საშუალება მომეცა. შედეგად გაჩნდა ახალი იდეები და მეც ეს პერიოდი სწორედ მათ განსავითარებლად გამოვიყენე. ამ პერიოდში შეიქმნა ერთ-ერთი გამორჩეული კოლექცია, რომელიც სულ მალე გაჩნდება კონცეპტუალურ მაღაზიებში. წელს მოდური იქნება კრემისფერი, შავი, თეთრი ფერის ზაფხულის ქუდები დახრილი, ასიმეტრიული ფარფლით. ისევ ტრენდია ჩალის კლასიკური ქუდები, ჭილის, რაფის ჩალმები, რომლებსაც ჩვენს კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ასევე ჩალის თმის სამაგრები, ბუნებრივი ქვებით შექმნილი ყელსაბამები და სამაჯურები, ქართული შავი გიშრის საყურეები, ბეჭდები მეტალით და შერეული ბუნებრივი ქვებით, მარგალიტებით, ვერცხლისფერი და ოქროსფერი ლითონის აქსესუარები, როგორც ვინტაჟური, მომცრო, ასევე - დიდი ზომის.